ახალი ამბები

ნატოს ისტორია აჩვენებს, რომ არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც სასაზღვრო დავა აქვს — ბრიდლავი

5 ოქტომბერი, 2022 • 1493
ნატოს ისტორია აჩვენებს, რომ არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც სასაზღვრო დავა აქვს — ბრიდლავი

ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი (2013-2016), გენერალი ფილიპ ბრიდლავი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლებმაც გრძელი გზა გამოიარეს, უახლოვდება ნატოს სტანდარტებს, თუმცა ფიქრობს, რომ რეალისტურად, მანამ, სანამ რუსეთთან ოკუპაციის საკითხი არ ამოიწურება, უკრაინას ნატოში არ მიიღებენ.

CNBC-ის ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინის მზაობასთან დაკავშირებით ნატოში გასაწევრებლად, ბრიდლავმა განაცხადა:

„სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის სამხედრო ძალებმა დიდი გზა გამოიარეს. მათ ბევრი რამ ისწავლეს ჩვენგან – ჩვენ მათ ვწვრთნიდით წლების განმავლობაში, მათთან ერთად ვაწარმოებდით წვრთნებს… მათი არმია უახლოვდება ნატოს სტანდარტებს. მათ კვლავ აქვთ გარკვეული სამუშაო საზღვაო და საჰაერო ძალებთან მიმართებაში. მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელმაც დიდი გზა გამოიარა. და, საერთოდაც, ხომ ყველანი ვამაყობთ იმით, რასაც მისი შეიარაღებული ძალები აკეთებენ? ასე რომ … როდესაც რუსეთთან პრობლემას მოვაგვარებთ, მიმაჩნია, რომ უკრაინას უნდა მიეცეს შანსი“.

კითხვაზე, ვლადიმერ პუტინის განცხადებების ფონზე, რომ „ნატო აგრესორია“ და ფართოვდება, ფიქრობს თუ არა, რომ ნატოს გაფართოება არასწორი იყო, გენერალი ბრიდლოვი აცხადებს:

„მე ნატოში ვმსახურობდი მაშინ, როცა 28 წევრი ჰყავდა. სამი წლის განმავლობაში ვესწრებოდი შეხვედრებს და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ დიდ სამიტებსა და შეხვედრებზე ყველაფერი წინასწარ არის გაწერილი და ყველამ იცის, ვინ რას აკეთებს. იშვიათად არის მოულოდნელობები. თუმცა ყოველ ასეთ შეხვედრას თან ახლავს ვახშამი ძალიან ვიწრო წრეში… ეს არის, ასე ვთქვათ, არაოფიციალური ვახშამი. და აქ შევესწრებოდი ხოლმე უამრავ საუბარს, მაგალითად, მონტენეგროს, საქართველოს, – „გვიღებთ თუ არ გვიღებთ ნატოში“… მხოლოდ ჩემი დაკვირვებით [რომ ვისაუბრო]: უკიდურესად რთულია ნატოში მოხვედრა. ქვეყნები წლების განმავლობაში ცდილობენ და ძალიან რთულია“.

ბრიდლავის განცხადებით, არსებობს მოსაზრება, რომ „ნატო ფართოვდება და შთანთქავს და თავისკენ იზიდავს ქვეყნებს“, თუმცა ეს მოსაზრება არასწორია:

„ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად დაშორებულია ეს სიმართლეს. ეს ქვეყნები ცდილობენ ნატოში შესვლას, მაგრამ უარით ისტუმრებენ წლების განმავლობაში. ასე რომ, ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ „ნატო ფართოვდება“ და „რუსეთის საზღვრებს ვუახლოვდებით“. არა. სრულიად საპირისპირო რამ ხდება: ყოფილი რუსული [საბჭოთა] ქვეყნები იბრძვიან რუსეთისგან თავის დასაღწევად და ნატოში გასაწევრიანებლად“, – განაცხადა ბრიდლავმა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკრაინა სწრაფი გზით შევა ნატოში იმის შედეგად, რაც ბრძოლის ველზე აჩვენა, გადამდგარმა გენერალმა განაცხადა:

„ნატოს ისტორია აჩვენებს, რომ არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც სასაზღვრო დავა  ან ოკუპირებული ტერიტორია აქვს. მას არ მიიღებენ, რადგან ამ შემთხვევაში მთელ ალიანსს მოუწევს ჩართვა მე-5 მუხლის გამო [თავდასხმა ერთ წევრზე ნიშნავს თავდასხმას ყველა მოკავშირეზე]. ასე რომ, სანამ ეს პრობლემა, – რუსეთის მიერ უკრაინული ტერიტორიის ოკუპაცია, – არ მოგვარდება, არ ვფიქრობ, რომ სწრაფი გზა იარსებებს. მე მხარს ვუჭერ ამას, ტაშს ვუკრავ პრეზიდენტ ზელენსკის, მაგრამ მე უბრალოდ რეალისტი ვარ: სანამ რუსეთთან არ მორჩება ტერიტორიაზე დავა, ამას ვერ ვხედავ“.


30 სექტემბერს უკრაინამ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი გააკეთა.

უკრაინის განაცხადს მხარი დაუჭირეს ბალტიის ქვეყნებმა და კანადამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა, გაწევრიანებისთვის აუცილებელი პროცესის გავლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი