ახალი ამბები

პესკოვის თქმით, პუტინსა და ლუკაშენკოს აფხაზეთის და ყირიმის „აღიარებაზე“ არ უსაუბრიათ

29 სექტემბერი, 2022 •
პესკოვის თქმით, პუტინსა და ლუკაშენკოს აფხაზეთის და ყირიმის „აღიარებაზე“ არ უსაუბრიათ

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტ პუტინსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრაზე არ განუხილავთ ბელარუსის მიერ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის აღიარების საკითხები.

„არა, ეს თემები არ ყოფილა დღის წესრიგში“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პესკოვის თანახმადვე, ბელარუსის მიერ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმის აღიარება ამ ქვეყნის „შიდა საქმე და სუვერენული უფლებაა“:

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ბელარუსელი ამხანაგები შესაფერის გადაწყვეტილებებს თავად მიიღებენ, თანაც დროულად“, – განაცხადა პესკოვმა.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. 2 დღით ადრე იგი მოსკოვში იმყოფებოდა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდა.

ლუკაშენკო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ლუკაშენკოს ეს ნაბიჯი არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი