ახალი ამბებიეკონომიკა

რა ხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ – 3 სცენარი

22 სექტემბერი, 2021 • 5521
რა ხდება ნამახვანჰესის კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ – 3 სცენარი

რა ხდება ენკას მიერ ნამახვანჰესის კონტრაქტის გაუქმების მოთხოვნის შემდეგ? ეკისრება თუ არა საქართველოს მთავრობას ფულადი ვალდებულება? შეიძლება თუ არა საქმე არბიტრაჟმა განიხილოს?

ამ ეტაპზე არაერთი კითხვა არსებობს კომპანიისა და მთავრობის მისამართით, რაზეც იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ ნამახვანჰესის პროექტის საბოლოო ბედი, არამედ მისი შესაძლო შეჩერებით გამოწვეული შედეგები.

„ნეტგაზეთი“ ცდილობს ამ დეტალების გარკვევას კომპანიის თბილისისა და ანკარის ოფისებში, ასევე საქართველოს მთავრობაში, ეკონომიკის სამინისტროსა და ენერგეტიკის განვითარების ფონდში.

ამ ეტაპისთვის ცნობილი გარემოებები კი ასეთია:

რა ვიცით

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

მოკლე საინფორმაციო ცნობაში, რომელიც სტამბოლის საფონდო ბირჟაზე 20 სექტემბერს გამოაქვეყნა მშობელმა კომპანია ENKA Insaat-მა, წერია, რომ ENKA Renewables-მა უკვე აცნობა საქართველოს ხელისუფლებას კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორი კომპანია საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევას და ფორსმაჟორული გარემოების არსებობას ასახელებს.

ეკონომიკის სამინისტროს დასტური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 22 სექტემბერს დაადასტურა ენკას გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ უწყებამ მიიღო ინვესტორისგან წინასწარი შეტყობინება პროექტიდან ერთი თვის შემდეგ „შესაძლო გასვლის შესახებ“.

„კომპანია ერთი თვის თავზე გეგმავს ხელშეკრულების მოშლას, რაც წინასწარ გვაცნობა“, – აცხადებს სამინისტრო.

რას ამბობს სამინისტრო

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროექტი არის კომპლექსური და ამდენად, ინვესტორები მსგავსი პროექტის განხორციელებისას არაერთ სირთულეს აწყდებიან. თუმცა ისიც ცხადია, რომ პროექტი არ არის მარტივი, მას აქვს ეკოლოგიური, სოციალური და ტექნიკური ხასიათის გამოწვევები და ამდენად, როგორც მთავრობის, ასევე ინვესტორის ვალდებულებაცაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, პროექტში შემავალი ცალკეული მახასიათებლების ხელახალი შესწავლა გაიმართოს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ – ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, ასევე ზოგადად ნებისმიერი ინვესტორის ინტერესი, ამიტომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის“, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ არც „ენკას“ საინფორმაციო ცნობაში და არც სამინისტროს განცხადებაში დაზუსტებული არ ყოფილა არც ის, თუ რა კონკრეტული პირობების დარღვევას ედავება ინვესტორი სახელმწიფოს და არც ის, თუ რა სახის ფორსმაჟორზე მიუთითებს.

„მედიაცია“

ეკონომიკის სამინისტრომ ამავე განცხადებაში ხაზი გაუსვა მედიაციის პროცესს, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვის საბჭოს შუამავლობით მიმდინარეობს.

„იმედი გვაქვს, რომ პროცესი პოზიციების დაახლოებითა და რაც მთავარია, საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყდება“, – აცხადებს სამინისტრო.

თუმცა აღსანიშნავია, რომ მედიაცია დაიწყო „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო დემონსტრაციების შედეგად და მას კომპანიასა და მთავრობას შორის ურთიერთობის გარკვევის ფუნქცია არ ჰქონია, „ენკას“ წარმომადგენლები კი ამ შეხვედრებს არც ესწრებოდნენ.

საინტერესოა ისიც, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თუმცა უცნობია, ისაუბრეს თუ არა ნამახვანჰესის საკითხზე. ამ კითხვით „ნეტგაზეთი“ მთავრობის პრესცენტრთან დაკავშირებას ცდილობს.

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ 22 სექტემბერს განაცხადა: „ბოლო 2-3 თვე ENKA რომ არბიტრაჟისთვის ემზადებოდა, ეს საიდუმლო არ იყო“ და მისი აზრით, არც მთავრობის წევრებისთვის უნდა ყოფილიყო მოულოდნელი.

რა უნდა ვიცოდეთ

კითხვები, რაც ამ ეტაპზე ინვესტორისა და სახელმწიფოს მიმართ არსებობს, ასეთია:

  • კონკრეტულად რა პირობების დარღვევას გულისხმობს ენკა?
  • რომელ ფორსმაჟორულ ვითარებას გულისხმობს და რაში გამოიხატება ეს ფორსმაჟორი?
  • რა ბედი ელის კომპანიისთვის 99 წლით გადაცემულ მიწას?
  • რჩება თუ არა ენკა პროექტისა და სამშენებლო ნებართვების მფლობელად/განმკარგველად?
  • მოითხოვს თუ არა ენკა სახელმწიფოსგან კომპენსაციას და რამდენს?
  • განიხილავს თუ არა საერთაშორისო არბიტრაჟში დავას?

მთავრობის მიმართ კი, ამ ეტაპზე, შემდეგი კითხვებია:

  • ეთანხმება თუ არა კომპანიის პოზიციას, რომ დაირღვა კონტრაქტის პირობები და დადგა ფორსმაჟორული ვითარება?
  • იმ შემთხვევაში, თუ ამ პოზიციას იზიარებს, აპირებს თუ არა კომპენსაციის გადახდას და რა ოდენობით?
  • იმ შემთხვევაში, თუ ამ პოზიციას არ იზიარებს, არის თუ არა მზად საერთაშორისო არბიტრაჟში მონაწილეობის მისაღებად?
  • ენკას მიერ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფოს კვლავ სურს თუ არა განახორციელოს ნამახვანჰესის პროექტი, სხვა სცენარებთან ერთად, ახალი ინვესტორის მოძიებით?

„ნეტგაზეთი“ ამ საკითხების გარკვევას შესაბამის აქტორებთან ცდილობს.

პროექტის შესახებ

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო. ხელშეკრულება 2019 წელს დაიდო და მხოლოდ 2021 წელს გასაჯაროვდა, მას შემდეგ რაც გამოცემა iFact-ი სამინისტროსგან ამას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ითხოვდა.

კონტრაქტის გასაჯაროების შემდეგ, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, – აცხადებდნენ, რომ ეს სახელმწიფოსთვის კაბალური კონტრაქტი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

რას ამბობს კონტრაქტი ფორსმაჟორზე, ვალდებულებების შეუსრულებლობასა და მის შეწყვეტაზე

ნამახვანჰესის ხელშეკრულება ითვალისწინებს კომპანიის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის რამდენიმე შესაძლებლობას, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ მისი ვალდებულებების შეუსრულებლობას და/ან ფორსმაჟორულ ვითარებას.

ფორსმაჟორული ვითარება შეიძლება გულისხმობდეს ორ შემთხვევას, მათ შორის: პოლიტიკურ ფორსმაჟორს და ფიზიკურს, იგივე არაპოლიტიკურ ფორსმაჟორს.

პოლიტიკური ფორსმაჟორის ყველა პუნქტი საქართველოს მთავრობის მხრიდან კომპენსირებადია. მათ შორისაა ომის, სამხედრო გადატრიალების, ნებისმიერი ემბარგოს, ბლოკადის, გაფიცვისა ან პროტესტის შემთხვევები, რა დროსაც „საფრთხე ექმნება პროექტს“. კომპენსირებადია იმის მიუხედავად, რომ ის შეიძლება არ იყოს გამოწვეული მთავრობის მიერ. ამავდროულად, ფორსმაჟორის დროს მხოლოდ კომპანიას აქვს კომპენსაციის მოთხოვნისა და კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება.

პოლიტიკური ფორსმაჟორის ფორმად, მათ შორის, განიხილება ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რაც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას, ან ზოგადად, პროექტს და ხანგრძლივობით აღემატება 21 დღეს, ჯამში 6-თვიან პერიოდში.

ადგილობრივების თანახმად, ენკას წარმომადგენლები ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემატურად ცდილობდნენ სამშენებლო მოედანთან მისვლას, თუმცა „რიონის ხეობის მცველები“ ამის საშუალებას არ აძლევდნენ; კომპანიის წარმომადგენლები კი ამ პროცესის სისტემატურ დოკუმენტირებას ახდენდნენ.

გარდა პროტესტისა, პოლიტიკურ ფორსმაჟორად საომარი მოქმედება, შემოსევა, ტერორისტული აქტი, ნებისმიერი რევოლუცია, აჯანყება, ამბოხება, სამოქალაქო არეულობა, სამხედრო გადატრიალება, ნებისმიერი გაფიცვა, რომელიც პროტესტის ფორმად ირჩევს ეფექტურობის/წარმოების შემცირებას, რომელიც სცდება სადგურს და არის პოლიტიკური ხასიათის, ბლოკადა, ემბარგო, იმპორტ-ექსპორტის შეზღუდვა, საბოტაჟი, რადიო-აქტიიური დაბინძურება და/ან ნებისმიერი დაკავშირებული შემთხვევა.

პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ კომპანიისთვის კონტრაქტის შესაბამისად დაანგარიშებული და მოთხოვნილი კომპენსაციის გაუცემლობა ასევე ნიშნავს კონტრაქტის პირობების დარღვევას.

ფიზიკური [იგივე არაპოლიტიკური] ფორსმაჟორის დროს კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ან სავარაუდო მოგების დანაკარგების ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება, თუმცა გახანგრძლივებული ფორსმაჟორის დროს კომპანიას აქვს უფლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, სახელმწიფო კი ვალდებულია მისგან გადაცემადი აქტივები გამოისყიდოს.

გახანგრძლივებული ფორსმაჟორი ომის შემთხვევაში გულისხმობს 270 დღეს, ხოლო სხვა შემთხვევებში – 180 დღეს.

რას გულისხმობს გადაცემადი აქტივები

გადასაცემი აქტივები აერთიანებს: ”ფიზიკურ აქტივებს, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან სადგურებს; ნებისმიერ სადგურთან დაკავშირებულ იმ გზებს, რომლებიც არ არის გადაცემული მთავრობისთვის; ნებისმიერ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ უფლებას, რომელიც საჭიროა სადგურების მშენებლობის, ოპერირებისა და საკუთრებისთვის და გზების მშენებლობისთვის და ამჟამად ეს უფლებები მიემართება კომპანიას; ნებისმიერ ლიცენზიებსა და ნებართვებს, რომლებიც თავისუფლად გაიცემა; ენერგიის გაყიდვა-გადაცემასთან და სადგურების აშენებასთან, ოპერირებისა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

ფიზიკური ფორსმაჟორი აერთიანებს ხანძარს, აფეთქებას, დატბორვას, არქეოლოგიური ნამარხების აღმოჩენას, კომპანიის მშრომელთა გაფიცვას, რადიოაქტიურ დაბინძურებას, პანდემიას ან ეპიდემიას და/ან სხვაგვარი დაბინძურებას, რომლის წყაროც საქართველოს გარეთაა, არ დაფიქსირებულა.

პროექტის განხორციელების ეტაპს დაემთხვა მხოლოდ პანდემია, ხოლო სხვა დანარჩენი გარემოება, რომელიც გათვალისწინებული ფიზიკური ფორსმაჟორის დროს – არ დაფიქსირებულა.

კომპანიას კონტრაქტის გაწყვეტის უფლება ენიჭება სახელმწიფოს მიერ მისი ვალდებულებების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაშიც. ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს ძირითადი კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ვალდებულება, ქსელთან მიერთების და მიწის გადაცემის ვალდებულებები, გადამცემი ხაზების მოწყობა და არაერთი სხვა.

სცენარები

ამჟამად, როგორც აღვნიშნეთ, დასაზუსტებელია დეტალები, თუ კონკრეტულად რის გამო დავობს „ენკა“ და რა პოზიცია ექნება მის კონკრეტულ პრეტენზიებზე სახელმწიფოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

თუმცა კონტრაქტის შინაარსი და ინვესტორის გავრცელებული მოკლე ცნობა რამდენიმე სცენარის წარმოდგენის შესაძლებლობას გვაძლევს:

სცენარი 1

კომპანია წყვეტს კონტრაქტს და პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე გადის ქვეყნიდან ზარალის/ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე.

სცენარი 2

კომპანია წყვეტს კონტრაქტს და ითხოვს კონტაქტით გათვალისწინებულ კომპენსაციას, რასაც საქართველოს მთავრობა თანხმდება და იხდის.

იმ შემთხვევაში, თუკი ენკას მიერ კონტრაქტის გაწყვეტის დასახელებული შემთხვევა არის კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსირებადი გარემოება, მაშინ მას აქვს უფლება, მოითხოვოს აღნიშნული კომპენსაცია და სახელმწიფო, კონტრაქტის თანახმად, ვალდებულია, ის აანაზღაუროს.

იმ შემთხვევაში, თუკი ენკას მიერ კონტრაქტის გაწყვეტის დასახელებულ შემთხვევა არის გახანგრძლივებული ფორსმაჟორი, – რაც 180 დღე გრძელდება და რაც ამ შემთხვევაში შესაძლოა პანდემიას გულისხმობდეს, – სახელმწიფო ვალდებულია, გამოისყიდოს გადაცემადი აქტივები.

გადაცემადი აქტივების ღირებულება, რაც შესაძლოა სახელმწიფომ გამოისყიდოს, ამ ეტაპზე უცნობია.

სცენარი 3

კომპანია წყვეტს კონტრაქტს და ითხოვს გარკვეულ კომპენსაციას, თუმცა საქართველოს მთავრობა ამას არ თანხმდება.

ამ შემთხვევაში კონტრაქტით გათვალისწინებულია, რომ დავის გადაწყვეტის არენა ხდება საერთაშორისო არბიტრაჟი, რა შემთხვევაშიც მხარეებმა უნდა წარადგინონ საკუთარი არგუმენტაცია, საერთაშორისო სასამართლოს მიერ კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კონტრაქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.


სტატიის ავტორები: ზურაბ მენაღარიშვილი და ლუკა პერტაია


გირჩევთ ამ საკითხებზე „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

ენერგოდამოუკიდებლობა 15 წლით? – რა ხდება შემდეგ | ნამახვანჰესის კონტრაქტი

„ნამახვანი ჰესი“: პირგასამტეხლო და შეუსაბამობები კანონმდებლობასთან

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

რატომ არ ასაჯაროებს მთავრობა ნამახვანჰესზე მნიშვნელოვან დასკვნებს

ღირს თუ არა ნამახვანჰესის ენერგია იმპორტირებულზე ძვირი და “ესკოს” კონფიდენციალური დოკუმენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი