საზოგადოება

თეა წულუკიანი და აურზაური თეატრში

18 თებერვალი, 2022 • 2774
თეა წულუკიანი და აურზაური თეატრში

თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, სამუზეუმო სფეროსთან ერთად, გაურკვევლობა და პრობლემები შეიქმნა თეატრებშიც.

საქმე ის არის, რომ ამჟამინდელი კანონმდებლობით, სამინისტროს და საკუთრივ მინისტრს უფლება აქვს თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელთა კონკურსები ჩაშალოს ან/და კონკურსის გარეშე, შეხედულებისამებრ პირდაპირ დანიშნოს შერჩეული კანდიდატი.

მინისტრმა ეს უფლება რამდენიმე შემთხვევაში უკვე გამოიყენა, როცა რამდენიმე თეატრის სამხავტრო ხელმძღვანელი კონკურსის გარეშე დანიშნა, სამაგიეროდ სხვა თეატრებში მიმდინარე კონკურსები სამინისტრომ ჩაშალა იმ არგუმენტით, რომ მასში მონაწილე კანდიდატები და მათი ხედვები შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

თეატრმცოდნეები ამ პროცესს გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად აფასებენ, ამბობენ, რომ ასეთი არადემოკრატიული მიდგომა საფუძველშივე ეწინააღმდეგება თეატრის დამოუკიდებლობას და მის სიცოცხლისუნარიანობას.

ნეტგაზეთი ამ სტატიით მოკლედ მიმოიხილავს, რა ხდება თეატრებში.

რა ხდება

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი 29 თეატრიდან სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნის 4-წლიანი ვადა დეკემბერში გაუვიდა 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს. 21-დან 5-ში კონკურსი არ გამოცხადებულა და მათი ხელმძღვანელები უკონკურსოდ დაინიშნნენ. მათ შორის არიან რობერტ სტურუა (რუსთაველის თეატრი), ლევან გაბრიაძე (გაბრიაძის თეატრი), გელა კანდელაკი (ჩრდილების თეატრი) და ავთანდილ ვარსიმაშვილი (გრიბოედოვის თეატრი).

15 თეატრში გამოცხადდა კონკურსი, საიდანაც 8-ში ხელმძღვანელი დაინიშნა კონკურსით. 5 თეატრში კონკურსი ჩაიშალა, აქედან 4-ში 15 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა, ხოლო მეხუთე თეატრში (დმანისის თეატრი) სამხატვრო ხელმძღვანელი უკონკურსოდ დაინიშნა.

ორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურები სამინისტროდან სარეკომენდაციო საბჭოშია წარდგენილი განსახილველად. ორ თეატრში კონკურსი ჯერ არ გამოცხადებულა.

„იმედთან“ ინტერვიუში თეა წულუკიანი ამბობს, რომ თეატრების ხელმძღვანელთა შერჩევისას ეყრდნობა არა მხოლოდ სამინისტროსთან არსებულ სარეკომენდაციო საბჭოს, არამედ სფეროს პროფესიონალებსაც.

ჩვენ ვკითხეთ კულტურის სამინისტროს, ვინ შედიან სარეკომენდაციო საბჭოში, რომელიც მინისტრთან ერთად თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატურებს განიხილავს, უწყებისგან პასუხს ველოდებით.

„მე ძალიან ბევრ ადამიანს ვუსმენ, ვხვდები. თუმცა მათ ვინაობას ხშირად საჯაროდ არ ვასახელებ, რათა ისინი თავდასხმისგან დავიცვა და იმისგან, რომ ძვლებიანად თუ არა, სხვანაირად არ შეჭამონ. ბევრ გადაწყვეტილებას, რომელსაც ვიღებ, ჩემი გადაწყვეტილებებია და მათზე სრულად ვაგებ პასუხს, მაგრამ მანამდე სხვებს ვუსმენ“, – აცხადებს წულუკიანი.

ჩაშლილი კონკურსები და იბსენის „ხალხის მტერი“ დმანისში

ლაშა ჩხვიმიანი ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 2017 წლიდან იყო. წელს მას ხელმძღვანელობის 4-წლიანი ვადა ამოეწურა. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ის თეატრში ამავე პოზიციაზე ვეღარ დაბრუნდება.

კულტურის სამინისტრომ მალევე განაცხადა, რომ დმანისში ჩაიშალა კონკურსი, რომელშიც განაცხადი მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა, ლაშა ჩხვიმიანმა შეიტანა. ჩაშლილი კონკურსის შემდეგ, დმანისში პირდაპირი წესით, კონკურსის გარეშე თუმანიშვილის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი სიხარულიძე დანიშნეს.

„სამინისტროს ფეისბუკ გვერდიდან გავიგე, რომ თურმე კონკურსი, რომელშიც ვიღებდი მონაწილეობას – ჩაიშალა, ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე, და იმ დღესვე დაინიშნა სხვა პიროვნება, რომელიც არ იღებდა კონკურსში მონაწილეობას და არც გამოუჩენია სურვილი დმანისის თეატრის ხელმძღვანელობისა. მას პირველ აპრილამდე დაევალა თეატრის განვითარების გეგმის წარდგენა, რაც მე, როგორც კონკურსანტს, უკვე წარმოდგენილი მქონდა.

ძალიან შევშფოთდი ამ უსამართლო გადაწყვეტილებით, კონკურსის მიმდინარეობის ამ ალოგიკური, აბსურდული ქრონოლოგიით და ვცდილობდი პასუხის მიღებას – რატომ ჩაიშალა კონკურსი“, – ამბობს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ლაშა ჩხვიმიანი.

ლაშა ჩხვიმიანი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

სამინისტრო ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის რამდენიმე მიზეზს ასახელებს, თუმცა, ჩხვიმიანის თქმით, ვერც ერთი მათგანი არგუმენტად ვერ გამოდგება.

ერთი ასეთი მიზეზი იყო ის, რომ დმანისის თეატრს ამჟამად არ აქვს შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსი (შენობა,  ტექნიკური ინფრასტრუქტურა, პერსონალი) და უწყება აპირებს, რომ მას ამაში დაეხმაროს. შესაბამისი თანხების და რესურსების განკარგვისთვის კი საჭიროა თეატრის მართვაში გამოცდილი კადრი. ამ არგუმენტის მოსმენის შემდეგ, ჩხვიმიანის თქმით, გადაწყვიტა მოეძია, თუ რა რესურსები ჰქონდა თუმანიშვილის თეატრს.

„აღმოვაჩინე, რომ თუმანიშვილის თეატრს 4 წლის გაერთიანებული ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიონი ლარი აქვს და დადგმულია 10 პრემიერა, როცა დმანისის თეატრის 4 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 128 ათასი ლარია და ჩვენ შევძელით 7 პრემიერა დაგვედგა და ამასთანავე, ძალიან ბევრ აქტივობაში მიგვეღო მონაწილეობაა. დაახლოებით თანაბარია გაყიდული ბილეთების საშუალო რაოდენობაც. სად არის ეს არგუმენტი? – რაღაცნაირად ბათილდება ის. რატომ გამოვდივართ ჩვენ ფინანსების მართვაში უცოდინარი?!“, – ამბობს ის.

ნეტგაზეთი კომენტარისთვის დაუკავშირდა გიორგი სიხარულიძესაც. ჩვენ მას ვკითხეთ, თავად ხომ არ გამოუხატავს დმანისის სამხატვრო ხელმძღვანელობის სურვილი. ასევე, ლაშა ჩხვიმიანის განცხადებები უსამართლო გათავისუფლებასა და  თეატრის ირგვლივ დაძაბულობა ხომ არ შეუქმნის დისკომფორტს?

„სამინისტრომ შემომთავაზა ეს პოზიცია , შესაბამისად, მანამდე არ მიფიქრია, დმანისის თეატრში დამეკავებინა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა და, ბუნებრივია, არც კონკურსში შემიტანია განაცხადი .

დმანისის თეატრი არის სახელმწიფო თეატრი. გადაწყვეტილებას ხელმძღვანელის დანიშვნასთან დაკავშირებით იღებს სამინისტრო. ჩემთვის დიდი პატივია  ნდობის გამოცხადება. შესაბამისად, სრულად ვითავისებ ამ პასუხისმგებლობას და მზად ვარ თანამშრომლობისათვის ყველასთან, უპირველეს ყოვლისა, თეატრის განვითარების ინტერესიდან გამომდინარე“, – ამბობს კომენტარში გიორგი სიხარულიძე.

მეორე, რაზეც კულტურის სამინისტრო აპელირებდა, მუდმივმოქმედი დასის შექმნის აუცილებლობაა. თუმცა, ჩხვიმიანის თქმით, ეს თეატრისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
საქმე ის არის, რომ დმანისის თეატრს სულ 3 თანამშრომელი ჰყავს – დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და ბუღალტერი. სხვა თეატრებისგან დმანისის თეატრი იმითაც გამოირჩევა, რომ მას მუდმივმოქმედი დასი არ ჰყავს და, შესაბამისად, ის ღია რჩება დამოუკიდებელი არტისტებისთვის – იქნებიან ეს რეჟისორები თუ მსახიობები.

4 წლის განმავლობაში დმანისის თეატრმა 53 დამოუკიდებელი არტისტი ჩართო სხვადასხვა პროექტში. ამ პროექტებში მიღების საშუალება ყველას ჰქონდა – „მათ არ უნდათ, ასეთი გახსნილი სახელმწიფო თეატრი“.

„მინისტრი ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ თურმე მე არ მიცნობდა, მაგრამ თან აცხადებს, რომ იცის, რომ კარგად ვმუშაობდი. თუ მან იცის, რომ მე კარგად ვმუშაობდი და ჩემს საქმიანობას იცნობს, რაკი ამას ამბობს – და ასევე მან იცის, ჩემი 4-წლიანი გეგმა, იმიტომ, რომ ახალი კანონმდებლობით ის უშუალოდ იყო ვალდებული გასცნობოდა კანდიდატის ხედვას… და ცნობაში რა იგულისხმებოდა სხვა?

ალბათ ის, რომ მე არ დავდიოდი სამინისტროში ამ 10 თვის განმავლობაში და არ ავატალახე სამინისტროს კარები სხვა სამხატვრო ხელმძღვანელებისგან განსხვავებით. ესეც პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რადგან ის დაგვპირდა ,რომ ყველა თეატრში მოვიდოდა და ადგილზე გაეცნობოდა ჩვენს პრობლემებს“, – აცხადებს ლაშა ჩხვიმიანი.

მისი თქმით, კიდევ ერთი ფაქტორად, რატომაც თეატრს ჩამოაშორეს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან დაძაბული ურთიერთობა სახელდებოდა. ჩხვიმიანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც 2019 წელს თეატრში იბსენის „ხალხის მტერი“ დაიდგა, „ყველა სხვა დადგმა აღიქმებოდა, რომ რაღაც ინტრიგას ვამზადებთ, თითქოს. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტში ვერ იჯერებდნენ, თეატრის ფუნქცია შეიძლება იყოს პრობლემებზე საუბარი“.

„ბიზნესზე ორიენტირებულ, გაჭირვებულ საზოგადოებაში შეიძლება ხალხმა სიმართლეს არჩიოს ფული – ასეთი სათქმელი გვქონდა. ყველას უნდა გვქონდეს აზრის თქმის საშუალება, ყველაფრის მიუხედავად. ამის თქმა გვინდოდა. შემთხვევითი არცერთი სპექტაკლი არ ყოფილა ჩვენთან. ყველა სპექტაკლი რაღაციდან გამომდინარეობდა, რასაც ვხედავთ – როგორც დმანისში, ასევე საქართველოში და გლობალურად.

არავისთვის ჩვენ კონკრეტულად ხელი არ დაგვიდია და დავა არ დაგვიწყია და მაყურებელს მივეცით დასკვნის გამოტანის საშუალება, რომ თავის თავიც დაენახათ.. ვინც თავისი თავი ამოიცნო ამაში, ეს მათი პრობლემაა. რადგან ეს 1882 წლის ნორვეგიული პიესაა და ვიღაცამ თუ დღეს დმანისში თავისი თავი დაინახა, ეს მისი პრობლემაა“.

„ხალხის მტერი“ ჰენრიკ იბსენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პიესაა. მოქმედება ნორვგეგიის ერთ ქალაქში ვითარდება. ექიმი სტოკმანი, რომელიც ადგილობრივ საზოგადოებაში დიდი აღიარებით სარგებლობს, აღმოაჩენს, რომ ქალაქის ყველაზე პოპულარული სამკურნალო აბანოები სახიფათო მიკრობებითაა სავსე.

აბანოების რეკონსტრუქცია ზარალის მომტანი აღმოჩნდება. ექიმს არავინ მოუსმენს და საბოლოოდ მას „ხალხის მტრად“ შერაცხავენ.

გარემოსდაცვითი პრობლემები უცხო არ არის არც დმანისისთვის, რომლის სიახლოვესაც კომპანია არ ემ ჯი ოქროს მოიპოვებს და გარემოზე ზიანის მიყენებას მასაც ედავებოდნენ.

ლაშა ჩხვიმიანთან საუბრის შემდეგ ნეტგაზეთი დაუკავშირდა დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსს, ნინო ომიაძეს. ჩვენ მას ვკითხეთ, არსებობდა თუ არა მუნიციპალიტეტის მხრიდან რაიმე პრეტენზია ან კრიტიკა ჩხვიმიანის ხელმძღვანელობის დროს დადგმულ სპექტაკლებთან დაკავშირებით. მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

ჩხვიმიანის შემდეგ, დმანისის თეატრიდან წავიდა მისი დირექტორი – ანა ჩხეტიანი. შესაბამისი განცხადებით მან სამინისტროს უკვე მიმართა, მიზეზად კი „თეატრის ირგვლივ განვითარებული უსამართლო მოვლენები“ დაასახელა.

ლაშა ჩხვიმიანის გარდა, თეატრს ჩამოაშორეს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დათო ჩხარტიშვილიც. თეატრის დასისთვის 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ 4-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ჩხარტიშვილს ხელახლა აღარ აირჩევდნენ [აქაც ჩაიშალა კონკურსი, რომელშიც ჩხარტიშვილი მონაწილეობდა]. შესაბამისად, მათ კულტურის სამინისტროს თხოვნით მიმართეს – ეს არ დაეშვათ.

სამინისტროსთვის ეს განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა. 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.
ჩხარტიშვილმა ინტერვიუს მოცემა არ ისურვა, თუმცა თავისი პოზიცია ფეისბუკზე დააფიქსირა.
ნეტგაზეთს კულტურის სამინისტროში უთხრეს, რომ გორის თეატრში კონკურსი ჯერ არ დასრულებულა და არც პირდაპირი წესით დანიშნულა არავინ.

„როცა ერთი ჩინოვნიკი წყვეტს ყველაფერს, ეს არის მახინჯი გამოცდილება“

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გორის თეატრში გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა, ხოლო პარალელურად სამინისტრომ რიგ თეატრებში უკონკურსოდ დანიშნა სამხატვრო ხელმძღვანელები  – ღია წერილი გაავრცელა პროფესიული თეატრალური კრიტიკის 8 წევრმა.

მათი თქმით, უცნობია, რომელი კვლევისა და არგუმენტების საფუძველზე ინიშნებიან კონკურსის გარეშე ხელმძღვანელები და რის საფუძველზე ეზღუდებათ გარკვეულ რეჟისორებს კონკურსში მონაწილეობა.

კრიტიკოსების შეფასებით, პროცედურის გაუმჭვირვალობასა და დაუსაბუთებლობას ხელი შეუწყო 2021 წლის 6 დეკემბერს გამოცემულიმა დებულებამ სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს შესახებ, რომელმაც კიდევ უფრო შეასუსტა ისედაც სუსტი კანონი თეატრის მმართველი მენეჯმენტის დანიშვნის პროცედურების შესახებ.

ამის დასტურად დებულებაში მიუთითებენ არსებული მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც „სამინისტრო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არცერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად“.

„აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე ჩაშლილად გამოცხადდა კონკურსი გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრში. საბოლოოდ შედეგად მივიღეთ, სავარაუდოდ, პარტიული მსოფლმხედველობის და პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება, რომელზეც გავლენა ვერ მოახდინა სარეკომენდაციო საბჭომ. აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანად გამორიცხავს კონკურსანტის პროფესიული მიღწევებისა და წარდგენილი პროგრამის ანალიზს. შესაბამისად , მიგვაჩნია, რომ ახალი დებულება ზღუდავს თეატრების თავისუფლებას, განვითარებას და სფეროს მჭიდროდ აკავშირებს პოლიტიკურ და პარტიულ დღის წესრიგთან“ ,– წერია განცხადებაში.

წერილის ერთ-ერთი ავტორის, ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიას შეფასებით, საქმე გვაქვს არადემოკრატიული მართვის პროცესთან, სადაც მინისტრი უკიდურესად იზრდის ძალაუფლებას.
„მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზოგადად ამ თანამდებობას, ისე კონკრეტულად ამ ადამიანს არ აქვს არც კომპეტენცია და არც უფლება ჩაერიოს დარგობრივ საქმიანობაში – ის მაინც ერევა. ერევა და არ ტოვებს სივრცეს პროფესიონალური აზრისთვის და პლურალისტური, მრავალფეროვანი ხედვისა და მოქნილი გადაწყვეტილებებისთვის“.

„რატომღაც  ერთი ჩინოვნიკი წყვეტს შიდადარგობრივ, ძალიან სპეციფიკურ გადაწყვეტილებებს, რაც არის მახინჯი, ტოქსიკური გამოცდილება და ეს არაფერ კარგს არ მოუტანს არც კულტურის სფეროს და არც თეატრს,“

მისივე თქმით, ამ პროცესში ასევე გამოხატულია ეიჯიზმი – “რადგან ახალგაზრდა არტისტებსა თუ მმართველებს აშკარად ერჩიან სრულიად სასაცილო არგუმენტებით. თითქოს, ვიღაცამ დათვალა ან გააანალიზა ვისიმე გამოცდილება. ასეთი კვლევა და ასეთი კომპეტენცია სამინისტროში არ არის და საეჭვოა, თუნდაც [სარეკომენდაციო] საბჭოში იყოს, ყოველი შემთხვევისთვის, ისინი რატომ ეთანხმებიან ამას – არ ვიცი. დუმილი თანხმობის ნიშანია. შესაბამისად, მინისტრიც ცდება და საბჭოც ცდება ძალიან უხეშად”.

„შეიძლება 2 წელი იმუშაო დმანისში, უფრო რთულ გარემოში: ცოტა ფულით და ბევრი გამოწვევით, მაგრამ უფრო დიდი გამოცდილება მიიღო, ვიდრე მრავალი წელი იჯდე რომელიმე სახელმწიფო თეატრში თბილად, გარანტირებული მილიონებით და იმის მესამედი გამოცდილებაც ვერ შეიძინო“, – ამბობს კილასონია.

სოფო კილასონია ასევე განმარტავს, რომ რომც იყოს თეა წულუკიანი კულტურის გამოცდილი მენეჯერი, მას მაინც არ უნდა ჰქონდეს ის უფლებები, რასაც ახლა საკუთარ თავს ანიჭებს.

ხელოვნებათმცოდნე გვიხსნის, რომ სამინისტრო არ არის შემოქმედებითი ორგანიზაცია. მას შეუძლია, ხელი შეუწყოს გარკვეულ ტენდენციებს, გადააბაროს საქმე სფეროს პროფესიონალებს ან კონკრეტულ ინსტიტუციას, თუმცა ის არ უნდა ეხებოდეს შიდადარგობრივ და შემოქმედებით პროცესს.

„ამ დროს კი სამინისტრო წყვეტს, რომ თვითონ არის აღჭურვილი იმ პროფესიონალიზმით, რომ მას შეუძლია გამოაცხადოს კონკურსი კონკრეტული ჟანრის ნაწარმოებზე. ანუ ის გამოდის, როგორც სპეციფიკური, დარგობრივი ორგანიზაცია, რომელმაც იცის, რომ მაგალითად, კარიკატურა უნდა დაფინანსდეს, ან რომელმაც იცის, რომ ფოტოგრაფიაში ის მიმართულება უნდა დაფინანსდეს, რომელიც ხუროთმოძღვრებას იღებს.

ეს სასაცილო არაპროფესიონალიზმია, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ სამინისტროს წარმომადგენლებმა თუ მინისტრმა არ იციან, სამინისტროს დანიშნულება რა არის და ისინი მიიჩნევენ, რომ არიან კონკრეტული პროექტების გრანტის გამცემები. ამავდროულად, ეს პროექტები უმეტეს შემთხვევაში არის პოლიტიკური თანამოაზრეების პროექტები.

სამინისტრო ფიქრობს, რომ მისი პროფილია, თუ ლიტერატურულ კონკურსს გამოაცხადებს და სამინისტროშივე დააჯილდოვებს მწერლებს… რომლებიც მისივე თანამშრომლების აზრით (რომლებიც ასევე ვერ უძლებენ პროფესიულ კრიტიკას), ავლენენ „საუკეთესო მწერალს“ და მას მინისტრი აჯილდოებს. ეს არის კარიკატურა იმისა, რასაც შეიძლება თანამედროვე სამყაროში კულტურის სამინისტრო წარმოადგენდეს“.

წულუკიანის პოზიცია

ჯერ კიდევ მარტში თეა წულუკიანი ამბობდა, რომ თუ თეატრში ან მსახიობს, ან რეჟისორს განსხვავებული აზრი ექნება, ის შეეცდება გაიგოს, საიდან მოდის აღნიშნული განსხვავებული აზრი.

ამ განცხადებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, წულუკიანი „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკვე მრავალი წელია თეატრალურ საზოგადოებაში იმ ცვლილებებსა და ნაბიჯებს ელიან, რომელსაც კულტურის სამინისტრო ახლა დგამს.

„მე გამიხარდება, თუკი 2024 წლის შემდეგ, როცა თანამდებობას, დიდი ალბათობით, დავტოვებ, ამ იმედებს გავამართლებ“, – დასძენს წულუკიანი.

კითხვაზე, რა პასუხი ექნება მას ბრალდებებზე, რომელიც თეატრებიდან მისთვის არასასურველი და არალოიალური კადრების უსამართლოდ გაშვებას ეხება, წულუკიანი პასუხობს:

„თუ მინისტრისადმი ლოიალობის ბრალდება შეიძლება ვინმემ წაუყენოს ლევან გაბრიაძეს, რობერტ სტურუას, პაატა გულიაშვილს, ქალბატონ ნაზო სულაშვილს… თუკი ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს ვინმემ შეიძლება ვიღაც წულუკიანისადმი ლოიალობა დასწამოს, ვფიქრობ, მათი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში. თორემ ჩემზე, რა თქმა უნდა, არ მოქმედებს.”, – ამბობს წულუკიანი და დასძენს, რომ გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო საბჭოში მყოფ კომპეტენტურ პირებთან ერთად მიიღება.

რაც შეეხება უშუალოდ დმანისის თეატრს, წულუკიანი ამბობს, რომ თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის იქ დანიშვნა „ციდან ჩამოვარდნილი ნაბიჯი“ არ ყოფილა და ის, რომ გიორგი სიხარულიძე, მისი გამოცდილებითა და კვალიფიკაციით, სამინისტროს დათანხმდა, ნიშნავს – „რომ სამინისტრო, რა თქმა უნდა, ჩადებს უფრო მეტ თანხას, მოხდება თეატრის რეკონსტრუქცია.

„მე რომ ვიყო ლაშა ჩხვიმიანი, უბრალოდ ვიტყოდი, რომ გიორგი სიხარულიძე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, გამოცდილი რეჟისორია, მივესალმებოდი მის დანიშვნას და შევთავაზებდი დახმარებას.

რა თქმა უნდა, ჩხვიმიანმა 4 წელი აქტიურად იმუშავა მწირ პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ თანამდებობაზე არ უნდა გაიგზავნოს სამინისტროდან უფრო მასშტაბური, გამოცდილი და უფრო დიდი იმედების რეჟისორი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ წლების მერე იგივე რეჟისორი ჩაუდგეს ამ თეატრს სათავეში“, – დასძენს ის.

პროფესიული თეატრალური კრიტიკის წევრები კი მიიჩნევენ, რომ საჭიროა: 

  • მოქმედება შეეზღუდოს “საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს დებულებას” და მისი ანალიზი მოხდეს მრავალფეროვან პროფესიულ წრეში, რაკი მხოლოდ სარეკომენდაციო საბჭო ვერ ახდენს გავლენას პროცესებზე. მხოლოდ სფეროს წარმომადგენელთა შეთანხმების საფუძველზე მოხდეს დარგის ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. 
  • აუცილებელია კონკურსების ერთიანი მიდგომით წარმართვა და ყველა კონკურსანტისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს შექმნა, ვადების გაწერა და ყველა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, მათ შორის, კონკურსანტების ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამები. არგუმენტირებული იყოს გადაწყვეტილებები და არგუმენტები გამოქვეყნდეს. 
  • შეჩერდეს გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევის კონკურსი, ვიდრე არ განიხილება წინარე – ჩაშლილად გამოცხადებული კონკურსის შესახებ არგუმენტირებული და დეტალური ინფორმაცია. საინიციატივო ჯგუფი სამომავლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს თეატრის შესახებ კანონის იმგვარად დახვეწას, რომ გაძლიერდეს თეატრების დამოუკიდებლობა და პროფესიონალთა გავლენა სფეროს განვითარების პროცესში

მთავარი ფოტო: თეა წულუკიანი სენაკის თეატრში, მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა

მასალების გადაბეჭდვის წესი