საზოგადოება

ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს — NDI-ს კვლევა

3 მაისი, 2023 • 1163
ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს — NDI-ს კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ მომზადებული ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოს თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს საზღვარგარეთ ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც რეგულარულად უზრუნველყოფს ფინანსურად.

კითხვაზე, ჰყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და ოჯახს რეგულარულად უგზავნის ფულს, 2023 წლის მარტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 16%-მა განაცხადა, რომ დიახ. მაშინ, როცა 2019 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი 12% იყო.

ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 15% აცხადებს, რომ მოსალოდნელია, მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ თავად წავიდეს საზღვარგარეთ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია აზალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. აღნიშნული მონაცემი შემცირებულია 2022 წლის დეკემბრის კვლევის შედეგებთან. დეკემბერში აღნიშნულ კითხვას ამგვარად გამოკითხულთა 20%-მა უპასუხა.

 

ამასთან, კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდ გამოწვევებად სახელდება.

ყოველი მეორე მოქალაქე კი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს. კითხვაზე, თუ როგორ აფასებენ საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა რომ — ცუდად, 42%-მა კი — საშუალოდ. საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 9% აფასებს.

ამასთან, კვლევის ავტორების განცხადებით, უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. კერძოდ, 2023 წლის მარტში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 34% აცხადებდა, რომ ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვს, 35%-ის თქმით, მათი ფინანსური შესაძლებლობები იგივეა, 28%-ის თქმით კი, მეტია, ვიდრე 5 წლის წინ იყო.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. 2023 წლის მარტში გამოკითხულთა 50% აცხადებს, რომ დარწმუნებული არაა, საქართველოს მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს, ანალოგიური პოზიცია 2022 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევისას გამოკითხულთა 51%-მა დააფიქსირა.

კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.


კვლევის შედეგები ეფუძნება 2023 წლის მარტის სატელეფონო გამოკითხვას. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში ჩატარდა და მოიცავს 1 032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2%-ს შეადგენს (ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი