ახალი ამბებიეკონომიკა

“თალიბანი” და რუსეთი შეთანხმდნენ – ავღანეთი ნავთობპროდუქტებსა და ხორბალს მიიღებს

28 სექტემბერი, 2022 • 2546
“თალიბანი” და რუსეთი შეთანხმდნენ – ავღანეთი ნავთობპროდუქტებსა და ხორბალს მიიღებს

ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფმა “თალიბანმა” ხელი მოაწერა დროებით შეთანხმებას რუსეთთან, რომელიც ამ უკანასკნელისგან ბენზინის, დიზელის, გაზისა და ხორბლის ყიდვას ითვალისწინებს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters-ს ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განუცხადა.

ავღანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ჰაჯი ნურუდდინ აზიზის განცხადებით, მისი სამინისტრო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციაზე მუშაობს, რუსეთმა კი “თალიბანის” ადმინისტრაციას საქონლის მიყიდვა საშუალო გლობალურზე უფრო დაბალ ფასად შესთავაზა.

Reuters აღნიშნავს, რომ ესაა პირველი საერთაშორისო ეკონომიკური შეთანხმება, რომელიც “თალიბანმა” ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გააფორმა.

“თალიბანს”, რომელმაც 20-წლიანი ომის შემდეგ დაამხო დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება, ფორმალურად არცერთი ქვეყანა აღიარებს.

დასავლელი დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ისლამისტურმა მოძრაობამ ჯერ ადამიანის, განსაკუთრებით ქალთა უფლებებისადმი მიდგომა უნდა შეცვალოს და დაამტკიცოს, რომ გაწყვიტა კავშირები მსოფლიოში მოქმედ შეიარაღებულ ჯგუფებთან.

“თალიბანის” ხელისუფლებას ოფიციალურად არც რუსეთი აღიარებს, თუმცა, 2021 წელს, თალიბების მიერ ქაბულის დაკავებამდე, მოსკოვმა დაჯგუფების წარმომადგენლებს უმასპინძლა. რუსეთის საელჩო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან საელჩოებს შორის, რომლებიც ჯერაც მოქმედებს ავღანეთის დედაქალაქში.

აზიზიმ სააგენტოს უთხრა, რომ შეთანხმება იმოქმედებს საცდელი პერიოდის განმავლობაში (ვადა დაზუსტებული არ არის), რის შემდეგაც ორივე მხარე, სავარაუდოდ, ხელს მოაწერს უფრო გრძელვადიან შეთანხმებას, თუ ისინი კმაყოფილნი იქნებიან თანამშრომლობით.

Reuters-ის მიხედვით, აზიზიმ უარი თქვა, ესაუბრა ფასთან და გადახდის მეთოდებთან დაკავშირებულ დეტალებზე, თუმცა დასძინა, რომ რუსეთი დათანხმდა ფასდაკლებას საქონელზე, გლობალურ ბაზარზე მოქმედ ფასთან შედარებით. პროდუქტი ავღანეთს საავტომობილო და სარკინიგზო გზებით მიეწოდება.

შეთანხმებას წინ უძღოდა რამდენიმეკვირიანი დისკუსია მოსკოვში, ავღანეთის ტექნიკური გუნდის მონაწილეობით.

ავღანეთის ხელისუფლებაში “თალიბანის” დაბრუნების შემდეგ, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში ჩაეფლო. საერთაშორისო დახმარებები, რომელთაც ქვეყანა ეყრდნობოდა, შემცირდა და ავღანეთი, პრაქტიკულად, მოწყდა საერთაშორისო საბანკო სისტემას.

აშშ-ის ოფიციალური პირები რეგულარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ “თალიბანთან” ქვეყნის საბანკო სისტემასთან დაკავშირებულ გეგმებზე. ვაშინგტონმა გამოაცხადა შვეიცარიული სატრასტო ფონდის შექმნის შესახებ ავღანეთის ცენტრალური ბანკის ზოგიერთი რეზერვებისთვის, რომელიც შეერთებულ შტატებში ინახება.

თავად “თალიბანი” მოითხოვს, მთლიანად გამოთავისუფლდეს $7 მილიარდიანი რეზერვები, რომლებიც აშშ-მა გაყინა დაჯგუფების ხელისუფლებაში დაბრუნებისთანავე.

აზიზის თანახმად, ავღანეთმა გარკვეული რაოდენობის გაზი და ნავთობი თურქმენეთიდან და ირანიდან მიიღო, ასევე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს პაკისტანთან, თუმცა კვლავ სურს, მეტი სავაჭრო პარტნიორი ჰყავდეს.

მისივე თქმით, საერთაშორისო მონაცემებმა აჩვენა, რომ ავღანელების უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა და მისი ოფისი მუშაობს ვაჭრობისა და ეკონომიკის მხარდასაჭერად საერთაშორისო ურთიერთობის გზით.

მეორე მხრივ, “დიდი შვიდეული” ცდილობს, მოძებნოს გზები, რათა შეზღუდოს რუსეთიდან ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავალი, მის მიერ წარმოებული ომის ფონზე უკრაინის წინააღმდეგ.

მოსკოვმა მოახერხა შემოსავლების შენარჩუნება აზიაში, განსაკუთრებით, ჩინეთსა და ინდოეთში ნედლი ნავთობის გაყიდვით. ევროკავშირმა 5 დეკემბრისთვის უნდა შეაჩეროს რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი, ხოლო 5 თებერვლამდე — რუსეთის ნავთობპროდუქტების.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი