ახალი ამბები

„ენკას“ მენეჯმენტსა და მთავრობას შორის 2 შეხვედრა გაიმართა — სამინისტრო

9 ნოემბერი, 2021 • 1214
„ენკას“ მენეჯმენტსა და მთავრობას შორის 2 შეხვედრა გაიმართა — სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკასა“ და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის 2 შეხვედრა გაიმართა, კონტრაქტის შეწყვეტაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.

„კომპანიის მოთხოვნით, შეხვედრები არ გამართულა არც საქართველოში და არც თურქეთში“, — იუწყება სამინისტრო.

სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრებში „ენკას“ მხარეს წარმოადგენენნ კომპანიის მენეჯმენტი და იურისტები, ქართულ მხარეს კი- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფი.

„ამ დრომდე გაიმართა ორი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს მოლაპარაკებას და მხარეების მიერ ერთმანეთთან პოზიციების გაცვლას. ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები ორივე მხარის შეთანხმებით დასრულდება“, — აცხადებენ სამინისტროში.

გამოცემა BMG-ს თანახმად, მათი ინფორმაციით, გასულ კვირას თბილისში ENKA-ს მენეჯმენტი იყო ჩამოსული. ამ საკითხზე კითხვის დასმის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტები ეკონომიკის სამინისტროსთან გადაამისამართა, სამინისტრო კი ამ კომენტარით შემოიფარგლა.


22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა დაასახელა.

18 ოქტომბერსვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ ერთმანეთთან კომუნიკაციის მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნეს.

„რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არც ჩვენთვის არის სასურველი და, იმედი მაქვს, არც კომპანია ენკასთვის, რომლის მთავარი პროფილიც არის მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა“, – განაცხადა თურნავამ.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

ამჟამად ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები, თუ კონკრეტულად რის გამო დავობს „ენკა“ და რა პოზიცია ექნება მის კონკრეტულ პრეტენზიებზე სახელმწიფოს. შესაბამისად, როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

თუმცა კონტრაქტის შინაარსი და ინვესტორის გავრცელებული მოკლე ცნობა რამდენიმე სცენარის წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა:

მასალების გადაბეჭდვის წესი