ახალი ამბები

არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს

1 ნოემბერი, 2023 • 2402
არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტად იყრის კენჭს

ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, აპირებს, კენჭი იყაროს უკრაინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნეზე.

„დიახ, დავაყენებ ჩემს კანდიდატურას“, – უთხრა მან „ინტერფაქს-უკრაინას“. როდის ჩაივლის არჩევნები, ჯერ უცნობია – წესით, 2024-ის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა მათი დანიშვნა, საომარი მდგომარეობის გამო, ჯერ არ მომხდარა.

არესტოვიჩი სრულმასშტაბიანი ომის პირველ წელიწადში უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სპიკერი იყო, თუმცა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც განაცხადა, რომ ქალაქ დნიპროში კორპუსის აფეთქება უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გაუშვეს.

ბოლო ხანს იგი მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებმა უკრაინა რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მისივე თქმით, ახლანდელი მოცემულობით, ვერ მოახერხებს რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებას და ტერიტორიების დეოკუპაციას.

ამასთან ერთად, არესტოვიჩის წინააღმდეგ ამჟამად გამოძიებაც მიმდინარეობს. მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა რადის დეპუტატმა ინა სოვსუნმა.

დეპუტატის განცხადებით, პოლიციამ აცნობა სასამართლომდელი გამოძიების დაწყების შესახებ, ხოლო საქმე გადასცეს კიევის პროკურატურას. სოვსუნმა არესტოვიჩს 25 სექტემბრის გამოსვლის გამო უჩივლა – მასში არესტოვიჩმა ქალთმოძულეობრივი განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ ეს „არსებები“ [ქალები] ჯერ უნდა გაჟიმო, შემდეგ გააბრაზო და ბოლოს გაუჩერებლად დაახრჩო“, აღნიშნავს „მედუზა“.

სოვსუნმა მიიჩნია, რომ არესტოვიჩმა დაარღვია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი – ძალადობის და სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური ზიზღის და დისკრიმინაციის შემცველი ნაწარმოებების გავრცელება.

მასალების გადაბეჭდვის წესი