დღეს, 3 სექტემბერს, N6-ე პენიტენციურ დაწესებულებასთან გიორგი დავითაძის მშობლების ინიციატივით აქცია გაიმართა.

პატიმრის მშობლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ციხესთან დავითაძის მიმართ ჩადენილი სავარაუდო სექსუალური ძალადობა გააპროტესტეს და კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენეს.

კერძოდ, დავითაძის მშობლები მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძისა, და პენიტენციური სამსახურის დირექტორის, გიორგი პატარიძის, გადადგომას ითხოვენ.


პატიმარმა, გიორგი დავითაძემ, განაცხადა, რომ ციხეში ბადრაგებმა გააუპატიურეს. დავითაძის მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემული ჩვენების აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ ტელეგრამ არხებზე მითითებით გაავრცელა.

მალევე, სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა პატიმის ბრალდება უარყო და 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.

ოჯახი აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის გავრცელებული მასალა სრული არაა და პროკურორმა მათ 20 წუთამდე კადრები აჩვენა.