ახალი ამბები

ლუკაშენკომ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, რასაც რეაგირება მოჰყვება — კალაძე

28 სექტემბერი, 2022 •
ლუკაშენკომ ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, რასაც რეაგირება მოჰყვება — კალაძე

თბილისის მერ კახა კალაძის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი დაარღვია, რასაც შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამის შესახებ კალაძემ განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი ძალიან შემაშფოთებელი და უმძიმესი ფაქტია. გარდა იმისა, რომ ეს არამეგობრული და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯია, მან დაარღვია „ოკუპაციის შესახებ“ კანონი, რასაც ჩვენი შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც ვიცი, საქართველოში ბელარუსის ელჩი უკვე დაბარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. „ნეტგაზეთმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, აღიძრა თუ არა საქმე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი