ახალი ამბები

მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ბელარუსში ახალი ელჩის დანიშვნა — ზურაბიშვილი

28 სექტემბერი, 2022 •
მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ბელარუსში ახალი ელჩის დანიშვნა — ზურაბიშვილი

„ძალიან მიხარია, რომ აქამდე გავაჭიანურე ეს საკითხი და ხელი არ მომიწერია ბელარუსში საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნისათვის“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მოაწერა ხელი ელჩის დანიშვნას. საგარეო საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ უთრეს, რომ როტაციის ვადის დასრულების გამო, 1 სექტემბრიდან ბელარუსში საქართველოს ელჩი აღარ არის.

მისი თქმით, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი წესები, ტერიტორია, პრინციპები და ყველას უნდა მოვთხოვოთ მათი დაცვა.

„არ შეიძლება, არ აღვნიშნო, რამდენად მიუღებელი და შემაშფოთებელია ის, რაც დღეს მოხდა. ძალიან ცინიკური მიდგომაა, როცა აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტი ოკუპაციის კანონის დარღვევით, საერთაშორისო სამართლის ყველა წესისა და პრინციპის დარღვევით, ასევე, ჩვენი ვითომც მეგობრული ურთიერთობების დარღვევით ჩავიდა. ეს ხდება მაშინ, როცა რუსეთი ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვითომდა რეფერენდუმებით (რომელსაც ყველანი ერთხმად უნდა ვგმობდეთ) ცდილობს რაღაცნაირად ფეხი მოიკიდოს, მაგრამ ეს უკვე შეუძლებელია. ცინიკური ფორმაა ისიც, რომ ვითომც დემოკრატიულ პრაქტიკას იყენებ შენი სამხედრო და ძალადობრივი ოკუპაციის გასამყარებლად“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

აფხაზეთზე საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ „მზერა მომავლისკენ უნდა გვქონდეს, რომელიც ძალიან საინტერესოა“.

„ისეთი რაღაცები ხდება დღევანდელ მსოფლიოში, რაც, ალბათ, ვერ წარმოგვედგინა და ბევრს კიდეც უჭირს ამის წარმოდგენა. ჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და, ამავე დროს, ბევრი საფრთხეც, მაგრამ ჩვენ იმის გამბედაობაც უნდა გვქონდეს, რომ დავინახოთ ის მსოფლიო, რომელიც იცვლება. ერთი თაობა უკვე გავიდა და ახალი თაობა მოვიდა, ახალგაზრდობას და ყველას ერთად უნდა დავანახოთ, რა არის პერსპექტივა და როგორია ის გაერთიანებული საქართველო, რომელზეც ვოცნებობთ. მეტი ჩართულობა, მეტი ურთიერთგაცვლები, ამ ურთიერთობებში ჩასმული მეტი ეკონომიკა, რადგან თუ არ იქნება განვითარება, ეს ყველაფერი მაინც სიტყვებად დარჩება. მეტი კულტურა, რადგან კულტურა გვაერთიანებს და დღევანდელი საღამო სწორედ ამის მაჩვენებელია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ძალიან ბევრი რამ ისმის ამ რაღაც მეორე ფრონტის თემაზე, რომელიც რუსული თემაა“.

„რუსეთს სურს, ამით რაღაცნაირად შეაშინოს აფხაზები, ვითომ საქართველო მათთვის საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთის გარდა, მთელმა მსოფლიომ უკვე იცის, ვინ და სად არის საფრთხე. ის ამ თემით მანიპულირებას ცდილობს, მაგრამ მე ძალიან მიკვირს, როცა ჩვენ რაღაცნაირად ვეხმიანებით ამ აბსურდულ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთიდანაც ძალიან კარგად ხედავენ, როგორია საქართველო და რომ ეს საქართველო რეალურად მომავლისათვის ნამდვილი გზაა — ჩვენ ვართ რეალური ხიდი და გზა ევროპისკენ. ჩვენ თუ შევალთ ევროპაში, რისი ძალიან დიდი იმედი და რწმენა მაქვს, ჩვენი გაერთიანება ნამდვილად იქ მოხდება და ამ გზაზე ვიქნებით ერთიანნი“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, თსუ-ს რექტორი, მკვლევრები და ხელოვანები.


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” ოკუპირებულ აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი