ახალი ამბები

რეალურია ბირთვული საფრთხე პუტინისგან? — ბრიდლავისა და ჰოჯესის მოსაზრება

5 ოქტომბერი, 2022 •
რეალურია ბირთვული საფრთხე პუტინისგან? — ბრიდლავისა და ჰოჯესის მოსაზრება

ნატოს ძალების ყოფილი მთავარსარდალი (2013-2016), გენერალი ფილიპ ბრიდლავი მიიჩნევს, რომ რუსეთისგან ბირთვული ომის მუქარა რეალურია და ამჟამად იმაზე მეტად სავარაუდოა, ვიდრე ორი თვის წინ; ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი კი ამბობს, რომ ეს საფრთხე რეალურია, თუმცა, ნაკლებად სავარაუდო.

ამ და უკრაინის ომის გარშემო სხვა საკითხებზე გენერლებს 4 ოქტომბერს ესაუბრა ამერიკული ტელევიზია CNBC . ჟურნალისტმა მათ ერთნაირი ფორმულირებით დაუსვა კითხვა, – ფიქრობენ თუ არა, რომ ბირთვული ომის მუქარა რუსეთის მხრიდან რეალურია.

გენერალმა ბრიდლავმა განაცხადა:

„ორი თვის წინ გეტყოდით, რომ ეს [საფრთხე] არის რეალური, მაგრამ ძალიან ნაკლებად სავარაუდო. დღეს გეტყვით, რომ ეს საფრთხე რეალურია და სავარაუდოც იმაზე მეტად არის, ვიდრე ორი თვის წინ იყო.

უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი და მისი გენერლები, – გენერალი გერასიმოვი და სხვები, – დიდი ხანია წერენ ბირთვულ იარაღზე და მათი ფუნდამენტური განცხადებაა, რომ ბირთვული იარაღი არის კონვენციური ბრძოლის ველის ლოგიკური გაგრძელება. და „ზაპადის“ [დასავლეთის] ყველა წვრთნა ომის შეწყვეტის ფაზაში ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას „აგრესიული ნატოს წინააღმდეგ“. ასე რომ, რაზეც ისინი წერენ, რაზეც ისინი საუბრობენ, რასაც აკეთებენ, სერიოზულად უნდა მივიღოთ.

მე მაინც მჯერა, რომ ბატონ პუტინს ესმის, ეს სრულიად განსხვავებულია. იმის მიუხედავად, რომ ამბობს, [ბირთვული იარაღი] კონვენციური საბრძოლო ველის ლოგიკური გაგრძელებაა, ვფიქრობ, მან იცის, რომ დასავლეთი ამას ასე არ უყურებს. და ვფიქრობ, უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ამას აღვიქვამთ ომის ძალიან განსხვავებულ მიდგომად.

„არ მოუტანთ უპირატესობას“ – ჰოჯესი

განსხვავებული შეხედულება აქვს გენერალ ბენ ჰოჯესს:

„ეს ნამდვილად არის რეალური საფრთხე – რუსეთს ათასობით ბირთვული იარაღი აქვს და პრეზიდენტ პუტინს, ცხადია, არ ანაღვლებს, რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკვდება. მაგრამ მე კვლავ ვფიქრობ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ეს გააკეთოს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს რუსებს არ მოუტანს უპირატესობას ბრძოლის ველზე.

ცივი ომის დროს საბჭოთა დოქტრინა იყო ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება ბრძოლის ველის გასარღვევად, რათა შემდეგ დამხმარე ძალები შესულიყვნენ და ეს გარღვევა გამოეყენებინათ. [ახლა კი] არ არსებობს ეს დამხმარე ძალები. არავინაა, რომ გარღვევა გამოიყენოს.

ასე რომ, თუკი ისინი [ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს] გამოიყენებენ უკრაინაში, რომელიმე ქალაქში ან ჯარის კონცენტრირების ადგილას, ეს დახოცავს ათასობით ადამიანს. მაგრამ რუსებს ეს არანაირ უპირატესობას არ მოუტანს. მათ მოუწევთ მთელ ნეგატიურ შედეგებთან გამკლავება. ასე რომ, იმედი მაქვს, ამ საშინელ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

მეტიც, მათ იციან, რომ შეერთებული შტატებისთვის შეუძლებელი იქნება, [რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემდეგ] პირდაპირ არ ჩაერთოს ომში. და ეს ყველაზე ნაკლებად სურთ. ჩვენმა პრეზიდენტმა და უშიშროების საკითხებში მისმა მრჩეველმა ცხადად თქვეს, რომ ეს საშინელი შეცდომა იქნება რუსეთის მხრიდან, შედეგები დამანგრეველი იქნება და, ჩემი წარმოდგენით, პრეზიდენტი იმოქმედებს მოკავშირეებთან კონსულტაციის შედეგად. ეს ნაბიჯი პროპორციული იქნება და ისე იქნება განხორციელებული, რომ ავტომატურად არ გამოიწვევს შემდეგ „რაუნდს“. მაგრამ ეს [პასუხი] ძალიან ცხადი იქნება.

ჩინელები, ჩრდილოეთ კორეელები და ირანელები თვალს ადევნებენ ამ ყველაფერს. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომაც მოგვიწევს პასუხის გაცემა.

ამასთან, არსებობს ხალხი პუტინის გარშემო, ვინც მას ძალაუფლებას უხანგრძლივებს და მათ შემდეგი „მესიჯი“ უნდა გადაეცეთ: „თუკი პუტინის შემდგომი ცხოვრების მინიმალური სურვილი მაინც გაქვთ, თუკი სურვილი გაქვთ, დაუბრუნდეთ თქვენს ოლიგარქიულ ცხოვრების სტილს, მაშინ ყველაფერი უნდა იღონოთ, რომ არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი“. ჩემი წარმოდგენით, მათთვის [ეს მესიჯი] ძალიან ცხადად არის გადაცემული“.


რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არაერთხელ გააკეთა მინიშნება, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

21 სექტემბერს პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თუ ქვეყნის „ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე დაემუქრება“, „ყველა საშუალებას“ გამოიყენებს. „ეს ბლეფი არ არის“ – განაცხადა მან.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენების გზას აირჩევს, ეს მისთვის კატასტროფული შედეგებით დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი