ახალი ამბები

რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკისგან, მით უკეთესი – მელია კეზერაშვილზე

22 სექტემბერი, 2022 • 1264
რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკისგან, მით უკეთესი – მელია კეზერაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მას მიაჩნია, რომ ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

21 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ ტელეწამყვანმა, თამთა სანიკიძემ ნიკა მელიას გაახსენა მისი ნათქვამი: „ჩემთვის ოლიგარქი მიუღებელია, გინდ ოპოზიციონერი და გინდ ხელისუფლებაში მყოფი, გინდ „ჩემიანი“ და გინდ „შენიანი“, გინდ ქვეყანაში და გინდ მის გარეთ მყოფი“. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ვის გულისხმობდა, რაზეც მელიამ უპასუხა:

„ოპოზიციურ ველზე არ არიან მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტისა, – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, – არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და არა ვიღაცა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, დავამარცხოთ. მე მინდა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე, გამარჯვება, რათა წარმატებული სახელმწიფო ვიხილოთ მომავალ წლებში. და მე ვერ ვხედავ ასეთ სახელმწიფოს, თუკი თუნდაც მოოლიგარქო ტიპაჟები/პერსონაჟები რაიმე ტიპის ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ან ვიწრო პირთა წრეს ექნება გავლენა დაუმსახურებლად“.

წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, გულისხმობს თუ არა დავით კეზერაშვილს, მელიამ უპასუხა:

„კეზერაშვილს რაც შეეხება: მე ამ ადამიანს ხელი ჩამოვართვი შარშან, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. მანამდე მე მას არ ვიცნობდი. ჩემი მისდამი დამოკიდებულება ცნობილი იყო. გასაგები იყო ის, რაც ვთქვი. და მე უკვე ნათქვამი მქონდა, რომ ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დაამარცხოს რეჟიმი.

მე ეს რწმენა არა მაქვს დღეს [კეზერაშვილთან დაკავშირებით]. მე ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მაქვს, არც მექნება და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უკეთესი იქნება მისთვის პირადად, ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის და, მით უფრო, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესისთვის“, – განაცხადა მელიამ.

მელია-კეზერაშვილის ურთიერთობა

ნიკა მელია, რომელიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის 2014 წლიდან გამოჩნდა, თავდაპირველად 2017 წელს დაუპირისპირდა საჯაროდ დავით კეზერაშვილს.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის იანვარში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტარებისა და წევრების დიდი ჯგუფი გამოეყო და „ევროპული საქართველოს“ სახელით გააგრძელა საქმიანობა, ნიკა მელიამ განაცხადა:

„არა მაქვს მე მორალური უფლება, ვაკრიტიკო [„ოცნებასთან“ აფილირებული ოთარ] ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ იმ პარტიაში, რომლის პოლიტსაბჭოსაც ვხელმძღვანელობ, იყო ადამიანი წლების წინ, რომელმაც სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები, ასობით მილიონი – ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით, და ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ ევროპულ საქართველოს აფინანსებს“ [ამ ბრალდებებს პარტიაში „აბსურდული“ და „ქოცური ნარატივი“ უწოდეს].

თუმცა მოგვიანებით, 2021-22 წლებში, ნიკა მელიამ რიტორიკა შეცვალა: მისი თქმით, კეზერაშვილი გაიცნო 2021 წელს, – მას შემდეგ, რაც პატიმრობიდან გაათავისუფლეს (კერძოდ, მელიას მონათხრობის თანახმად, გათავისუფლების შემდეგ ის ჯერ სააკაშვილს შეხვდა კიევში, შემდეგ კი, „სხვა ქვეყანაში“].

2022 წლის 23 აპრილს მელიამ განაცხადა, რომ კეზერაშვილის მხრიდან დასმულ კითხვებზე ამ შეხვედრისას „დამაკმაყოფილებელი პასუხი“ მიიღო და მზად იყო მასთან პარტნიორობისთვის „ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ.

„ამ ადამიანმა, შეუიარაღებელი თვალითაც [ჩანს], ისეთი ნაბიჯები გადადგა, რაც ამ ქვეყნის დემოკრატიულ წესწყობილებას ხელს შეუწყობს მომავალში უფრო, ვიდრე ახლა უწყობს. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „ფორმულა“ ჩამოაყალიბა – უკვე ცხადი იყო, რომ ჩემი სხვადასხვა დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ აწმყოში იყო სხვაგვარი და მცდარი“, – განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ნებისმიერ ადამიანთან ეცდებოდა საერთო ენის გამონახვას, რადგან „ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას არ ჰყოფნის მხოლოდ გულანთებულობა“.

ახლა მელია აცხადებს, რომ არ სჯერა, რომ კეზერაშვილი ამ ბრძოლაში „გულწრფელია“.


დავით კეზერაშვილი, რომელიც ადრე მიხეილ სააკაშვილის თანაშემწე იყო იუსტიციის სამინისტროში, 2006-08 წლებში იყო თავდაცვის მინისტრი (მან ამ პოსტზე ირაკლი ოქრუაშვილი ჩაანაცვლა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა თავდაცვის უწყებას 2008 წლის აგვისტოს ომის დროს).

კეზერაშვილს, უზენაესი სასამართლოს 2021 წლის სექტემბრის გადაწყვეტილებით, 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი „წვრთნების საქმეზე“, სადაც 5 მლნ-ზე მეტი თანხის გაფლანგვას ედავებოდნენ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში.

2016 წელს ჟურნალისტური გამოძიების, „პანამა ფეიფერსის“ თანახმად, 2012 წელს კეზერაშვილის ერთ-ერთი კომპანიის სახელზე ჟენევის ბანკში ანგარიშები გაიხსნა და ჯერ 20, შემდეგ კი 25 მლნ ფრანკი ჩაირიცხა.

კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იან წილს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი