კომენტარი

რატომ წავედი საქართველოდან და როგორ ვცხოვრობ ემიგრაციაში | ტრანსგენდერი ქალის ისტორია

7 დეკემბერი, 2023 • 18600
რატომ წავედი საქართველოდან და როგორ ვცხოვრობ ემიგრაციაში | ტრანსგენდერი ქალის ისტორია

მონიკა თიგიშვილი 27 წლის ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ბელგიის “წითელ ჯვარში” სოციალურ მუშაკად მუშაობს. ლგბტ თემის სხვა არაერთი წარმომადგენლის მსგავსად, მასაც მოუწია, მეტი უსაფრთხოებისა და პერსპექტივის ძიებაში საქართველო დაეტოვებინა.

სანამ წავიდოდა, მონიკამ თავისი იდენტობის შესახებ გარშემომყოფებს აუწყა,  მოგვიანებით კი აქტივიზმშიც ჩაერთო, რა დროსაც ფართო საზოგადოებას იმ გამოწვევების შესახებ უამბობდა, რომლებიც ლგბტ თემის მრავალი წევრის ცხოვრებას ყოველდღიურ ბრძოლად აქცევს.

საქართველოს დატოვებიდან მეოთხე წელს მონიკა თიგიშვილი “ნეტგაზეთს” ესაუბრა აქ ცხოვრების წლებზე, ქამინგ აუთსა და ბარიერებზე, ისევე როგორც ემიგრაციასა და მასპინძელ ქვეყანაზე, რომელმაც არაერთი კუთხით შეცვალა მისი ცხოვრება. 

ტრანსგენდერი ქალია ადამიანი, რომელსაც დაბადებისას მამრობითი სქესი მიანიჭეს, თუმცა ახლა იდენტიფიცირდება ქალად. ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების აგრესიის გარდა, საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის პრობლემაა სამედიცინო პროტოკოლის არარსებობაც, რომელიც მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ამასთან, სახელმწიფო უარს ამბობს, ე.წ. სქესის შეცვლის ოპერაციის გარეშე ტრანსგენდერი მოქალაქეების პირადობის მოწმობებში სქესის შესახებ ჩანაწერი შეცვალოს, რაც შემდგომ არაერთი პრობლემისა და უსიამოვნების საფუძველი ხდება.

“სხვანაირი”

მე ვარ მონიკა თიგიშვილი, 27 წლის, პროფესიით ჟურნალისტი. ამჟამად ვცხოვრობ ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში. აქ ვმუშაობ “წითელი ჯვრის” ბანაკში სოციალურ მუშაკად. 

ბავშვობიდან, 5 წლიდან ვიცოდი, რომ რაღაცნაირად ვერ ვერგებოდი საზოგადოებას. განა არასრულფასოვნების შეგრძნება მქონდა, არამედ, მაწუხებდა, რომ “შეიძლება, ასე არ იყოს და სხვანაირად იყოს”, ოღონდ იმ დროს არ ვიცოდი, რა იყო ეს “სხვანაირი” და რა სახელი უნდა დამერქმია მისთვის.

ეს იყო მთელი რიგი პროცესების ერთობლიობა 23 წლამდე, როცა ქამინგ აუთი გავაკეთე. 23 წლის ასაკში გადავდგი ეს ნაბიჯი და მას შემდეგ ერთი წამითაც არ დამიხევია უკან. ეს ნაბიჯები იმდენად ძლიერია, სხვა ყველას, თუნდაც ოჯახის წევრის აზრი არის მეათასეხარისხოვანი. ეს იმიტომ, რომ ვცხოვრობ ერთხელ, ვიბრძვი ჩემი თავისთვის, ჩემი სიყვარულისთვის და იმისთვის, რაც მაბედნიერებს. 

ადრეული მოზარდობა საკმაოდ კარგად მახსოვს. ყოველთვის ვამბობ, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მყავდა 6 საერთო მეგობარი, რომლებთან ერთადაც გავიზარდე, გარდატეხის ასაკი გავიარე. პირველი ჩემი მესაიდუმლეები ისინი იყვნენ. პირველებს სწორედ მათ ვუთხარი, რომ “იცით რა, ასეთი კი არა, აი, ასეთი ვარ”. მაშინ ამას სახელსაც ვერ ვარქმევდი. არც ვიცოდი, რა უნდა დამერქმია. ერთადერთი, ვიცოდი ის, რომ განსხვავებული ვიყავი: ისეთი განსხვავებული, როგორებიც ჩემი მეგობრები არ იყვნენ.

მათ ეს ძალიან კარგად მიიღეს და ყველანაირად მხარში დამიდგნენ. რომ გითხრათ, რომ რამე ხინჯად მაქვს ან [ცუდად] მახსენდება ჩემი ბავშვობიდან, მოვიტყუები. 

ბულინგი

თვითსიყვარული ყოველთვის მქონდა. არ ვიცი, ეს დაბადებიდან მაქვს გამომუშავებული თუ როგორ არის, მაგრამ ყველა რთულ სიტუაციას პოზიტივით ვხვდები და არ მეჩვენება იმდენად რთულად, რამდენად ძნელიც შეიძლება რეალურად იყოს. შესაბამისად, სკოლაში კი ყოფილა ბულინგი ჩემ მიმართ — ბულინგის ობიექტი იყო ჩემი ფემინური ქცევა, ჩემი ფემინური ხმა, სიარული, მიხვრა-მოხვრა… — მაგრამ რომ გითხრათ, რომ ამის გამო დისკომფორტს ვგრძნობ, ნამდვილად არა. ჩემს კლასელებთან ახლაც მაქვს კონტაქტი და ვინც მაშინ ჩემთან მეგობრობდა, ისევე მიდგას გვერდში, როგორც სკოლის პერიოდში. 

უდიერმა დამოკიდებულებამ გამაძლიერა, უფრო შემაყვარა და დამაფასებინა ჩემი თავი, რადგან ყოველთვის მქონდა ის პოზიტიური ნიშა, რომლითაც ვამაყობ და მომავალშიც ვიამაყებ.

ახლახან სქესის შეცვლის ურთულესი ოპერაციაც გავიკეთე. მიყვებოდნენ, რომ ეს ოპერაცია ძალიან რთული იყო ბევრი ადამიანისთვის. თუმცა, მე რომ გავიკეთე, იმდენად არაფრად მომეჩვენა, 1 კვირაში გამომწერეს. ფსიქოლოგს ისე დავხვდი, რომ ყველაზე ცოცხალი პაციენტის ტიტული მომანიჭეს. ჩემი ტვინი არ აძლევს ცუდ სიტუაციებს იმის საშუალებას, რომ მოიცვან ჩემი აურა. ყველა სიტუაციას ასე ვხვდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არის კიდეც. 

ქამინგ აუთი

როდესაც კითხვებზე პასუხები მჭირდებოდა, ჟურნალისტ თამთა ნაჭყებიას ვკითხე, თუ იცი რაიმე ორგანიზაცია, რომელიც ფსიქოლოგის დახმარებას უზრუნველყოფს, რათა ადამიანებმა რაღაცები გაარკვიონ- მეთქი. თამთამ დამაკვალიანა და “თანასწორობის მოძრაობის” ნომერი და მისამართი მომცა. თამთა იყო ის ადამიანი, რომელმაც იმ დროს მართლა წიგნი გადამიშალა და ამიხსნა ბევრი რამ. სწორედ მაგან განაპირობა ის, რომ გადავდგი ნაბიჯი და მივედი ამ ორგანიზაციაში.

ყველაზე მაგარი ის იყო, როცა დავინახე, რომ ჩემნაირი ადამიანები არსებობენ, ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და იმათ ისევე სტკივათ და უყვართ, როგორც სხვა დანარჩენებს… რომ ეს არ არის “დაავადება” ან რაიმე მსგავსი. ბევრი ფაქტორი იყო. მერე, ცოტა ხანი, იმ წლის ბოლომდე, მშვიდად ვიყავი. ახალი წლის მერე უკვე ქამინგ აუთი გავაკეთე და საჯაროდ გამოვაცხადე, რომ მე ვარ [ტრანსგენდერი ქალი]: ვინც მიმიღებს, მიმიღებს, ვინც არა და — კარგად იყავით-მეთქი. დღემდე ასე ვარ და ამით ვიცავ საკუთარ თავს, რადგან არ მსურს ნეგატივი და არ მინდა ისეთი ადამიანები გარშემო, ვინც არ ამაყობენ ჩემით. 

ქამინგ აუთის შემდგომი 1 წელი არ მახსოვს, სიმართლე გითხრათ. ჩემი პროფესია მქონდა, ხალხს ვიცნობდი, კონტაქტები მქონდა და უცებ ისე მოხდა, რომ ყველაფერი ერთ დღეში დავკარგე. უმრავლესობამ კონტაქტი შეამცირა, ზოგმა ვერ გამიგო. ამ ადამიანებს სახეში არ მოუხლიათ, რომ რახან ტრანსგენდერი ქალი ხარ, შენთან კონტაქტს ვწყვეტთო, მაგრამ ხომ არის მომენტი, როცა ხვდები, რომ ადამიანს [შენთან კონტაქტი] არ სურს რაღაც მიზეზის გამო… [თუმცა] ჩემმა არაერთმა კოლეგამ მომწერა და ფინანსური დახმარებაც კი შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი.

რაც შეეხება ოჯახს: ზოგადად, ჩემს საყვარელ ადამიანებს ასე მარტივად ვერ ვუშვებ. აუცილებლად უნდა გავიგო, რა არის საფუძველი, მიზეზი… თუ არის რაიმე, რისი მოგვარებაც შესაძლებელია, 1%-იც რომ იყოს, იმ 1%-ს ვებღაუჭები და ვცდილობ, მოვაგვარო. ოჯახთან მიმართებაშიც იგივე გავაკეთე. ჩემი ქამინგ აუთის დროს დედა საბერძნეთში იყო. 1 წლის განმავლობაში ვუგზავნიდი ლინკებს, ყველანაირ ინფორმაციას, თუ რას ნიშნავდა ის, რას ნიშნავდა ეს… ვაწვდიდი რესურსებს, რომლებშიც არ ეწერა, რომ “ეს დაავადებაა, რომელიც ხელის დადებით გადადის”, რომ ეს “დედის ბრალია” და მსგავსი სისულელეები. ვცდილობდი, მაქსიმალურად გაფილტრული და სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა დედაჩემისთვის, რამაც შედეგი გამოიღო და დღესდღეობით მასთან იმაზე უფრო ახლოს ვარ, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ.

სახელმწიფო, როგორც ბარიერი

ყველაზე დიდი გასახსენებელი, რასთანაც ვასოცირდები და რაზეც არაერთხელ მისაუბრია, არის მომენტი, როცა ჯარში გამიწვიეს და კომისარიატში მისვლა მომიწია როგორც მონიკას, თუმცა პირადობაში მეწერა სხვა სახელი და გვარი, ისევე როგორც სხვა სქესი. კომისარმა სიტუაცია რომ ნახა, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. 

სამწუხაროდ, საქართველოს აქვს ის რეალობა, როცა სქესის შეცვლის ოპერაციის გარეშე არ გიცვლიან სქესის ჩანაწერს პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში ან სხვა დოკუმენტებში. ბელგიას ეს არ აქვს. წავედი აქაურ იუსტიციის სახლში და შევიცვალე სქესი ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ეს იყო ამ გარდასახვის პირველი ნაბიჯი.

საქართველოს ჯანმრთელობის სისტემა ტრანსგენდერ ადამიანებს არაფერს სთავაზობს. მესმის, რომ ქვეყანას არ აქვს ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, როგორიც ბელგიას, მაგრამ საქართველოს აქვს ის პოტენციალი, რომ თუნდაც ტრანსგენდერი ადამიანების ჰორმონოთერაპია [დააფინანსოს], პლასტიკურ პროცედურებზე შესაბამისი ფასები [დააწესოს]. უბრალოდ, უნდა იყოს სურვილი და მიმღებლობა. სახელმწიფომ უნდა დაგვინახოს, გაგვაანალიზოს და ჯანდაცვის სისტემას მოარგოს ეს საჭიროებები, რომლებიც გვაქვს.

ტრანსგენდერ ადამიანებს სპეციალური საჭიროებები ნამდვილად აქვთ: მაგალითად, ჰორმონოთერაპია*, ენდოკრინოლოგთან ვიზიტი, ფსიქოლოგთან ვიზიტი… ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჰორმონები უნდა იყიდო, ოპერაციები გაიკეთო… მესმის იმ ტრანსგენდერი გოგოების, რომლებიც ბუნებრიობის მომხრე არიან, მაგრამ ზოგი ასე არ ფიქრობს და ურჩევნია, გაიკეთოს პლასტიკური ოპერაციები. ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს. უნდა შეუწყონ ხელი ტრანსგენდერ ადამიანებს, რომ საკუთარ ორგანიზმში და საკუთარ სხეულში ბედნიერად იგრძნონ თავი.

მეც მქონდა მსგავსი მომენტი: სანამ ბელგიაში სქესის შეცვლის ოპერაციას გავიკეთებდი, ტვინში წარმომედგინა ისეთი ქალი, როგორიც ვარ ახლა. ჩემი ფიქრი ვიზუალში ავსახე. ვფიქრობ, ბევრი ტრანსგენდერი ქალია ასე და მგონია, რომ პლასტიკურ ოპერაციებზე შესაბამისი ფასი უნდა იყოს.

* ჰორმონოთერაპიის ფარგლებში ტრანსგენდერი ქალი ქალის ჰორმონებს იღებს, რათა შეიცვალოს ფიზიკური ანატომია ისე, რომ დაემთხვეს მის გენდერულ იდენტობას. [ავტ]

“თანასწორობის მოძრაობა” და ემიგრაცია

ქამინგ აუთის შემდეგ, რაღაც პერიოდი, ნაქირავებ სახლში ვცხოვრობდი, სახლიდან წამოსული. ამ დროს ვაკანსია გამოჩნდა “თანასწორობის მოძრაობის” თელავის ოფისში, მენეჯერის პოზიციაზე. ვიფიქრე, რატომაც არა, ახალი გამოწვევაა, ქალაქს შევიცვლი-მეთქი. ჩავალაგე ბარგი და გადავედი თელავში. სიმართლე გითხრათ, თელავში დამოკიდებულება აგრესიული არ ყოფილა. რამდენჯერმე მომიწია პოლიციის გამოძახება. ხომ იცით, შიში რომ მოჰყვება? ყოველ პატარა გაფხაკუნებაზე მეშინოდა და პოლიციას ვითხოვდი.

მონიკა თანასწორობის მოძრაობის ოფისში

მახსოვს, ერთ-ერთ 17 მაისს რომელიღაც ლაივზე დაწერეს, რომ თელავში წავიდეთ, “თანასწორობის მოძრაობის” ოფისში, იქ ტრანსგენდერი ქალიაო. ამის შესახებ “ფეისბუკზეც” დავწერე. ჩემმა უფროსმა მითხრა, რომ ზომები მიმეღო. შესაბამისად, გამოვიძახე საპატრულო პოლიცია და ეკიპაჟი მობილიზებული იყო იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე ინციდენტი მოხდებოდა. 

თელავში ვიყავი ზუსტად 1 წელი, რის შემდეგაც მივიღე გადაწყვეტილება, წავსულიყავი ემიგრაციაში. ემიგრაციაში წასვლა გადამაწყვეტინა სურვილმა, მქონოდა ღირსეული ცხოვრება საკუთარი თავისთვის. მსურდა, მშვიდად ვყოფილიყავი და ვიღაცას რაღაც არ ჩაერტყა თავში, ვიღაცას რაღაც არ ეთქვა… მინდოდა, დამეწყო ნულიდან, მომეწყო ჩემი ცხოვრება, კარიერა, პირადი… არ მსურდა, ჩემს ოქროს წლებს ბრძოლაში, ტანჯვასა და უბედურებაში გაევლო. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება.

როდესაც ბელგიაში ჩამოვედი, ზუსტად მახსოვს, ცაც კი სხვანაირი იყო. ავიხედე მაღლა და ცაც კი არ ჰგავდა საქართველოს ცას. უცებ გულის ფორიაქი დამეწყო: მონიკა, შენ ეს შეძელი, სხვაგან ხარ, აქ სხვა ხალხია, სხვა მენტალიტეტია… სოციალურ მუშაკს ავუხსენი სიტუაცია, რომ მარტო ცხოვრება მჭირდებოდა. ცალკე ბინა მომცეს, ტაქსით გამიშვეს იმ ქალაქში, სადაც უნდა მეცხოვრა… ძალიან გამიმართლა. იმ ბინაში ველოდებოდი ინტერვიუებს და ყველა შემდგომ პროცედურას.

ორი ინტერვიუ მქონდა: ერთი იყო 30-წუთიანი, მეორე კი— 5-საათიანი. ბევრი კითხვა იყო სხვადასხვანაირად შემობრუნებული. უნდოდათ, რაღაც შემეცვალა, დამემატებინა ან მომეკლო, რათა ბოლოს ეთქვათ, რომ შენი მონაყოლი ამბები არ ემთხვევა ერთმანეთს და არ გემუქრება საფრთხე საქართველოშიო. თუმცა, რაც რეალურად იყო, იმას ვყვებოდი: რომ ბალიშის ქვეშ დანა მქონდა და ყოველთვის მობილიზებული ვიყავი, რომ აი, ახლა შემოიჭრება ვიღაც… საბოლოოდ, მომივიდა 5-წლიანი საბუთი. შემდეგი წლის ნოემბერში გასდის ამ დოკუმენტს ვადა და ვიღებ მოქალაქეობას.

ზოგადად, ემიგრაციაში წასვლა, თან როცა ლტოლვილის სტატუსს ითხოვ, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს, როცა ჩავბარდი, ნოემბერი იყო, ციოდა და ადამიანები პასპორტებით ელოდნენ რიგს. მეც იმ რიგში ვიდექი. დღემდე ბრიუსელი იმიტომ არ მიყვარს, რომ იქ ხდებოდა ეს ყველაფერი და ემოციები მიბრუნდება ხოლმე.

ოჯახის მხარდაჭერა

ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვიარ ადამიანისთვის, მით უმეტეს, როდესაც ქამინგ აუთის პროცესს გადის. მესმის, რომ ეს მოცემულობა ოჯახისთვის მარტივი მისაღები არ არის: ეს მოითხოვს დროს, ენერგიას… თუ შენი ოჯახის წევრს ეს არ ესმის, თავად უნდა შეეცადო, რომ მაქსიმალურად ამომწურავი, გაფილტრული ინფორმაცია მიაწოდო და აუხსნა, რა როგორ არის.

როგორც გითხარით, იმ ადამიანებს, რომლებიც მიყვარს, მარტივად ვერ ვკარგავ და თუნდაც იმ 1%-იან [შანსს] ვებღაუჭები. ამ მიდგომამ გაამართლა: დღესდღეობით ჩემი დაც ჩემ გვერდშია — ის მანამდეც სულ გვერდით მედგა — ჩემი დისშვილიც, დედაც და მთელი ოჯახიც. ჩემს დისშვილს როცა ვურეკავ, ჩემი ფოტო აქვს ჩახუტებული და ეს ჩემი მეორე დედიკო არისო, ამბობს. ვფიქრობ, რაღაცას მივაღწიე იმ კუთხით, რომ ჩემი პატარა სათქმელი ვთქვი ოჯახში და იმაზე მეტად მიღებული და დაფასებული ვარ, ვიდრე აქამდე ვყოფილვარ. 

მონიკა ბავშვობაში დედასთან და დასთან ერთად

ჩემი აზრით, საქართველოში ქვიარ თემისთვის შეიცვალა ის, რომ ადამიანებმა დაგვინახეს და გაგვიცნეს ისეთები, როგორებიც რეალურად ვართ: რეალური ადამიანები რეალური ემოციებით, რეალური მიზნებით… მაგალითად, ჩემი ინტერვიუების ქვეშ ყოველთვის წერდნენ, ეს გოგო როგორი ნამდვილიაო.

რაც ვიყავი მაშინ, ის ვარ ახლაც. 

ერთადერთი, რასაც ჩემს აქტივიზმში ვნანობ, არის ის, რომ უფრო მეტი აგრესიული ნაბიჯი უნდა გადამედგა. ვგულისხმობ იმას, რომ მეტად უნდა გამოვჩენილიყავი, პრობლემებზე უფრო მეტი უნდა მესაუბრა საზოგადოების წინაშე. ვცდილობდი, ყვითელ გადაცემებში არ წავსულიყავი, ყვითელი პრესისთვის არ მიმეცა ინტერვიუები… იყო შემოთავაზებები და ყველას უარი ვუთხარი. ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ ეს პლატფორმაც უნდა გამომეყენებინა იმისთვის, რომ რაღაც სისულელეს რომ მკითხავდნენ, შესაბამისად მეპასუხა და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაცია მიმეწოდებინა. თუმცა ჩემი ოჯახის სიმშვიდეს გავუფრთხილდი.

შევეცადე, ჩემი თავიც დამეცვა და ოჯახიც. 

მომავალი

დღეისათვის ამაყი ვარ იმით, რომ აქ 4 წლის წინ ჩამოსული უკვე ბელგიელებთან ერთად ვმუშაობ. სოციალურ მუშაკად ვსაქმიანობ აქაურ “წითელ ჯვარში” და უკრაინელებს ვეხმარები. ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს ადამიანების მოსმენა და მათი დახმარება, მათი მწუხარებისა თუ მოთხოვნილებების გაზიარება. 

ასე რომ, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ შევძელი და მივაღწიე ამას. ამ პროცესში ძალიან დამეხმარა ჩემი მეგობარი ემზო კვარაცხელია, რომელიც  ასევე “წითელ ჯვარში” მუშაობდა და როცა თავისუფალი ადგილი გამოჩნდა, მირჩია, რომ მეცადა; მეგობრული მუხტი მომცა. ინტერვიუზე დამიბარეს და მეორე დღეს დამირეკეს, აყვანილი ხართო. იმდენად არ ველოდი, თავიდან ვერც მივხვდი, რა ხდებოდა. ეს იყო ბედნიერება. 

ჰორმონოთერაპია აქ, ბელგიაში დავიწყე. სპეციალურად ტრანსგენდერი ადამიანებისთვის განკუთვნილ კლინიკაში ვიყავი და უკვე სიტყვაც გეუბნებათ, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები მუშაობენ იქ. ყველა ცდილობდა, ჩემთვის ის კომფორტი მოეცა, რომელსაც, ვერ კი არა, არ მაძლევდა ჩემი სახელმწიფო და ჩემი ხალხი. აქ არ ვგულისხმობ უმრავლესობას, რადგან კიდევ მჯერა, რომ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და და აანალიზებს. პროევროპულად განწყობილ ადამიანებს ვგულისხმობ, თორემ პრორუსობა დიაგნოზია.

ჯერჯერობით ჩემი ამბავი ასე, პრინცესულად მიდის. ის ჯერ არ დაგვირგვინებულა. ისევ პროცესში ვარ და არ ვაპირებ გაჩერებას ან პატარა წარმატებებით დაკმაყოფილებას. ასე წარმომედგინა, რომ როცა სქესის შეცვლის ოპერაციას გავიკეთებდი, უკვე მოვიდოდა იმის დრო, რომ უფრო ძლიერად მიმეხედა ჩემი კარიერისთვის, მოგზაურობა დამეწყო… პრიორიტეტად მიმაჩნდა სქესის შეცვლა და ვიზუალში გადმოტანა იმ მონიკასი, რომელიც შინაგანად ვიყავი.

ახლა უკვე მოდის კარიერა, სწავლა… ცხოვრების გიჟურ, დაკავებულ რიტმში ვბრუნდები. ეს ძალიან მომწონს, რადგან 15 წლიდან ვმუშაობ. სულ რაღაცას ვაკეთებ.

დანარჩენს ალბათ დრო გვიჩვენებს. ცხოვრება იმიტომაც არის საინტერესო, რომ არ ვიცით, რა მოხდება შემდეგ. ვნახოთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი