ახალი ამბები

არესტოვიჩი თანამდებობას ტოვებს

17 იანვარი, 2023 • 1446
არესტოვიჩი თანამდებობას ტოვებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი გადადგა.

გადადგომა უკავშირდება დნიპროს დაბომბვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. არესტოვიჩმა თქვა, რომ რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ანტისაჰაერო სისტემამ ჩამოაგდო. მეორე დღეს მან თავისივე განცხადება უარყო და ბოდიში მოიხადა.

„მინდა ცივილიზებული საქციელის მაგალითი ვაჩვენო: პრინციპული შეცდომა დავუშვი, შესაბამისად, უნდა გადავდგე“, – აცხადებს არესტოვიჩი და გადადგომის შესახებ განცხადების ფოტოს ავრცელებს.

ორი დღის წინ რუს ოპოზიციონერ უფლებადამცველ და ბლოგერთან, მარკ ფეიგინთან ინტერვიუში არესტოვიჩმა ისაუბრა დნიპროში რუსეთის მიერ 9-სართულიანი კორპუსის დაბომბვის შესახებ.

მან თქვა, რომ რუსული რაკეტა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო და კორპუსის სადარბაზოსთან დაეცა.

ამ განცხადების გამო არესტოვვიჩი მკაცრად გააკრიტიკა დნიპროს მერმა, განცხადება მალევე ოფიციალურად უარყო უკრაინულმა მხარემ, მათ შორის, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტის, ნიკოლაი ოლეშჩუკის თქმით, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინა Х-22 ტიპის რაკეტებით დაბომბა. 5 რაკეტიდან ერთ-ერთი კი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რასაც 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოლეშჩუკი ასევე დასძენს, რომ უკრაინას არ აქვს ასეთი რაკეტების ჩამოგდებისთვის საჭირო შეიარაღება.

გადადგომამდე არესტოვიჩმა საჯარო ბოდიში მოიხადა არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო. მან თქვა, რომ დაუშვა სერიოზული შეცდომა.

„მთელი გულით ვუხდი ბოდიშს დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს, დნეპრის მცხოვრებლებსა და ყველას, ვისთვისაც მტკივნეული იყო ეს მცდარი, წინასწარი ინფორმაცია რუსეთის მიერ საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შესახებ“, – წერს არესტოვიჩი ვრცელ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი