ახალი ამბები

თუ მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, შეიძლება ბელარუსთან ურთიერთობაც გავწყვიტოთ – სამხარაძე

29 სექტემბერი, 2022 • 1508
თუ მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, შეიძლება ბელარუსთან ურთიერთობაც გავწყვიტოთ – სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს  ვიზიტს და ამბობს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, ამას შეიძლება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს.

ამის შესახებ მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ე.წ. ვიზიტი არის პირდაპირ არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის როგორც ქვეყნის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ასევე, ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს.

ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, ამას შეიძლება მოჰყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, შელახოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა სამხარაძემ.


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი