ახალი ამბები

კარგი იქნება, მსგავსი კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს – ბრეგაძე არესტოვიჩზე

21 ოქტომბერი, 2022 • 765
კარგი იქნება, მსგავსი კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს – ბრეგაძე არესტოვიჩზე

„ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებისა და თანამდებობის პირების კვალდაკვალ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს და „კრიმინალურ განცხადებას“ უწოდებს მის ერთ-ერთ ბოლო ნათქვამს საქართველოზე.

„უბრალოდ, კარგი იქნება, უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს“, – განაცხადა მინისტრმა ბრეგაძემ 21 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბრეგაძის თნახმადვე,  „ნებისმიერმა ადამიანმა, – მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, ვინმეს რამე ურჩიოს, – უნდა იცოდეს, რომ საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა“.

„ამ ადამიანმა, სავარაუდოდ, ამის შესახებ არაფერი იცის. სჯობს და ბუნებრივია, რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე რთული იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველო მაქსიმუმს აკეთებს, რათა „გვერდით დაუდგეს უკრაინელ ხალხს, დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან, საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული“.

„ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპს ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა ALPHA MEDIA-ს Youtube არხზე, 1-ელ ოქტომბერს გასულ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის როლზე ახალ მსოფლიო დღის წესრიგში.

გადაცემის წამყვანმა იური რომანენკომ გააჟღერა მოსაზრება, რომ რუსეთი ემზადება მთელი საქართველოს ანექსიისთვის და დაინტერესდა, საქართველოში რუსების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობა „სიტუაციის შიგნიდან ასაფეთქებლად“ ხომ არ იქნება გამოყენებული.

არესტოვიჩმა „კატასტროფა“ უწოდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შედინებას იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა“.

„კვლავ კორუმპირებული პოლიცია, თავად ქართველები ამბობენ, რომ ისევ ყველაფერი იყიდება… ეს ცხადია გრანდიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. წარმომიდგენია, სიმწრით თმებს როგორ იგლეჯენ პატრიოტულად განწყობილი ადამიანები სპეცსამსახურებში, მთავრობაში… ამდენად, ჩვენ იქ ძალის პროეცირებას მოვახდენთ, მოგვიწევს ქართველების ხსნა, მოლდოვის, სომხეთის და ყველას შველა.

ეს კარგი ისტორიაა. იმიტომ რომ მილიონ ჩვენს ნაომარ გოგო-ბიჭებს, ყოველთვის გამოუჩნდება საქმე პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები იქნება ეს, სტაბილიზაციის თუ ჰუმანიტარული ოპერაციები — ყველაფერს დასჭირდება წესრიგში მოყვანა“, — განაცხადა არესტოვიჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი