ახალი ამბები

PMCG: 2010-2020 წლებში საქართველოს ყოველი მე-5 მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა

13 სექტემბერი, 2022 • 1193
PMCG: 2010-2020 წლებში საქართველოს ყოველი მე-5 მოქალაქე ემიგრაციაში წავიდა

კვლევითი ცენტრი PMCG კვლევას აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე.

ორგანიზაციის თქმით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7%-ით გაიზარდა და 861 ათასი ადამიანი შეადგინა – ქვეყნის მოსახლეობის 23%.

კვლევის ავტორების განცხადებით, ქართველი ემიგრანტების მთავარ მიმღებ ქვეყნად რუსეთი რჩება (450 ათასი ადამიანი), რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი, 85 ათასი, 65 ათასი და 49 ათასი ადამიანით, შესაბამისად. გაანალიზებულ პერიოდში მთავარ მიმღებ ქვეყნებს შორის ემიგრანტების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში (77%), იტალიასა (60%) და სომხეთში (47%).

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გაანალიზებულ პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნების6 წილი ემიგრაციის თვალსაზრისით ოდნავ შემცირდა 75%- დან 72%-მდე. იმავდროულად, კვლევის ავტორების თქმით, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი 20%-დან 21%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების წილი – 3%-დან 5%-მდე:

იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი ემიგრანტების რაოდენობა დიდია, ორგანიზაციის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ ფულად გზავნილებს ძლიერი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე.

კვლევის ავტორების თქმით, 2021 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2.35 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ს შეადგენს:

„თუ ფულად გზავნილებზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მაჩვენებელს შევადარებთ, შემდეგი სურათი იკვეთება – 2020 წელს საქართველომ 23-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ფულადი გზავნილების მშპ-სთან თანაფარდობით და მეორე ადგილი – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, მოლდოვას შემდეგ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ ათწლეულში, საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა შესამჩნევად გაიზარდა.

კერძოდ, PMCG-ს თქმით, 2012 წლიდან 2021 წლამდე მაჩვენებელი 76%-ით გაიზარდა და 2.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წლიდან 2015 წლამდე ფულადი გზავნილების რაოდენობა კი შემცირდა.

თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2016 წლიდან მაჩვენებელი გაიზარდა და 2021 წელს უმაღლესი ნიშნული დაფიქსირდა:

„ევროკავშირთან უვიზო შეთანხმებამ და საქართველოდან ემიგრაციული ნაკადების ზრდამ შესაძლოა გავლენა იქონია ფულადი გზავნილების ზრდაზე.
ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბოლო ათწლეულში რუსეთი რჩება საქართველოში ფულადი გზავნილების მთავარ კონტრიბუტორად, რომელსაც მოჰყვება იტალია, აშშ და საბერძნეთი.

თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან გზავნილების რაოდენობა და წილიც, საქართველოში ფულადი გზავნილების მთლიან ოდენობაში, მცირდება. 2012-2021 წლებში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა 45%-ით შემცირდა და 0.41 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში გაიზარდა გზავნილები სხვა წამყვანი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით, აშშ-დან 284%-ით. საგრძნობლად მოიმატა გზავნილების მოცულობამ სხვა სახელმწიფოებიდანაც (310%)“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი