ახალი ამბები

მე საქართველოს დაცვაზე ვსაუბრობდი, „ოცნებამ“ კი გამოიყვანა, თითქოს დაპყრობისკენ მოვუწოდებდი — არესტოვიჩი

1 დეკემბერი, 2022 • 890
მე საქართველოს დაცვაზე ვსაუბრობდი, „ოცნებამ“ კი გამოიყვანა, თითქოს დაპყრობისკენ მოვუწოდებდი — არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს საზღვრების დაცვაზე საუბრობდა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყვანა, თითქოს ქვეყნის დაპყრობისკენ მოუწოდებდა.

ФЕЙГИН LIVE-თან ინტერვიუს დროს არესტოვიჩს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მისი აზრით, ჩაერევა თუ არა უკრაინა ან/და ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საკითხში.

მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას მან რამდენჯერმე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და დასძინა:

„მე მანამდე ვთქვი ინტერვიუში, რომ უკრაინის დავალებაა, დაიცვას საქართველო რუსეთის მიერ მათი ტერიტორიულ მთლიანობის დარღვევისგან, მათ კი რატომღაც ჩათვალეს, — და ეს იყო სახელმწიფოს პირველ პირთა მხრიდან გაკეთებული განცხადებები, — რომ არესტოვიჩმა მოუწოდა, საქართველო დავიპყროთო.

საინტერესო აზრია. თუ ადამიანებს გონება ასე დაბინდული აქვთ და ბოლომდე ადეკვატურები არ არიან, მე ვფიქრობ, რომ ჩნდება კითხვა – რას ფიქრობენ ისინი ისეთ მკაფიო პიროვნებაზე, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი“.


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა ALPHA MEDIA-ს Youtube არხზე, პირველ ოქტომბერს გასულ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის როლზე ახალ მსოფლიო დღის წესრიგში.

გადაცემის წამყვანმა იური რომანენკომ გაახმიანა მოსაზრება, რომ რუსეთი ემზადება მთელი საქართველოს ანექსიისთვის და დაინტერესდა, საქართველოში რუსების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობა „სიტუაციის შიგნიდან ასაფეთქებლად“ ხომ არ იქნება გამოყენებული.

არესტოვიჩმა „კატასტროფა“ უწოდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შედინებას იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა“.

„კვლავ კორუმპირებული პოლიცია, თავად ქართველები ამბობენ, რომ ისევ ყველაფერი იყიდება… ეს, ცხადია, გრანდიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. წარმომიდგენია, სიმწრით თმებს როგორ იგლეჯენ პატრიოტულად განწყობილი ადამიანები სპეცსამსახურებში, მთავრობაში… ამდენად, ჩვენ იქ ძალის პროეცირებას მოვახდენთ, მოგვიწევს ქართველების ხსნა, მოლდოვის, სომხეთის და ყველას შველა.

ეს კარგი ისტორიაა. იმიტომ, რომ მილიონ ჩვენს ნაომარ გოგო-ბიჭებს ყოველთვის გამოუჩნდება საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები იქნება ეს, სტაბილიზაციის თუ ჰუმანიტარული ოპერაციები — ყველაფერს დასჭირდება წესრიგში მოყვანა“, — განაცხადა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩს მანამდეც აკრიტიკებდა „ოცნება“ და ამ განცხადების შემდეგაც ოფიციალურმა პირებმა არესტოვიჩის გამოსვლებს „კრიმინალური“ უწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი