ახალი ამბები

კობახიძე პოდოლიაკს, არესტოვიჩს და არახამიას წარსულში ოლიგარქებთან კავშირში ადანაშაულებს

20 მაისი, 2022 • 1711
კობახიძე პოდოლიაკს, არესტოვიჩს და არახამიას წარსულში ოლიგარქებთან კავშირში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ომში ჩაბმა უნდა. კობახიძის განცხადებით, ამის შესახებ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო განცხადებებით საუბრობენ:

„სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმს, ეს არ იქნება დაშვებული ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ამ კუთხით პოზიცია უცვლელია და გავყვებით მოქმედებას. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ ღიად დააფიქსირეს რომ სურთ საქართველო იხილონ იმ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინაა. პირდაპირ თქვეს, რომ სამხედროებს უნდა ჰქონდეთ სხვა საქმეც გარდა უკრაინელი ქალების და ბავშვების დახოცვისა, ანუ ეს არის ქართველი ქალებისა და ბავშვების დახოცვა. ეს თქვა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა. ანალოგიური განცხადება გააკეთეს პოდოლიაკმა არესტოვიჩმა და სხვებმა“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ საქართველოს იმავე მდგომარეობაში ხილვა სურთ, როგორშიც ახლა უკრაინაა. რუსეთთან ომში მყოფი ქვეყანა კი კობახიძის შეფასებით ასე გამოიყურება:

„ღია ტექსტით საუბრობენ, რომ სურთ საქართველო იხილონ იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც უკრაინაა და მე შეგახსენებთ რა მდგომარეობაშია დღეს უკრაინა. უკრაინაში რუსული ოკუპაციის არეალი არის უკვე 3-4 ჯერ გაფართოებული, ეკონომიკური პროგნოზით 45%-იანი ვარდნაა, დაახლოებით 90-იან წლებს უბრუნდება უკრაინა ერთ წელიწადში. ჰუმანიტარული – დაახლოებით 12.5 მილიონი უკრაინელი თავის საცხოვრებელ სახლში აღარ ცხოვრობს მათ შორის დაახლოებით 4.5 მილიონი ქვეყნიდანაა გასული და პოლიტიკურად უაღრესად დამძიმებული ვითარება, ღია ტექსტებით საუბარი რომ ნატო აღარ აინტერესებთ. ეს არის უკრაინის მდგომარეობა. როდესაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ იგივე მდგომარეობაში უნდათ საქართველოს ხილვა, ბუნებრივია რეაქცია უნდა გვქონდეს და ეს რეაქცია ვერ იქნება პოზიტიური და ვერ იქნება რბილი“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მან უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლები, პოდოლიაკი და არესტოვიჩი, ასევე ზელენსკის პარტიის ლიდერი პარლამენტში დავით არახამია, წარსულში ოლიგარქებთან კავშირში დაადანაშაულა.

“იგივე პოდოლიაკი, არესტოვიჩი არახამია და სხვები, ყველას წარსული არის დაკავშირებული მძიმე მოვლენებთან ერთი არის იანუკოვიჩთან დაკავშირებული, მეორე – მეორე ოლიგარქთან, მესამე – მესამესთან რაც მათ დღევანდელობასაც განაპირობებს… ზედმეტად სიღრმეში ვერ შევალთ, იმიტომ რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, მაგრამ მათი განცხადებების შეფასებისას, მათი წარსულიც უნდა გავიხსენოთ, რადგან პირდაპირი კავშირია”, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი