ახალი ამბები

ვგმობთ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პროვოკაციას – ევროპელი სოციალისტები

5 აგვისტო, 2022 • 1139
ვგმობთ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პროვოკაციას – ევროპელი სოციალისტები

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ აცხადებს, რომ გმობს ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას. ამის შესახებ საუბარია პარტიის ოფიციალურ განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“ ხაზს უსვამენ, რომ მხარს უჭერენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

„ამასთან, 1975 წლის 1 აგვისტოს ჰელსინკიში მიღებულ იქნა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ მოაწერა ხელი და შეუერთდა.

აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც ერთგულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებების და მიერთებულია არაერთ კონვენციას თუ ხელშეკრულებას, მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ტაივანს აღიარებს, როგორც ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას. პარტიის წევრთათვის მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.

მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში განვითარებული მოვლენები გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა. ქართველი ხალხი ისტორიულად კეთილგანწყობილი იყო და მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში.


2 აგვისტოს დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩაფრინდა.

პელოსის შესაძლო ვიზიტის გარშემო დაძაბულობის პარალელურად, მედიაში ჩნდებოდა მასალები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ემზადებოდნენ ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დასახვედრად – ტაივანის ხელისუფლებამ გამოყო 8 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც აეროპორტამდე ნენსი პელოსის თვითმფრინავი უნდა გააცილონ.

ნენსი პელოსისა და კონგრესის დელეგაციის წევრებმა ტაივანში ჩასვლისთანავე გაავრცელეს განცხადება, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ ტაივანს და ამბობენ, რომ ვიზიტი აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკიდან გადახვევა არ არის.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი