საზოგადოება

“თალიბანის” 1 წელი: როგორ შეიცვალა ცხოვრება ავღანეთში

17 აგვისტო, 2022 •
“თალიბანის” 1 წელი: როგორ შეიცვალა ცხოვრება ავღანეთში

გასული წლის აგვისტოში, აშშ-ის ძალების მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის ფონზე, ისლამისტურმა “თალიბანმა” მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა დედაქალაქი ქაბული, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება დაამხო და ქვეყნის სათავეში დაბრუნდა.

1 წლის შემდეგ, ისლამისტების დაბრუნება საზოგადოებრივი ცხოვრების, ფაქტობრივად, ყველა სფეროშია შესამჩნევი:

გოგოებს — განათლების, ქალებს კი მუშაობისა და მოგზაურობის უფლება შეუზღუდეს, მუსიკა ოფიციალურად აკრძალეს, არაერთი უცხოური მედიასაშუალება დაბლოკეს, სამთავრობო უწყებებში მომუშავე კაცებს კი მოეთხოვებათ წვერის გაზრდა, ტრადიციული სამოსის ტარება და ლოცვისათვის განსაზღვრულ დროს სამუშაოს შეწყვეტა.

20-წლიანი სისხლისმღვრელი ომი დასრულდა და ქვეყანაში, დიდწილად, მშვიდობა დამყარდა, თუმცა ავღანეთი ამ დრომდე რჩება დიპლომატიურ იზოლაციაში, გასულ წლებში არაერთი მიმართულებით მიღწეული მეტ-ნაკლები პროგრესი შერყეულია, ეკონომიკა კი — მკვეთრად შემცირებული.

გასულ 1 წელიწადში ავღანეთი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის იყვნენ პირები, რომლებიც აშშ-თან და მის მოკავშირეებთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ. მრავალმა მათგანმა ქვეყნიდან გასვლა ვერ შეძლო და ამ დრომდე რისკის ქვეშ ცხოვრობს.

“თალიბანი”, რომელიც ამბობს, რომ უცხოელი ოკუპანტებისაგან გაათავისუფლა ქვეყანა, უწინდელი დაპირებების დიდ ნაწილს კვლავაც არ ასრულებს, რისი ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაც ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაა, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა დევნასა და სხვა პროცესებთან ერთად.

სად წავიდა ქალთა ფუნდამენტური უფლებები

1996-2001 წლები, როცა “თალიბანი” პირველად მოვიდა ავღანეთის სათავეში, ისლამისტური მოძრაობა “რკინის ხელით”, ულტრაკონსერვატიული ნორმებითა და სასტიკი სასჯელებით მართავდა ქვეყანას.

2021 წელს, როცა ხელისუფლებაში დაბრუნდა, “თალიბანი” ცდილობდა, საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ შეიცვალა.

მრავალ დაპირებას შორის ის ამბობდა, რომ ქალები “ძალიან აქტიურები” იქნებოდნენ საზოგადოებაში, თუმცა, “ისლამის ფარგლებში”. “თალიბანის” სპიკერმა მაშინ თქვა, რომ აღნიშნულ ფარგლებში ქალებს შეეძლებოდათ სწავლა და მუშაობა.

მომდევნო პერიოდში ისლამისტებმა აღადგინეს რიგი აკრძალვები, რომლებიც ქალებისთვის იყო დაწესებული “თალიბანის” პირველი მმართველობის დროს:

ქალებს საჯარო სივრცეებში სახის დაფარვა უბრძანეს, საზოგადოებრივ პარკებში გასასვლელად კონკრეტული დღეები განუსაზღვრეს, შედარებით შორ მანძილზე მოგზაურობა კი ქალს მხოლოდ კაცი ნათესავის თანხლებით შეუძლია.

დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ მთავრობებს ავღანეთში მრავალგზის აკრიტიკებდნენ, თუმცა მათ პირობებში ქვეყანამ ზოგიერთი მიმართულებით შესამჩნევი პროგრესი იხილა. მათ შორის იყო ქალთა განათლების, დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის მაჩვენებელი.

“თალიბანის ” ხელისუფლებაში დაბრუნების წლისთავზე ვითარება მკვეთრად არის შეცვლილი: დაპირების მიუხედავად, გოგოებისთვის ამ დრომდე მხოლოდ დაწყებითი სკოლებია ღია, საშუალო სკოლებში სწავლის გაგრძელების ნებას კი ამ დრომდე არ რთავენ.

აღნიშნულმა აკრძალვამ, რომლის გამართლებასაც “თალიბანი” ქალი მასწავლებლების ნაკლებებითა და სხვა გარემოებებით ცდილობს, “გაეროს” შეფასებით, 1.1 მილიონამდე გოგო დააზარალა, ასევე გაზარდა ძალადობისა და ბავშვთა ქორწინების რისკები.

განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, რომ სკოლებს გოგოებისთვის მას შემდეგ გახსნის, რაც შემუშავდება გეგმა “ისლამური კანონისა და ავღანური კულტურის” შესაბამისად, თუმცა ამ კუთხით ჯერად არაფერი შეცვლილა.

2022 წლის 13 აგვისტოს, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალებმა თავიანთი უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია მოაწყვეს. ეს პროტესტის იშვიათი გამოვლინება იყო ბოლო თვეებში. “თალიბანმა” რამდენიმე ათეული ქალი ჰაერში სროლით დაშალა. ფოტო: Wakil Kohsar/AFP

თებერვალში ზოგიერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის.

უკანასკნელ 1 წელიწადში ქალები შრომის ბაზრის მრავალ სექტორსაც ჩამოაშორეს. ორგანიზაცია “ამნესთი ინთერნეიშენალის” თანახმად, სამთავრობო უწყებებში დასაქმებული ქალების უმეტესობა სახლში გაუშვეს. გამონაკლისია რამდენიმე, მათ შორის, ჯანდაცვისა და განათლების სექტორი.

“როგორც ჩანს, თალიბანის პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ იმ ქალებს მისცემენ მუშაობის გაგრძელების საშუალებას, რომლებსაც კაცებით ვერ ჩაანაცვლებენ”, — ამბობს ორგანიზაცია.

მრავალი ქალი, რომელიც ერთ დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის კერძო სექტორში, სამსახურის გარეშე დარჩა. არაერთი ამბობს, რომ “თალიბანის” პირობებში სთხოვენ, კაცი ნათესავები გაუშვან იმ პოზიციებზე სამუშაოდ, რომლებიც მანამდე თავიანი შრომით დაიკავეს.

მათ, ვინც უფლებების შეზღუდვა “თალიბანის” დაბრუნების პირველ პერიოდში გააპროტესტა, მძიმე ფასის გადახდა მოუწიათ: ორგანიზაცია “ამნესთი ინთერნეიშენალის” ანგარიშის მიხედვით, დემონსტრანტ ქალებს ემუქრებოდნენ, აკავებდნენ, ავიწროებდნენ და აწამებდნენ.

ორგანიზაციის თანახმად, გოგოებსა და ქალებს აკონტროლებენ და ზღუდავენ ყოველ ნაბიჯზე — სკოლაში, სამუშაო ადგილებსა თუ სახლიდან გამოსვლისას. მიუხედავად მძიმე ვითარებისა, ქვეყანაში რჩებიან ქალი აქტივისტები, რომლებიც კვლავ იბრძვიან ცვლილებისთვის.

“ჩემი ერთ-ერთი ქალიშვილი უნივერსიტეტში უნდა სწავლობდეს, მეორე კი — მე-11 კლასში. როცა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვუყურებ, არ მაქვს სხვა არჩევანი, გარდა პროტესტისა. სანამ ჩვენს უფლებებს არ დავუბრუნებ, არ გავჩუმდები”, — უთხრა გერმანულ მედიას აქტივისტმა ჟოლია პარსიმ.

რა პოლიტიკას ატარებენ “თალიბანის” ყოფილი ოპონენტებისა და მედიის მიმართ

ქაბულის დაკავების შემდეგ “თალიბანმა” საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა დამხობილი მთავრობის წარმომადგენლებზე და პირობა დადო, რომ ყოფილ ოპონენტებზე შურს არ იძიებდა.

ისლამისტური მოძრაობის მიერ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, ასევე, ითქვა, რომ მედია დამოუკიდებელი იქნებოდა, თუმცა ჟურნალისტებს არ უნდა ემუშავათ “ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ”.

გერმანული “დოიჩე ველე”, რომელმაც მიმდინარე დღეებში “თალიბანის” დაპირებების ანალიზი გამოაქვეყნა, სიცრუედ აფასებს ორივე ზემოხსენებულ მტკიცებას:

ხელისუფლებაში “თალიბანის” დაბრუნების შემდგომ დღეებში მომზადებულ ანგარიშებში საუბარია როგორც შურისძიების მიზნით ჩადენილ მკვლელობებზე, ისე იმ შემთხვევებზე, როცა ისლამისტები კარდაკარ ეძებდნენ თავიანთ ოპონენტებს.

“თალიბანი” აღნიშნავს ხელისუფლებაში დაბრუნების წლისთავს ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში. ფოტო: EPA 

როგორც “დოიჩე ველე” წერს, ჩანს, რომ საწყისი პერიოდის შემდეგ ადგილი არ ჰქონია ისეთ მასშტაბურ შურისძიებას, რომლისაც არაერთს ეშინოდა ისლამისტების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ.

მიუხედავად ამისა, გაეროს დამხმარე მისიამ ავღანეთში (UNAMA) გასული წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის ივნისამდე პერიოდში აღრიცხა ყოფილი მთავრობისა და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენელთა მკვლელობის სულ მცირე 160 შემთხვევა. ამავე ორგანიზაციის მიერ  აღრიცხულია ხსენებულ პირთა თვითნებურად დაპატიმრების 178 და წამების 56 შემთხვევა.

დაპირებების საპირისპიროდ, “თალიბანის” ავღანეთში არც მედიის მდგომარეობაა სახარბიელო. ხელისუფლებაში მათი დაბრუნებიდან მალევე გავრცელდა ცნობა, რომ “თალიბანმა” ნათესავი მოუკლა “დოიჩე ველეს” ჟურნალისტს, რომელსაც კარდაკარ ეძებდნენ. ამას მოჰყვა “თალიბანის” საწინააღმდეგო აქციის გაშუქებისას დაკავებულ ჟურნალისტთა მონაყოლი მათი სასტიკად ცემის შესახებ.

ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) თანახმად, ავღანეთში 2021 წლის აგვისტომდე მოქმედი 547 მედიასაშუალებიდან 219 დაიხურა, ქვეყანაში მომუშავე 11 857 ჟურნალისტიდან კი მუშაობას ამ დროისთვის მხოლოდ 4 759 მათგანი განაგრძობს.

“ეს ყველაფერი ღრმა ეკონომიკური კრიზისისა და პრესის თავისუფლების დევნის ფონზე მოხდა”, — წერს ორგანიზაცია.

ავღანელი ჟურნალისტები, რომლებიც 2021 წლის სექტემბერში ქაბულში ქალთა დემონსტრაციის გაშუქებისას დააკავეს და სცემეს. ფოტო: AP/Bernat Armangue 

იანვარში “თალიბანი” ამბობდა, რომ ავღანეთში პრესა თავისუფალია, მათ მთავრობას არც ერთი მედიაორგანიზაცია არ დაუხურავს და ზოგიერთმა მათგანმა ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტა მუშაობა.

პრესის თავისუფლებაზე საუბრის ფონზე, მარტში, “თალიბანმა” დაბლოკა არაერთი საერთაშორისო მედიასაშუალება, მათ შორის- BBC, “ამერიკის ხმა” და “დოიჩე ველე”, მოგვიანებით კი სულ მცირე 10 ჟურნალისტი დააკავა.

წნეხი განსაკუთრებით შესამჩნევია ქალი ჟურნალისტების შემთხვევაში: RSF-ს მიხედვით, 76%-მა სამსახური დაკარგა, 34-დან 11 პროვინციაში კი ქალი ჟურნალისტი ფიზიკურად აღარ დარჩა. იმ ქალებს, რომლებიც ტელევიზიებში ამ დრომდე რჩებიან, სახის ნაწილის დაფარვის გარეშე ეთერში გამოჩენა აეკრძალათ.

“თალიბებმა არაერთხელ სცადეს ჩემი დაპატიმრება. რამდენჯერმე მოვიდნენ ჩვენთან, სახლში. მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახი გააფრთხილეს, არ მქონდა სხვა გზა, გარდა ავღანეთის დატოვებისა”, – უთხრა DW-ს ჟურნალისტმა სალეჰა აინიმ, რომელიც სხვა არაერთი ჟურნალისტის მსგავსად წავიდა ქვეყნიდან.

ეკონომიკა — ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა

ივნისში “გაეროს” უსაფრთხოების საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ავღანეთის ხელისუფლებაში “თალიბანის” პირობებში ავღანეთის ეკონომიკა დაახლოებით 30-40%-ით შემცირდა.

მილიონობით ავღანელი უმუშევარია, მათი საბანკო ანგარიშები კი — გაყინული. მრავალი მოქალაქე თავის ქონებას ყიდის საკვების საშოვნელად.

ისლამისტების ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ავღანეთისთვის საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილის შეჩერებამ და ქვეყნის სავალუტო რეზერვებზე წვდომის შეზღუდვამ ქვეყნის ეკონომიკაზე სერიოზულად იმოქმედა.

საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვის გარდა, ავღანეთის ეკონომიკაზე ასევე მოქმედებს უსაფრთხოების გამოწვევები, მსოფლიო ინფლაცია თუ კლიმატური პირობები.

ხსენებული პრობლემების დასაბალანსებლად “თალიბანი” შეეცადა, გაეზარდა საგადასახადო შემოსავლები და  ქვანახშირის ექსპორტი.

კაცი ყაყაჩოს პლანტაციაში. ავღანეთის სამხრეთი, ყანდაჰარის პროვინცია. 2017 წელი. ფოტო: EPA

იანვარში გამოქვეყნებული 3-თვიანი ბიუჯეტი აჩვენებს, რომ 2021 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე მან $400 მილიონის შეგროვება შეძლო შიდა შემოსავლების სახით, თუმცა, როგორც BBC წერს, ექსპერტებს აშფოთებთ აღნიშნული მონაცემების შეჯერების პროცესის გაუმჭვირვალობა.

ხელისუფლებაში დაბრუნებისას “თალიბანმა” პირობა დადო, რომ ნულამდე დაიყვანდა ავღანეთში ოპიუმის ყაყაჩოს წარმოებას, რომლისგანაც ჰეროინი მზადდება. ათწლეულების მანძილზე ავღანეთი მიიჩნეოდა ჰეროინისა და ოპიუმის უდიდეს მწარმოებლად და ექსპორტიორად.

აპრილში “თალიბანმა” მართლაც აკრძალა ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანა, მათ კი, ვინც არ დაემორჩილება აკრძალვას, პატიმრობითა და ნაკვეთების გადაწვით დაემუქრა. მთავრობის წარმომადგენელმა მედიას უთხრა, რომ “თალიბანი” მეურნეობის ალტერნატიული კულტურების მოძიებაზე მუშაობს, რათა ფერმერებს შემოსავალი შეუნარჩუნდეთ.

როგორც ჩანს, ყაყაჩოს ნაწილში “თალიბანი” მიჰყვება თავის დაპირებას”, თუმცა, როგორც “დოიჩე ველე” წერს, ექსპერტები მსჯელობენ, რამდენად ეფექტური და მდგრადი იქნება ხსენებული აკრძალვა ახლა. ნარკოტიკების ტრეფიკინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია ავღანეთის მყიფე, მრავალი პრობლემის წინაშე მდგარი ეკონომიკისთვის.

უსაფრთხოება — როგორ შეიცვალა სურათი

ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გასვლისა და “თალიბანის” ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ დასრულდა სისხლისმღვრელი ომი, რომელიც ქვეყანაში 20 წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

ახლა, როცა “თალიბანი” ავღანეთის სათავეში მოსვლის 1 წლისთავს ზეიმობს, ისლამისტური მოძრაობა სწორედ უსაფრთხოების საკითხს გამოყოფს თავის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად.

როცა “ალ-ჯაზირამ” “თალიბანის” ერთ-ერთ ლიდერს, ანას ჰაქანის მოძრაობის ძველ დაპირებებზე, მათ შორის, ქალთა უფლებებსა და ინკლუზიურ მთავრობაზე ჰკითხა, ჰაქანიმ უპასუხა, რომ მსოფლიო არ უნდა ელოდოს “თალიბანის” მხრიდან ყველა მიზნის “ერთ ღამეში” მიღწევას.

“ნუ ელით ჩვენგან, რომ არსებული გამოწვევების ფონზე მივაღწევთ ყველაფერ იმას, რასაც სხვებმა გასული 20 წლის მანძილზე ვერ მიაღწიეს”, — დასძინა მან.

ანას ჰაქანი. ფოტო: Al-Jazeera 

მეორე მხრივ, ჰაქანი მკვეთრი თავდაჯერებით საუბრობდა იმის შესახებ, რომ “ბოლო 40 წელიწადში” პირველად ხდება, როცა მთავრობა ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებს და უწინდლისგან განსხვავებით, ქვეყანაში აღარ მოქმედებენ “სპეციალური შეიარაღებული ჯგუფები”.

ფაქტი, რომ ავღანეთში ომი დასრულდა, მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე მართლაც აისახა. გასული წლის აგვისტოდან 2022 წლის ივნისამდე 700 სამოქალაქო პირია დაღუპული და 1 200 — დაშავებული. თუმცა, “გაეროს” მიხედვით, ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია გასული წლების მაჩვენებელთან შედარებით.

ხსენებულ პერიოდში დაღუპულთა 50% ტერორისტული ორგანიზაციის “ისლამური სახელმწიფო” იმ განშტოებას მიეწერება, რომელიც ავღანეთში დღესაც აქტიურია და არაერთგზის ესხმის თავს სამოქალაქო პირებს, განსაკუთრებით, შიიტ მუსლიმებსა და ეთნიკურ უმცირესობებს.

“გაეროს” ინფორმაციით, ავღანეთში “თალიბანის” მოწინააღმდეგე, სულ მცირე, 10 შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს. მათ შორისაა “ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტი”, რომლის მებრძოლებიც “თალიბანისადმი” წინააღმდეგობით ცნობილ პანჯშირის ხეობაში არიან გამაგრებულნი.

პანჯშირის ხეობა. ფოტო: EPA

“თალიბანი” ხეობაში შევიდა გასული წლის სექტემბერში, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები კვლავ ცდილობენ ხეობაზე კონტროლის დამყარებას და პერიოდულად ვრცელდება ცნობები შეტაკებებზეც. ადგილობრივები ჩივიან “თალიბანის” მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, მათ შორის, მკვლელობებზე, წამებასა და  თვითნებურ დაკავებებზე.

ხელისუფლებაში დაბრუნებიდან დღემდე “თალიბანი” საერთაშორისო საზოგადოებისგან თავისი მთავრობის აღიარებას ითხოვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე,  თუმცა ეს ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ გაუკეთებია.

იანვარში “გაერომ” განაცხადა, რომ $4.4 მილიარდია საჭირო ავღანეთისთვის, რათა “მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ჰუმანიტარული კრიზისი” მეტად არ გაუარესდეს. თუმცა საერთაშორისო საზოგადოება თავს არიდებს თანხების პირდაპირ “თალიბანისთვის” გადაცემას იმის შიშით, რომ დაჯგუფება ფულს მოიხმარს იარაღის საყიდლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი