ახალი ამბები

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფასადის აღსადგენად — ხმალაძე “მიონის” მოზაიკაზე

16 ნოემბერი, 2022 • 1152
ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ფასადის აღსადგენად — ხმალაძე “მიონის” მოზაიკაზე

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრესთან, რომლის ფასადზე არსებული მოზაიკაც ფანჯრების ამოჭრის შედეგად მკვეთრად შეილახა.

ხმალაძის თქმით, მოზაიკით მოპირკეთებულ ფასადს “არ აქვს მინიჭებული ისტორიული ძეგლის სტატუსი” და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ისტორიული ძეგლისთვის დადგენილი რეგლამენტი.

“[მასზე] ვრცელდება სტანდარტული სანებართვო რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ფასადზე ღობის გამოჭრა არის პირველი კლასის მშენებლობა, რომელსაც არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა. არის შეტყობინებით შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან, რომელიც მოხდა 2018 წელს.

ამ შემთხვევაში, თუ ამ ფასადს ექნებოდა ისტორიული ძეგლის სტატუსი, ცხადია, მასზე გავრცელდებოდა უფრო მკაცრი რეგლამენტი და უფრო მეტი ინსტანციისა და ეტაპის გავლა მოუწევდა ნებართვის მისაღებად, თუმცა, ვინაიდან არ არის ეს სტატუსი, მასზე გავრცელდა სტანდარტული რეჟიმი”, — დასძინა მან.

ხმალაძის თქმით, მოზაიკის ვიზუალიდან და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, “მერია აწარმოებს მოლაპარაკებას მესაკუთრესთან იმ მიზნით, რომ მოხდეს ფასადის აღდგენა”.

“შეხვედრა დანიშნულია ხვალ, პირადად მე შევხვდები და ინფორმაციას დამატებით შეგატყობინებთ”, — დასძინა მან.

მიკროტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტისა და “მიონის” ქარხნის ყოფილ შენობაზე დატანილი მოზაიკა 70-იან წლებს განეკუთვნება, მისი ავტორი კი კუკური წერეთელია.

ქართული მოზაიკის განვითარების და მხარდაჭერის ფონდის “რიბირაბო” თანადამფუძნებლის, ნატალია ამირეჯიბის სიტყვებით, თბილისში არსებულ ათეულობით მოზაიკას შორის “მიონის” მოზაიკა ერთ-ერთი იყო, რომელიც ფონდმა მერიის თხოვნით შეარჩია ტურისტულ კატალოგში შესატანად.

“პროექტში არის ნახაზი, სადაც ეს მოზაიკა არის ასახული. [შეუძლებელია], ვერ დაინახო, სად გთავაზობს მესაკუთრე ფანჯრების გაჭრას. იმდენად ცხადია, რომ მერიის ნებისმიერ თანამშრომელს უნდა გასჩენოდა ეს კითხვა…” — ეუბნება ამირეჯიბი “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, ფანჯრების გამოჭრის შედეგად მოზაიკური ნაწარმოების ორიგინალური კომპოზიცია მთლიანად დაირღვა და შეგვიძლია ვისაუბროთ არა მხოლოდ ზიანზე, არამედ მის “სრულ განადგურებაზე”.

ვრცლად:

მოზაიკა საქართველოში – ისტორიული მემკვიდრეობა თუ საბჭოთა სიმბოლიკა 

მასალების გადაბეჭდვის წესი