ახალი ამბებისაზოგადოება

დღეში 2200+ ნაბიჯის გადადგმა ნაადრევი სიკვდილისგან გიცავთ – კვლევა

6 მარტი, 2024 • 1351
დღეში 2200+ ნაბიჯის გადადგმა ნაადრევი სიკვდილისგან გიცავთ – კვლევა

კვლევის მიხედვით, რომელიც “სპორტული მედიცინის ბრიტანულმა ჟურნალმა” 5 მარტს გამოაქვეყნა, 2200-დან 10000-მდე ნაბიჯის გავლა ყოველდღიურად ამცირებს გულის დაავადებების განვითარებისა და ნაადრევი სიკვდილის რისკებს.

რისკები მცირდება იმისგან დამოუკიდებლად, დღის რა მონაკვეთს ატარებთ უმოქმედოდ.  სწორედ ეს არის ის უმთავრესი სიახლე, რაც ამ კვლევამ მოიტანა.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ფეხით სიარული კარგი საშუალება იყოჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და სიკვდილიანობის შესამცირებლად. ითვლებოდა, რომ ყოველდღიურად უმოქმედოდ გატარებული დროის დიდი მონაკვეთი პირდაპირ კავშირში იყო ნაადრევი სიკვდილის რისკთან. ამ კვლევით კი დადასტურდა, რომ არსებითია გარკვეული ინტენსივობის აქტივობა ყოველდღიურად და ეფექტზე გავლენას აღარ ახდენს, დღის დარჩენილ ნაწილს აქტიური რჩებით, ზიხართ თუ წევხართ.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ნაადრევი სიკვდილის ყველაზე დაბალი რისკი იმ ადამიანებში იყო, ვინც ყოველდღიურად 9000-დან 10500 ნაბიჯს გადიოდნენ.

რაც შეეხება ინსულტსა და გულის შეტევას, ამის ყველაზე დაბალი რისკი გამოვლინდა ადამიანებში, რომლებიც დღეში დაახლოებით 9700 ნაბიჯს გადიოდნენ.

კვლევას სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. გააანალიზეს 70 000-ზე მეტი ადამიანის (საშუალოდ 61 წლის ასაკის) მონაცემები დიდი ბრიტანეთის ბიო-ბანკიდან, რომელიც თავის მხრივ ბიო-სამედიცინო მონაცემთა ბაზაა და კვლევითი რესურსი, რომელიც აერთიანებს გენეტიკურ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სიღრმისეულ მონაცემებს გაერთიანებული სამეფოს ნახევარ მილიონამდე მოქალაქის შესახებ.

მონაწილეები 2006-დან 2020 წლამდე შუალედში იღებდნენ მონაწილეობას კვლევაში. ატარებდნენ აქსელერომეტრს, რომ დადგენილიყო მათი ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა. მომდევნო შვიდწლიანი დაკვირვების მანძილზე დაფიქსირდა 1633 სიკვდილის, 6190 ინსულტისა და გულის შეტევის შემთხვევა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რომ ყოველდღიურად საშუალოდ 9000-10500 ნაბიჯის გავლა ნაადრევი სიკვდილის რისკს 39%-ით ამცირებს.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგებმა ასევე აჩვენა, 2200-ზე მეტი ნაბიჯის გავლა ყოველდღიურად, დაკავშირებულია სიკვდილიანობისა და გულის დაავადებების შემცირებასთან, დღის დანარჩენ ნაწილს ადამიანი უმოქმედოდაც რომ ატარებდეს. ცხადი გახდა ისიც, რომ მით უფრო იზრდება სარგებელი, რაც უფრო მეტ ნაბიჯს გადიან ადამიანები.

„მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ ფიზიკური აქტივობა. კვირაში 150 წუთი ზომიერი დატვირთვის ვარჯიშითაც შესაძლებელია გულისა და სისხლის მიმოქცევის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი აქტივობა, რომელიც თქვენი ცხოვრების სტილს შეესაბამება, რეგულარული სეირნობა, დარბაზში ვარჯიში, ან თუნდაც ერთი გაჩერებით ადრე ჩამოსვლა ავტობუსიდან”, – ამბობს ჯული უარდი, “ბრიტანეთის გულის ფონდის” უფროსი მედდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი