ახალი ამბები

პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, დამნაშავე ვარო — ადვოკატი „გრინსერვის+“-ის დირექტორზე

14 ოქტომბერი, 2022 •
პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, დამნაშავე ვარო — ადვოკატი „გრინსერვის+“-ის დირექტორზე

ვაკის პარკის რეაბილიტაციის განმახორციელებელი კომპანია „გრინსერვის+“-ის დირექტორისა და ერთ-ერთი მფლობელის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ვაკის პარკში მომხდარზე პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა „არ უთქვამს, დამნაშავე ვარო“.

„რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ მას არ უთქვამს, მე დამნაშავე ვარო“, – განუცხადა ადვოკატმა ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს 14 ოქტომბერს.

კითხვაზე, ელოდება ელოდება თუ არა, რომ ფურცხვანიძეს ბრალს წაუყენებენ, თქვა: „არ ველოდები… არ არის საკმარისი მტკიცებულებები“.

„დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით“, – თქვა მან.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში გადავარდნილი ბურთის ამოსაღებად წყალთან მისული 13 წლის გოგო დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, მასთან ერთად დაშავებული 2 მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისის მერიამ აგვისტოს ბოლოს ოფიციალურად ჩაიბარა ვაკის პარკში შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხოლო 12 ოქტომბერს, – დენის დარტყმის წინა საღამოს, – პარკის ეს ნაწილი საზეიმო გაიხსნა.

რეაბილიტაციაში ჩართული კომპანიის, „გრინსერვისის“ 33%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ 13 ოქტომბერს, პოლიციაში გამოკითხვაზე მისულმა განუცხადა: „მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი“. მას ჯერჯერობით სხვა არაფერი უთქვამს.

„გრინსერვისის“ მეწილეები, მათ შორის ფურცხვანიძე, წლების წინ ფულის გათეთრებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.

პოლიციაში ამ დრომდე გამოკითხვაზე არიან ფურცხვანიძის თანამშრომლები და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი.

გამოძიება მიმდინარეობს სამუშაოების ელექტროენერგიის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას მუხლით. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი