ახალი ამბები

„ისრების გადატანა“ – ენმ-ის ლიდერების ნაწილი მელიას აკრიტიკებს კეზერაშვილზე ნათქვამის გამო

22 სექტემბერი, 2022 • 1106
„ისრების გადატანა“ – ენმ-ის ლიდერების ნაწილი მელიას აკრიტიკებს კეზერაშვილზე ნათქვამის გამო

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას აკრიტიკებს მისი განცხადების გამო დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.

„გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო. იმ პირობებში, როდესაც რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის დასუსტებული და საკუთარი თანაგუნდელები ამხელენ კრემლთან გარიგებაში მთავრობის წევრებს, ამ დროს ისრების გადატანა ენმ-ის თავმჯდომარის მხრიდან არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, „ამ ქვეყაანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი“.

„დავით კეზერაშვილი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ; ისიც აღიარებული პოლიტიკური დევნილია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით და ევროპული რეზოლუციით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ენმ-ის წევრმა, პარლამენტარმა გიორგი ბოტკოველმაც განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში „ერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის არსებობის შესახებ“ იცის, რომელიც „ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს“:

„ახლა, კეზერაშვილზე შემიძლია ერთი რამე ვთქვა, თქვენი ტელევიზია და ის მაგარი გუნდი, რომელიც მართლა იბრძვის ივანიშვილის დაფუძნებლი ოლიგარქიის წინააღმდეგ, მისი დამფუძნებელია. მე ნებისმიერთან ვითანამშრომლებ და ვიმეგობრებ, რომელიც ივანიშვილის დამარცხებაში იქნება ჩართული“, – განუცხადა ბოტკოველმა ტელეკომპანია „ფორმულას“.

მელიას მიერ კეზერაშვილის კრიტიკას „უცნაური განცხადება“ უწოდა ენმ-ის კიდევ ერთმა პარლამენტარმა, დავით კირკიტაძემ და განაცხადა:

„ბუნებრივია, მთელი საზოგადოების, – არამხოლოდ ოპოზიციის, ამ ქვეყნის ყველა პატრიოტის, – მთავარი ამოცანაა, ოლიგარქი, რომელიც გვაშორებს ევროპას და რომელმაც ამდენი პრობლემა შეგვიქმნა, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლების ყველა შტო, არის მთავარი პრობლემა. ისრების გადატანა ახლა და სხვა საკითხებზე ენერგიის ხარჯვა არ არის სწორი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, მას მიაჩნია, რომ ენმ-ის მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი „არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება იგი პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

ვრცლად ამ საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი