ახალი ამბები

კლინიკური კვლევა: ალცჰაიმერის ექსპერიმენტული წამალი „იმედის მომცემია“

30 ნოემბერი, 2022 • 987
კლინიკური კვლევა: ალცჰაიმერის ექსპერიმენტული წამალი „იმედის მომცემია“

მესამე ფაზის კლინიკური კვლევების შედეგები უჩვენებს, რომ ექსპერიმენტული მედიკამენტი „ლეკანემაბს“ „პოტენციალი გააჩნია“ ალცჰაიმერის დაავადებასთან მკურნალობაში. ამავე დროს, მისი გვერდითი ეფექტები შეიცავს უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს.

კლინიკური კვლევების შედეგები, – რასაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდა სამედიცინო საზოგადოება, – 29 ნოემბერს გამოქვეყნდა „ნიუ ინგლენდის მედიცინის ჟურნალში“.

კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე ორი თვით ადრე წამლის მწარმოებლებმა, Biogen-მა და Eisai-მ განაცხადეს, რომ მედიკამენტი დაავადების პროგრესირების მაჩვენებელს 27%-ით ამცირებდა.

ალცჰაიმერის ასოციაციამ განაცხადა, რომ მიესალმება კვლევის შედეგებს და ის „იმედის მომცემად“ შეაფასა.

მესამე ფაზის კვლევა 2019 წლის მარტიდან 2021 წლის მარტამდე მიმდინარეობდა 235 კლინიკაში ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. მასში მონაწილეობდა 1795 ზრდასრული ადამიანი, 50-დან 90 წლის ასაკამდე. მათი დაავადება განვითრების ადრეულ სტადიაზე იყო.

კვლევის მონაწილეთა ნახევარი ლეკანემაბს ინტრავენულად იღებდა ყოველ ორ კვირაში, ნაწილი კი – პლაცებოს.

მკვლევრების თანახმად, კვლევის დასაწყისში მონაწილეთა ორივე ჯგუფს „დემენციის რეიტინგი 3.2-ზე ჰქონდათ“ – ადრეულ ეტაპზე (რაც უფრო მეტია რიცხვი, მით უფრო მაღალია კოგნიტური დაქვეითება).

18 თვეში ლეკანემაბის მიმღებთა ჯგუფის მაჩვენებელი 1.21-ით გაიზარდა, პლაცებოს მიმღებთა მაჩვენებელი კი – 1.66-ით.

ლეკანემაბი უტევს ბეტა ამილოიდს – ტოქსიკური თვისებების მქონე პროტეინს, რომელიც თავის ტვინზე ახდენს დამაზიანებელ ზემოქმედებას და ალცჰაიმერით დაავადებულთა ტვინებში გროვდება.

რაც შეეხება რისკებს – წამლის მიღების შემდეგ თავის ტვინში სისხლდენა განუვითარდა მონაწილეთა 17%-ს; მონაწილეთა 7%-ს მოუწია, მედიკამენტის მიღება შეეწყვიტა.

ამჟამად ალცჰაიმერით დაავადებულები მხოლოდ სიმპტომებზე მკურნალობენ – დაავადების განვითარებაზე ზემოქმედება ვერ ხერხდება.

მწარმოებელი კომპანია აცხადებს, რომ გეგმავს, შეერთებულ შტატებში მედიკამენტი 2023 წლის მარტისთვის დამტკიცდეს, „სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ“ (FDA-მ) ლეკანემაბს „პრიორიტეტულად განსახილველის“ სტატუსი მიანიჭა.

ალცჰაიმერი დემენციის (ტვინის ორგანული დაზიანება) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც დემენციის შემთხვევების 60-80%-ში ვლინდება და იწვევს დარღვევებს მეხსიერებაში, ფიქრის უნარსა და ქცევაში.

როგორც წესი, დაავადების სიმპტომები ნელ-ნელა ვლინდება და საბოლოოდ უარესდება ისე, რომ ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ მარტივ საქმეებში. ეს იმითაა გამოწვეული, რომ დაავადება ნერვული კვანძების დეგრადაციას იწვევს, რის გამოც ტვინს სხეულთან „კომუნიკაცია“ უჭირს.

მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერის დაავადება, უმეტესწილად, 65 წელს ზემოთ ადამიანებს უვლინდებათ, დაავადება ასაკის მატების თანდართული პროცესი არ არის. ალცჰაიმერის მსოფლიო ასოციაციის ინფორმაციით, 65 წლამდე ასაკის დაახლოებით 200 ათას ამერიკელს აქვს ალცჰაიმერის საწყისი სიმპტომები.

ალცჰაიმერის დაავადება დღესდღეობით არ იკურნება, თუმცა მის სიმპტომებთან ბრძოლა და ამის შედეგად დაავადების პროგრესირების შენელება შესაძლებელია. დღესდღეობით, მსოფლიოში დემენციის დიაგნოზი დაახლოებით 47 მილიონ ადამიანს აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი