ახალი ამბები

რატომ აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან ხაბეიშვილსა და პეტრე ცისკარიშვილს

26 სექტემბერი, 2022 • 952
რატომ აკრიტიკებს ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან ხაბეიშვილსა და პეტრე ცისკარიშვილს

ნანუკა ჟორჟოლიანმა დღეს ფეისბუკის პირდაპირი ეთერის მეშვეობით განცხადება გაავრცელა და საჯაროდ გააკრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – პეტრე ცისკარიშვილი და ლევან ხაბეიშვილი.

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მის მხარდამჭერ ინიციატივაზე უარი განაცხადა და მის დავალებულ ინიციატივებს არ ასრულებდნენ.

კერძოდ, ცისკარიშვილის ეპიზოდი, ჟორჟოლიანის თანახმად, ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით აქციების დროს სცენისა და აპარატურის დაფინანსებას რუსთავის ციხესთან, რაზეც პარტიაში უთხრეს, რომ დაფინანსების საკითხს ცისკარიშვილი განაგებდა, მან კი უთხრა, რომ „რუსთავის ციხე ჩვენი პრიორიტეტი არ არის“.

რაც შეეხება ხაბეიშვილს, ჟორჟოლიანის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა პარტიას დაავალა სამი აქტივობა, მათ შორის „ორიგინალური ფორმის, არაორდინალური ფორმის აქციები სხვა ჟანრში“, რაც ლევან ხაბეიშვილსა და მას უნდა გაეწიათ ორგანიზება, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით ჟორჟოლიანთან ერთი შეხვედრის შემდეგ ხაბეიშვილი „დაიკარგა“.

„მერე გავარკვიე, რომ გაუკეთებია საგამოძიებო ორგანიზაცია და იქიდან ებრძვის ბიძინას“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

„ცალკე ამბავი იყო ის, რომ პოლიტიკური აქტივობები დაგვეგეგმა და მიშამ კონკრეტულ პირებზე მომწერა, ეს ადამიანები ჩართეო… როგორც კი იგებდნენ, რომ მიშასთან რამე გაფაჩუნდებოდა… მიშა თუ სადმე უნდა ყოფილიყო აქტუალური, ირგვლივ ყველაფერი კვდებოდა“,

ჟორჟოლიანმა ასევე ისაუბრა ნიკა მელიასთან ურთიერთობაზე. თქვა, რომ მათ შორის ურთიერთობა დამძიმდა და იყო ჩხუბიც – „მეც მქონდა მასთან ობიექტური და ადამიანური პრეტენზია, ფული არ აქვს პარტიას,  „ოკ“,  გავიგე, შეიძლება დამფინანსებელი დღის წესრიგს ქმნიდეს, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ჩემი ადამიანური პრეტენზია მქონდა და დღემდე მაქვს, როგორც კაცმა, არ იბრძოლა მიშასთვის. ჩემი გადასახედიდან ასე იყო“.

„მაგრამ ესენი ახლა მელიას ამისთვის კი არ ებრძვიან, ესენი მელიას საერთოდ არ ებრძვიან, მიშასთვის ბრძოლის მეთოდებს ებრძვიან. არა, იმაზე ფიქრობენ, რომ შიდა ძალთა გადანაწილება როგორი იქნება, კიდევ ამისი რესურსი და თავი აქვთ“, – დასძენს ის.

ჟორჟოლიანის ლაივის შემდეგ საპასუხო კომენტარის სახით ფეისბუკზე განცხადება გაავრცელა ლევან ხაბეიშვილმა. მან დაწერა, რომ თანამებრძოლებთან ერთად „უანგაროდ ვებრძვით ოლიგარქიულ რეჟიმს უკვე 10 წელია“.

„ცოტა უცნაურია, მართლა, და დავიბენი. ჩვენზე მეტს შრომობს ვინმე? ჩვენზე მეტს დადის ვინმე და მუშაობს? ჩვენზე მეტი მამხილებელი არის კიდევ ქვეყანაში? ჩვენზე მეტი იარა ვინმემ ევროპაში და პრეზიდენტ სააკაშვილის თემაზე ისაუბრა? ჩვენზე მეტჯერ ვინმე საუბრობს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხზე? ჩვენზე მეტ მტერს იჩენს ვინმე ამ ქვეყანაში? სუს-ის უფროსი სასამართლოში მიჩივის, უჩა მამაცაშვილი სასამართლოში გვიჩივის, ვანო ჩხარტიშვილი ბრიტანეთის სასამართლოთი მემუქრება, „ტვ იმედი“ კვირაში 3 სიუჟეტს მიძღვნის, „პოს ტვ“ სერიალებს იღებს ჩემს გასაშავებლად და ამ დროს ….

არ ვაპირებ ზოგიერთებივით პრეზიდენტ სააკაშვილის წერილების ფრიალს და ასეთი მეთოდებით მხარდაჭერის მოპოვებას. მაქვს ჩემი ხალხის გონიერების იმედი და ყველას აქვს ჭკუა და თავი იმისთვის, რომ შეაფასოს მოვლენები, პოლიტიკოსები და შესაბამისი დასკვნები თავად გამოიტანოს. ცხადია, უნაკლოდ არ მიმაჩნია ჩემი თავი ამ ბრძოლაში, თუმცა არც აუგი დაგვიმსახურებია. გულწრფელად ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვინც ტალახს ისვრის არასწორი მიმართულებით და მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ იმავეთი გავცე პასუხი“, – დაწერა მან.

ჯერჯერობით პეტრე ცისკარიშვილს მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი პოზიციის მოსასმენად ნეტგაზეთი დაუკავშირდა ენმ-ის პრესსამსახურს, თუმცა პარტიაში გვითხრეს, რომ ის ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ასევე დაგვპირდნენ, რომ შეგვატყობინებდნენ პარტიის მხრიდან დამატებითი განცხადების შემთხვევაში.

განახლება: ფეისბუკზე გავრცელებული განცხადებით ჟორჟოლიანს უპასუხა პეტრე ცისკარიშვილმაც. მან დაწერა, რომ ტელეწამყვანის მიერ გავრცელებული ცნობები სიცრუეა. მან თქვა, რომ „ჩვენ დავაორგანიზეთ ათეულობით აქცია, მსვლელობა, პიკეტი როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში,“.

„არც ერთი ნაბიჯი არც მაშინ, არც შემდგომში, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობასთან, რეალურად კი სამკვდრო-სასიცოცხლო მძევლობასთან დაკავშირებით, არ გადაგვიდგამს მასთან კონსულტაციის და ძირითადი პრინციპების შეჯერების გარეშე.

ქ-ნ ჟორჟოლიანს კი ვურჩევ, ებრძოლოს ბოროტებას, ესე იგი `რუსულ ოცნებასა`და ქვეყნის მიმტაცებელ ოლიგარქ ივანიშვილს, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტი ეჭვის, უიმედობისა და ხელჩაქნეულობის გაღვივებით ახარებდეს ჩვენი ქვეყნის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტრებს,“ – წერს ცისკარიშვილი.


21 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მას მიაჩნია, ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის”.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილმა, – ლევან ხაბეიშვილმა, დავით კირკიტაძემ, გიორგი ბოტკოველმა, – მელია ამ ნათქვამის გამო გააკრიტიკეს.

მათ შემდეგ პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმაც განაცხადა, რომ მელიას მიერ დავით კეზერაშვილის კრიტიკა „არასწორია“.

მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით არ გაუკეთებია პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი.

25 სექტემბერს ენმ-ის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა აქტივისტმა, მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი მუმლაძემ დაწერა, რომ ნიკა მელიას დაცვის წევრებმა მას და მის თანაგუნდელებს დაარტყეს, შემდეგ კი პარტიის ერთ-ერთი წევრი ანგარიშსწორებით დაემუქრა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მუმლაძეს პროვოკაციაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დაცვამ ის და მისი თანაგუნდელები აღკვეთის მიზნით გაიყვანეს ოთახიდან. პარტიის წევრი მუქარას უარყოფს.

ვრცლად პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ნეტგაზეთი გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი