ახალი ამბები

ადვოკატი: შინაპატიმრობით ჩაუნაცვლდა სასჯელი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდადებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს

13 თებერვალი, 2024 • 720
ადვოკატი: შინაპატიმრობით ჩაუნაცვლდა სასჯელი ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე მსჯავრდადებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ნასამართლევ გიორგი ვახტანგიშვილს სასჯელი შინაპატიმრობით ჩაუნაცვლდა.

როგორც ვახტანგიშვილის ადვოკატმა, კახაბერ წერეთელმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, შესაბამისი გადაწყვეტილება გუშინ პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამისმა კომისიამ მიიღო.

ადვოკატის ცნობით, კანონით ვახტანგიშვილს, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევს, სასჯელის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ ჰქონდა შინაპატიმრობაში გადაყვანის თხოვნის საშუალება. წერეთლის თქმით, ვახტანგიშვილმა პატიმრობაში წელი და სამი თვე დაჰყო.

ვახტანგიშვილს 2023 წლის 10 ივლისს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, როცა შადრევანში შესული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა. ვახტანგიშვილს ბრალი 2022-ის ოქტომბერში წარედგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი