ახალი ამბები

რა თქვეს „ოცნებასა“ და ოპოზიციაში პირადობის მოწმობების საკითხზე შეხვედრის შემდეგ

24 ნოემბერი, 2023 • 1810
რა თქვეს „ოცნებასა“ და ოპოზიციაში პირადობის მოწმობების საკითხზე შეხვედრის შემდეგ

„ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს „ევროპელი სოციალისტების“ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის ამჟამად აკრძალული უფლების დაბრუნებას, თუმცა 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმებები იურიდიულ ძალას დაკარგავს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კობახიძის მტკიცებით, ცვლილებების შედეგად გაუქმდება დაახლოებით 230 000 პირადობის ძველი მოწმობა და მათ მფლობელებს დასჭირდებათ დოკუმენტის გამოცვლა.

„ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას მხარს დავუჭერთ, ოღონდ დამტკიცდება პრინციპულად განსხვავებული ფორმით — დაემატება ჩანაწერი, რომ პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც გაცემული იქნა 2011 წლამდე. კანონპროექტის მიხევდით იმ ადამიანებს ექნებათ ხმის მიცემის უფლება, რომელთაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები. თუმცა ასეთი პირადობის მოწმობების რაოდენობა დავა მინიმუმამდე. მაქსიმუმ იქნება 500-1000 — მეტი არა“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის ინფორმაციით, 2011 წლიდან, როცა ჩიპიანი პირადობის მოწმობები შემოვიდა, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე არაელექტრონული პირადობის მოწმობა 64-მა ადამიანმა აიღო. დაახლოებით 180 მოქალაქე, კობახიძის თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას.

ჯამში, ირაკლი კობახიძის თქმით, არაელექტრონული პირადობის მოწმობის მქონეთა რაოდენობა შესაძლოა 500-მდე გაიზარდოს.

კითხვაზე, 500 კაცის გამო რატომ ცვლის კანონს და რატომ გამორიცხავს, რომ საარჩევნოდ მასობრივად არ აიღებენ არაელექტრონულ პირადობის მოწმობებს, კობახიძე ამბობს, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობების განსხვავებული ვადებიდან გამომდინარე, ასეთ დოკუმენტებს ხელოვნურად არავინ აიღებს.

„500-საც მაქსიმუმს ვამბობ“, — თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ ოპოზიციაც ემხრობა ამ ყველაფერს.

დღეს პარლამენტში გაიმართა კონსულტაციები ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის კანონპროექტზე, რომელიც ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას შესაძლებელს ხდის. შეხვედრაში არ მონაწილეობდა კანონის ინიციატორი ფრიდონ ინჯია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებისგან მიიღეს პირობა, რომ იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით ჩანაცვლების კამპანიას.

„ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა, რომ კამპანიის ფარგლებში, და მათ შორის ძველი პირადობების უფასო ჩანაცვლებით, შესთავაზოს მათ მფლობელებს ID ბარათების აღება და ძველი პირადობების მაქსიმალურად ჩანაცვლება მოხდეს. დღესდღეობით მივიღეთ ერთგვარი პირობა, რომ ეს ასე მოხდება. მათ თქვეს, რომ ჩანაცვლების პოლიტიკური ნება არსებობს, იქნება გონივრული ვადები და ინტენსიურ კამპანიას დაიწყებს სახელმწიფო. ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყვეს [საკანონმდებლო] ინიციატივის გაჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, აღმოჩნდება, რომ ეს იყო ყალბი დაპირება“, — განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კანონპროექტის გაუქმების იმედი გამოთქვა დეპუტატმა რომან გოცირიძემაც.

„ან კანონპროექტს ვიღებთ იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არის, ან იმას, რისი შეთანხმებისკენაც მიდის პოლიტიკური სპექტრი. ამ კანონპროექტის განხილვა ალბათ შეჩერდება, გადაკეთდება სხვანაირად, ან ახალი კანონპროექტი იქნება, რომ უფასოდ დამზადდეს ახალი პირადობები“, — განაცხადა, თავის მხრივ, „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ძველი პირადობებით ხმის მიცემის ამჟამად აკრძალული უფლების დაბრუნებას, „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივით დარეგისტრირდა და მას პირველ მოსმენაზე მხარი საპარლამენტო უმრავლესობამაც დაუჭირა.

ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ფრიდონ ინჯიას ინიციატივის უკან მმართველი პარტია დგას, რომელსაც არჩევნებზე ძველი პირადობების დაბრუნებით მანიპულაციების საშუალება ეძლევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი