ახალი ამბები

კაცი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს

4 აპრილი, 2024 • 1918
კაცი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს

62 წლის ამერიკელი კაცი, რომელსაც ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს, საავადმყოფოდან გაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ექიმებმა ადამიანს ღორის თირკმელი გადაუნერგეს, თუმცა წარსულში გამოუყენებიათ ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული სხვა ორგანოები, მაგრამ პროცედურა წარმატებული არ ყოფილა.

BBC-ის ცნობით, მასაჩუსეტსის საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ რიჩარდ სლეიმენს ოთხსაათიანი ოპერაცია 16 მარტს ჩაუტარდა. პაციენტს თირკმლის დაავადების ბოლო სტადია ჰქონდა. ექიმების განცხადებით, ოპერაციიდან ორ კვირაში 62 წლის კაცი სახლში გაწერეს და დიალიზი აღარ ესაჭიროება.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სლეიმენს 2018 წელს უკვე ჰქონდა გადანერგილი თირკმელი ადამიანი დონორისგან, თუმცა ორგანომ სათანადოდ ფუნქციონირება გასულ წელს შეწყვიტა, რის შემდეგაც ექიმებმა მისთვის ღორის თრიკმლის გადანერგვის გადაწყვეტილება მიიღეს:

„მე ამას ვხედავდი როგორც არა ჩემი დახმარების გზას, არამედ იმედს იმ ათასობით ადამიანისთვის, ვისაც გადარჩენისთვის ტრანსპლანტაცია სჭირდება“ ,— აცხადებს პაციენტი.

BBC-ის თქმით, ღორის თირკმელი, რომელიც პაციენტს გადაუნერგეს, კემბრიჯულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ eGenesis-მა დაამუშავა და „მოაშორა ღორის მავნე გენები, რომლებიც ადამიანის გენებით ჩაანაცვლა, რათა თავსებადი ყოფილიყო ადამიანისთვის.“

პროცედურის ჩატარება ნებადართული იყო ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის მიერ პროტოკოლის ფარგლებში, რომელიც პაციენტებს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ექსპერიმენტული მკურნალობა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დაახლოებით 100 000 ადამიანს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასიცოცხლოდ ესაჭიროება ორგანოს გადანერგვა და ყოველდღიურად დაახლოებით 17 ადამიანი იღუპება ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა სიაში. თირკმელი კი ყველაზე გავრცელებული ორგანოა ტრანსპლანტაციის საჭიროების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი