ახალი ამბები

ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

29 სექტემბერი, 2022 • 835
ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

„გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე.

ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა სტანომ.


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი