კომენტარისაზოგადოება

“ქართული ოცნება” რუსული ოცნებაა – სალომე ზურაბიშვილი 

12 აპრილი, 2024 •
“ქართული ოცნება” რუსული ოცნებაა – სალომე ზურაბიშვილი 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დღეს უკვე “რუსული ოცნებაა”.

მან ამ საკითხზე დღეს, 12 აპრილს ისაუბრა ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია”.

მისი თქმით, ის არ შეცვლილა და მისი მიზანი კვლავ საქართველოს ევროინტეგრაციაა, თუმცა შეიცვალა “ქართული ოცნება” და მთავრობა.

“ის, რაც არა მაქვს ასახსნელი, არის ის, რომ მე არ შევცვლილვარ.  მე ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს საქართველოს დამონება და არ მეგონა, რომ იმ პერიოდში ვიქნებოდი, როცა ეს მცდელობა განახლდებოდა.

მე არ შევცვლილვარ, მაგრამ შეიცვალა ან გამოაშკარავდა მთავრობა, უმრავლესობა, ეს პარტია [ქართული ოცნება]. იმიტომ, რომ ეს არის პარტია, რომელმაც კონსტიტუციაში შემოიტანა ევროინტეგრაცია. იმ პერიოდში მე ვფიქრობდი, რა საჭიროა ეს კონსტიტუციაში, ჩვენ ხომ ამ გზით მივდივართ, რატომ გვჭირდება, რომ ჩავწეროთ…

და უცებ, ეს მთავრობა ზედიზედ იღებს ისეთ ნაბიჯებს…  და ეს აჩქარდა უკრაინის ომის შემდგომ,  მაგრამ დაიწყო შარლ მიშელის დოკუმენტის გადაგდების შემდეგ. ჯერ ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალაუფლების შენარჩუნება და ეს იყო მთავარი მოტივაცია უკრაინაში  [ომის] შემდეგ, მათი ტოტალური ცვლილება არის გამოწვეული, მე ამაში დღეს ვარ ტოტალურად დარწმუნებული, მაგრამ ეს იყო პროცესი რუსეთის ზეწოლის, რომელიც გაიზარდა, გაიზარდა და გაიზარდა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, აქამდე თავს იკავებდა ამის შესახებ საუბრისგან, რადგან პრეზიდენტს მოეთხოვება ნეიტრალობა, თუმცა ახლა ქვეყანა ისეთ გზაჯვარედინზეა, ეს არის ევროპის გზის გადარჩენა:

“ახლა უკვე ჩვენ ვართ ისეთ გზაჯვარედინზე და ისეთ ან-ან სიტუაციაში, რომ ის, რაც მოეთხოვება პრეზიდენტს..  მე დიდხანს თავს ვიკავებდი ბევრ რამეზე, იმიტომ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი როცა კვალიფიკაციას აძლევს ქვეყნის მთავრობას, მაგალითად, ეს პრორუსულია თუ არა, უამრავჯერ მკითხეს უცხოეთში და ყოველთვის თავს ვიკავებდი.  არ შეიძლება გადაუჭრა ქვეყანას თავისი გზა.

დღეს სახელმწიფოზე ფიქრი არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და არის ამ გზის, ევროპის გზის გადარჩენა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი