კრემლში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით მცდარია და ასეთ შეხედულებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.
„რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებულ პოზიციას, ჩვენ ამ პოზიციას მცდარად მივიჩნევთ და ყველა არხის მეშვეობით თანმიმდევრულად, არგუმენტირებულად განვმარტავთ, რატომ მიგვაჩნია ის მცდარად“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.
გუშინ, 13 ივლისს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კვლავ იმავე პოზიციას იზიარებს, რომელიც უკრაინის ომის დაწყებიდანვე ჰქონდა – მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე ისაუბრა მისი ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.
„რაც შეეხება პოზიციას, რომელიც პრეზიდენტმა ალიევმა გამოთქვა: არსებობს მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებთანაც ჩვენ ახლო ურთიერთობები გვაკავშირებს და რომლებიც ამ პოზიციას იზიარებენ. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. და დიახ, ეს არის ჩვენი უთანხმოების საგანი“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, „ეს არ არის მიზეზი იმისთვის, რომ ამ საკითხმა რაიმე ჩრდილი მიაყენოს რუსეთ-აზერბაიჯანის ორმხრივ ურთიერთობებს“.
„აქ ჩვენ პრაგმატულ მიდგომას ვიცავთ და მიგვაჩნია, რომ ყველანაირად უნდა განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანასთან, როგორიც აზერბაიჯანია“, – თქვა პესკოვმა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
