ახალი ამბები

რას გეგმავს წულუკიანი თეატრებში

22 სექტემბერი, 2022 • 721
რას გეგმავს წულუკიანი თეატრებში

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გეგმავს, თეატრების საკანონმდებლო რეფორმა გაატაროს. ეს რეფორმა შეეხება როგორც თეატრების კატეგორიზაციის, ასევე მათი დაფინანსების საკითხს.

ამასთანავე, თავის გამოსვლაში წულუკიანმა გააკრიტიკა სახელმწიფო თეატრების ნაწილი და თქვა, რომ ზოგიერთ მათგანს კონკურენციის ეშინია – „ძალიან ძნელია, როდესაც მუდმივობის განცდის, მაინც არაფერი მევალება-ს განცდის პირობებში, ორგანიზაციას აქვს შემოქმედებითი ფუნქცია,“.

რა თქვა წულუკიანმა?

დღეს თეა წულუკიანი პარლამენტში სიტყვით გამოდის. დეპუტატებთან საუბრისას მან თქვა, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს კულტურის კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც თავებად იქნება დაყოფილი.

ამ კოდექსის ორი თავი ეხება თეატრის სფეროს. შესაბამისად, ცვლილების შემდეგ ნაცვლად კანონისა „პროფესიული თეატრების შესახებ“, შეიქმნება კოდექსის თავი თეატრებზე – „ძირეულ, ფუნდამენტურ ცვლილებებთან ერთად“.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება თეატრების ტიპებისა და კატეგორიების ჩამოყალიბებას ეხება. ამ გადაწყვეტილებას წულუკიანი ასე განმარტავს:

„კანონში გაჩნდება თეატრების ტიპების ჩამონათვალი: ოპერისა და ბალეტის, დრამატული, არავერბალური, მცირე ფორმების, მუსიკალური და სინთეზური. შედეგად გამარტივდება გარკვეული რეგულაციების ერთი და იმავე ტიპის თეატრებისათვის მიბმა ანუ დაკავშირება.

პირველად დადგინდება თეატრების კატეგორიები: სახელმწიფო- ეროვნული და ასეთი ამჟამად გვაქვს ერთი, ეს გახლავთ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრი; სახელმწიფო თეატრი; სახელმწიფო რეგიონული თეატრი; მუნიციპალური თეატრი; შერეული თეატრი და კერძო თეატრი. ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი მუნიციპალური, შერეული და კერძო თეატრები და მათ საქმიანობაზე, პრინციპში, თეატრების დღევანდელი კანონმდებლობა თვალს ხუჭავს იმიტომ, რომ კანონი მოძველებულია, ან თითქოსდა არ მიიჩნევს რეალურ თეატრებად, არადა უნდა ვთქვა, სახელმწიფო ზოგიერთ თეატრს შეიძლება ეწყინოს კიდეც, რომ არის რამდენიმე კერძო თეატრი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სჯობს დარჩეს კერძო და სამინისტრომ ხელი შეუწყოს, იმიტომ, რომ ასე უფრო უკეთ ვითარდება. ვიდრე გახდეს სახელმწიფო და დაემსგავსოს სამინისტროს უფრო მეტად, ვიდრე თეატრს“, – აცხადებს წულუკიანი.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ასევე „საკანონმდებლო დონეზე აისახება ქართული დრამატურგია, როგორც თეატრების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი საფუძველი“, რაც წულუკიანის თქმით, დრამატურგიის ხელშეწყობის ერთგვარი პირობა იქნება.

ამასთანავე, წულუკიანის გეგმით, უნდა განმტკიცდეს თეატრმცოდნეების მხარდაჭერის პროცესი.

კულტურის სამინისტრო გეგმავს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის კვალიფიკაციის საკითხი დაარეგულიროს კანონით. ამ ეტაპზე წულუკიანმა ისაუბრა მხოლოდ ორ აუცილებელ კრიტერიუმზე – უმაღლეს განათლებაზე და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებაზე: „ერთია, იყო ძალიან კარგი რეჟისორი და მეორე არის ის, რომ მართო თეატრი, რომელიც ორგანიზაციაა და გულისხმობს მენეჯმენტს. მენეჯმენტის გარეშე არ არსებობს წარმატებული თეატრი“.

„სახელმწიფო თეატრების დაფინანსების სისტემის საფუძვლები განისაზღვრება. დღეს ეს სისტემა არ არსებობს, ლოგიკა არ არსებობს, თუ რატომ იღებს ერთი თეატრი მეტს, მეორე ნაკლებს. ის ვინც იღებს მეტს, მუშაობს ნაკლებს და ის ვინც იღებს ნაკლებს, მუშაობს ბევრს და ა.შ. ამიტომაც ჩვენ ვთვლით, რომ დაფინანსების სისტემა ახლებურად უნდა მოეწყოს და ის უნდა იყოს შედეგზე მიბმული“, – აცხადებს მინისტრი.

თეატრებზე საუბრის ბოლოს იგი შეეხო მსახიობების მცირე დაფინანსებასაც. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ამჟამად არ აქვს ამაზე გადაწყვეტილება მიღებული და სამომავლო ნაბიჯები დამოკიდებული იქნება მსახიობთა პოზიციებზე.

საქმე ეხება იმ მსახიობებს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო ერთდროულად რამდენიმე თეატრში მუშაობენ ან ერთ თეატრში მუშაობენ რამდენიმე პოზიციაზე. წულუკიანის წინადადებაა, რომ საშტატო მსახიობი საჯარო პირთან მიახლოებული პირი გახდეს და:

„ჰქონდეს მხოლოდ ერთ თეატრში მუშაობის უფლება, იმ დათქმით, რომ ყველა იმ ხელფასს მიიღებს, რასაც 3 თეატრში მუშაობისას მიიღებდა. მე ვფიქრობ, ეს კარგი წინადადებაა“.


თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სხვა სფეროების წარმომადგენლების ნაცვლად, პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბრეს თეატრის წარმომადგენლებმაც.

საქმე ის არის, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობით, სამინისტროს და საკუთრივ მინისტრს უფლება აქვს, თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელთა კონკურსები ჩაშალოს ან/და კონკურსის გარეშე, შეხედულებისამებრ, პირდაპირ დანიშნოს შერჩეული კანდიდატი.

მინისტრმა ეს უფლება რამდენიმე შემთხვევაში უკვე გამოიყენა, როცა რამდენიმე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კონკურსის გარეშე დანიშნა, სამაგიეროდ სხვა თეატრებში მიმდინარე კონკურსები სამინისტრომ ჩაშალა იმ არგუმენტით, რომ მასში მონაწილე კანდიდატები და მათი ხედვები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

თეატრმცოდნეები ამ პროცესს გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად აფასებენ, ამბობენ, რომ ასეთი არადემოკრატიული მიდგომა საფუძველშივე ეწინააღმდეგება თეატრის დამოუკიდებლობას და მის სიცოცხლისუნარიანობას.

ვრცლად:

თეა წულუკიანი და აურზაური თეატრში

მასალების გადაბეჭდვის წესი