ახალი ამბები

უდროო, არასწორი აქცენტებია – ცისკარიშვილი კეზერაშვილის მელიასეულ კრიტიკაზე

22 სექტემბერი, 2022 • 1105
უდროო, არასწორი აქცენტებია – ცისკარიშვილი კეზერაშვილის მელიასეულ კრიტიკაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილის შემდეგ, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილიც აცხადებს, რომ პარტიის თავმდჯომარის, ნიკა მელიას მიერ დავით კეზერაშვილის კრიტიკა „არასწორია“.

„აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით არის გადატანილი და დასმული აქცენტები. მთელი ენერგია უნდა იხარჯებოდეს ამ ქვეყნის მთავარი პრობლემის, მთავარი ოლიგარქის, უფრო მეტიც, მონარქობის მსურველი ადამიანის ხელისუფლებისგან ჩამოცილებაზე. მისი სახელი და გვარი ყველამ ვიცით – ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა 22 სექტემბერს პეტრე ცისკარიშვილმა.

ცისკარიშვილის სიტყვებით, დავით კეზერაშვილი  „არის ოპოზიციურ ბრძოლაში ჩართული ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე, რომელსაც ეს რეჟიმი დევნის, ქონებას უყადაღებს, უფრო მეტიც, შეეცადნენ მის დაპატიმრებას ევროპაში, მაგრამ იქ თავისუფალმა და დამოუკიდებელმა სასამართლომ გაამართლა და გამოუშვეს“.

„ასეთ ადამიანთან მხოლოდ შეიძლება ვითანამშრომლოთ, კოორდინაციაში ვიყოთ, მით უმეტეს, რომ ის ერთ-ერთი ძირითადი კრიტიკული მედიის დამფუძნებელიც არის. აქცენტების გადატანა იმ კაცზე, რომელიც ოპოზიციონერია, რომელსაც რეჟიმი დევნის, არის უდროო, არასწორი და, მე ვთვლი, არ არის მიზანშეწონილი“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.


„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მას მიაჩნია, რომ ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის. მან ასევე ახსენა ტერმინი „მოოლიგარქო ტიპაჟი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილმა, – ლევან ხაბეიშვილმა, დავით კირკიტაძემ, გიორგი ბოტკოველმა, – მელია ამ ნათქვამის გამო გააკრიტიკეს.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი