ახალი ამბები

დეპუტატები ზილფიმიანი და მიქაძე ჩინეთზე საკუთარი პარტიის განცხადებას ემიჯნებიან

17 აგვისტო, 2022 • 1279
დეპუტატები ზილფიმიანი და მიქაძე ჩინეთზე საკუთარი პარტიის განცხადებას ემიჯნებიან

„ევროპელი სოციალისტების“ წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა( გელა) მიქაძე თავიანთი პარტიის სახელით 5 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან.

საუბარია „ევროპელი სოციალისტების“ სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაზე, სადაც პარტია გმობს ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.

„2022 წლის 5 აგვისტოს “ევროპელი სოციალისტების” სახელით გაკეთდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საწინააღმდეგო განცხადება – კერძოდ, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ამ უკანასკნელის წინააღმდეგ გამოთქმული შეფასება, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხისა და ქვეყნების მეგობრობას.

ჩვენ, “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატები, დავით ზილფიმიანი და ზაზა( გელა) მიქაძე ვემიჯნებით და ვერ გავიზიარებთ მსგავს შეფასებებს, რომლებმაც შესაძლოა დააზიანონ ჩვენი მრავალწლიანი მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც დავით ზილფიმიანმა ნეტგაზეთს უთხრა, ისინი მხოლოდ კონკრეტულ განცხადებას ემიჯნებიან და არა პარტიას.


პარლამენტში „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი 4 წევრითაა წარმოდგენილი. „ევროპელი სოციალისტების“ საპარლამენტო ჯგუფის წევრები არიან: ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი და გელა მიქაძე.

5 აგვისტოს პარტია „ევროპელი სოციალისტების“ სახელით გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ხაზგსამული იყო, რომ მხარს უჭერენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. განცხადება გავრცელდა  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლის შემდეგ.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პარტიის წევრთათვის მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.

„მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში განვითარებული მოვლენები გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა. ქართველი ხალხი ისტორიულად კეთილგანწყობილი იყო და მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ვგმობთ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პროვოკაციას – ევროპელი სოციალისტები

მასალების გადაბეჭდვის წესი