ახალი ამბები

მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში — ღარიბაშვილი

28 სექტემბერი, 2022 • 1104
მკაცრად ვგმობ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ ოკუპირებულ აფხაზეთში — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე ეხმაურება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, საქართველოს რეგიონში და შეხვედრებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და წინააღმდეგობაში მოდის როგორც საერთაშორისო სამართალთან, ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებთან“, — წერს ღარიბაშვილი.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი