ახალი ამბები

კინზინგერი ლუკაშენკოზე: საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოა

30 სექტემბერი, 2022 • 616
კინზინგერი ლუკაშენკოზე: საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი საქართველოა

რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს.

„მართალია, გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც მას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია“, – უთხრა კონგრესმენმა „ამერიკის ხმას“.

გამოცემასთან წერილობით კომენტარში კინზინგერი აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში კავშირშია უკრაინაში კრემლის წარუმატებლობებთანაც. რეგიონში გამწვავებული საფრთხის ფონზე კი საქართველომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იმოქმედოს.

„ახლა, როდესაც პუტინის კამპანია უკრაინაში სუსტდება, ქართველები ფრთხილად უნდა იყვნენ კრემლის მხრიდან ნებისმიერი პოტენციური ნაბიჯის მიმართ. საქართველომ ძალიან კარგად იცის ყველა იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც კრემლი მის სუვერენიტეტს უქმნის და ქართველი ხალხი არ უნდა აჰყვეს ყალბ ნარატივებს, რომლებსაც ანტიდასავლური ხმები ავრცელებენ“, – ამბობს ის.


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ ნახოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი