ახალი ამბები

არ ვიცი, დიპლომატიურ-კულტურული თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის – წულუკიანი არესტოვიჩზე

21 ოქტომბერი, 2022 •
არ ვიცი, დიპლომატიურ-კულტურული თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის – წულუკიანი არესტოვიჩზე

„მე არ ვიცი, ამას დიპლომატიურ-კულტურული, ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის თუ რა ეკუთვნის, იმიტომ, რომ გამაოგნებელია ასეთი განცხადებები მაღალი ჩინის მქონე თანამდებობის პირის მხრიდან“, – ასე ეხმიანება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას.

წულუკიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას გარკვეული თმენის ვალდებულება აქვს, „უკრაინელი ვითომ მეგობრის სურვილის საწინააღმდეგოდ“ ქვეყანაში ომი არ დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში უკრაინელ ხალხზე, ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე… იზრუნონ სწორედ უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც დღენიადაგ ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული. რა თქმა უნდა, ჩვენ თმენის გარკვეული ვალდებულება გვაქვს, იმიტომ, რომ უკრაინაში ომია, მაგრამ ასევე გვაქვს ვალდებულებები ჩვენი ხალხის წინაშე.

პირველი ვალდებულება, რომელსაც ჩვენ პირნათლად ვასრულებთ და შევასრულებთ, არის ის, რომ ზოგიერთი უკრაინელის ვითომ მეგობრის სურვილის საწინააღმდეგოდ, ამ ქვეყანაში ომი არასდროს არ ატყდება და რაც არ უნდა მათ ეს სურდეთ, ჩვენ არასდროს არ გავისვრით“, – განაცხადა წულუკიანმა.

რა თქვა არესტოვიჩმა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა  ALPHA MEDIA-ს Youtube არხზე, 1-ელ ოქტომბერს გასულ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის როლზე ახალ მსოფლიო დღის წესრიგში.

გადაცემის წამყვანმა იური რომანენკომ გაახმიანა მოსაზრება, რომ რუსეთი ემზადება მთელი საქართველოს ანექსიისთვის და დაინტერესდა, საქართველოში რუსების მნიშვნელოვნად გაზრდილი რაოდენობა „სიტუაციის შიგნიდან ასაფეთქებლად“ ხომ არ იქნება გამოყენებული.

არესტოვიჩმა „კატასტროფა“ უწოდა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შედინებას იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს პრორუსულ ხელისუფლებას არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა“.

„კვლავ კორუმპირებული პოლიცია, თავად ქართველები ამბობენ, რომ ისევ ყველაფერი იყიდება… ეს, ცხადია, გრანდიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. წარმომიდგენია, სიმწრით თმებს როგორ იგლეჯენ პატრიოტულად განწყობილი ადამიანები სპეცსამსახურებში, მთავრობაში… ამდენად, ჩვენ იქ ძალის პროეცირებას მოვახდენთ, მოგვიწევს ქართველების ხსნა, მოლდოვის, სომხეთის და ყველას შველა.

ეს კარგი ისტორიაა იმიტომ, რომ მილიონ ჩვენს ნაომარ გოგო-ბიჭებს ყოველთვის გამოუჩნდება საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები იქნება ეს, სტაბილიზაციის თუ ჰუმანიტარული ოპერაციები — ყველაფერს დასჭირდება წესრიგში მოყვანა“, — განაცხადა არესტოვიჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი