ახალი ამბები

გოლეთიანი: სამსახურიდან დისკრიმინაციულად გათავისუფლების გამო ომბუდსმენს მივმართავ

10 ოქტომბერი, 2022 • 1660
გოლეთიანი: სამსახურიდან დისკრიმინაციულად გათავისუფლების გამო ომბუდსმენს მივმართავ

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სამსახურიდან ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამოჩენილი აქტიურობის გამო გაათავისუფლეს. მან უკვე იჩივლა სასამართლოში და გეგმავს, სახალხო დამცველსაც მიმართოს.

ეს ამბავი თავდაპირველად „მთის ამბებმა“ გაავრცელა 7 ოქტომბერს.

ვარლამ გოლეთიანი, – რომელიც ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლაში გალობის ისტორიას 2020 წლიდან ასწავლიდა, – შემდეგ დეტალებს ყვება:

  • 7 სექტემბერს დაიბარეს ქუთაისის მერიაში, სადაც აღნიშნული სკოლის ზემდგომი ააიპ-ის, ქუთაისის კულტურულ – სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, ვაჟა ჯუღელი შეხვდა;
  • „შემომთავაზეს, გათავისუფლებაზე განცხადება მე თვითონ დამეწერა, რომ სიტუაცია თუ შეიცვლებოდა, – ალბათ, დირექტივა თუ შეიცვლებოდა, – უფრო ადვილად დამაბრუნებდნენ“;
  • „ჩავეძიე, ვინ დაგავალათ-მეთქი ამ გადაწყვეტილების მიღება და მპასუხობდნენ, შენც ხომ იცი, რატომ და როგორც არისო“;
  • „არაფორმალურ საუბარში მითხრეს, რომ გუბერნიიდან [სახელმწიფო რწმუნებულისგან] მიიღეს ეს დავალება. პირადად იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის დავალებაა ჩემი გათავისუფლება. ნამოხვანის ჰესების წინააღმდეგ აქტიურობის გამო გამიშვეს სამსახურიდან. სხვა არანაირი მოტივი არ ჰქონდათ“.
  • გათავისუფლების ბრძანებაში, გოლეთიანის თქმით, ფორმალურ საფუძვლად მითითებულია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში 10 ოქტომბერს ვარლამ გოლეთიანმა დაადასტურა, რომ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტის აქტიურ ფაზაშიც ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჯუღელზე ზეწოლა იყო:

„ხორციელდებოდა ზეწოლა,  რატომ ვყავდი „ასეთი ტიპი“ სამსახურში. ეს უთქვამს ჩემთვის მანამდეც. მაგრამ ახლა პირდაპირი დირექტივა მიიღო გუბერნატორისგან, – და ვფიქრობ, მხოლოდ გუბერნატორის პირადი გადაწყვეტილება არ იყო ეს, – რომ გავეთავისუფლებინე“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმით, ადრე მისი გათავისუფლებისგან თავს იკავებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ამას „უფრო დიდი საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვებოდა, რადგან მეტი ხალხი იყო პროცესში ჩართული“, რასაც ვაჟა ჯუღელსა და მის თანამშრომლებზე დაყრდნობით ამბობს.

სასამართლო დავა, რასაც გოლეთიანი აწარმოებს, მისი თქმით, შრომით ხელშეკრულებასა და ვადებს ეხება, ახლა კი ის გეგმავს, მიმართოს სახალხო დამცველს:

„ვაპირებ, უახლოეს დღეებში სახალხო დამცველს მივმართო… ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩემ მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაფიქსირდეს, რადგან ეგ იყო რეალური მოტივი ჩემი გათავისუფლების“, – გვეუბნება იგი.

ამასთან, გათავისუფლების ფაქტის გახმაურების შემდეგ, გოლეთიანის თანახმად, „გარკვეული მესიჯები იყო“, რაზე დაყრდნობითაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამსახურში დაბრუნება პრობლემა აღარ იყოს, თუმცა ფიქრობს, ასეთ შემთხვევაში ღირს თუ არა დაბრუნება:

„თავიდან სრული იგნორირება იყო, გათავისუფლების ბრძანება ჩამბარდა და ეგ იყო. ახლა, როცა ამას მოჰყვა ხმაური, პრობლემა შეექმნათ და გარკვეული [ბიძგი] ვიგრძენი დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა ასე არ გამოვა. რაც გააკეთეს, ეგ უნდა დადასტურდეს“, – ამბობს ის.

„ნეტგაზეთი“ ჯერ კიდევ 8 ოქტომბერს დაუკავშირდა ვაჟა ჯუღელის სამსახურს (ააიპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას“), სადაც მოგცვეს პირობა, რომ ჯუღელი თავად შეგვეხმიანება, თუმცა ამ დრომდე არ უპასუხია. „ნეტგაზეთი“ კვლავ ცდილობს მასთან დაკავშირებას და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს. კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

პროექტის წინააღმდეგ თავიდანვე გამოდიოდა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი, რომელთაც თანდათანობით თანამოაზრეები შეემატნენ; „რიონის ხეობის მოძრაობამ“ არაერთი აქცია ჩაატარა, პარალელურად კი კარვებში რჩებოდნენ რიონის ხეობაში.

ვრცლად ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი