ახალი ამბები

ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

18 ოქტომბერი, 2022 • 724
ზილფიმიანმა „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა

პარლამენტარი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დატოვა.

მან ფეისბუკზე დაწერა, რომ პარტიიდან გასვლა „განპირობებულია ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული ხედვით და არა რაიმე სახის კონფლიქტით ან ვინმესთან დაპირისპირებით“.

„არის ზოგადი საკითხები, მათ შორის იყო ტაივანთან დაკავშირებული საკითხები, რუსეთთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც მე სხვა ხედვა მაქვს და შეიძლება [სხვა] ადამიანს სხვა ხედვა ჰქონდეს. ეს ხელს არ უშლის, რომ ადამიანთან ადამიანური ურთიერთობა გქონდეს“, – განუცხადა დავით ზილფიმიანმა „ნეტგაზეთს“.

მან ფეისბუკზე ასევე დაწერა, რომ „დიდად მნიშვნელოვანი იყო და არის ადამიანური და მეგობრული ურთიერთობანი და ხედვებში სხვაობა ამაზე ასახვას ვერ მოახდენს“.

რამდენიმე კვირის წინ ზილფიმიანი და მისი თანაპარტიელი, ზაზა მიქაძე გაემიჯნნენ თავიანთი პარტიის სახელით გავრცელებულ განცხადებას, რომელიც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსპი პელოსის ვიზიტის ფონზე „ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას“ გმობდა.

თუმცა „ნეტგაზეთთან“ საუბარში ზილფიმიანმა ასევე თქვა: „ნუ ჩამოვეკიდებით ამ თემას – ზოგადად გითხარით. პირობითად. შეიძლება, რაღაცას უყურებდე სხვანაირად, ჩინეთია მართალი ტაივანთან თუ ამერიკაა მართალი“.

ზილფიმიანმა ასევე თქვა: „ხედვების გამო როგორ შეიძლება კატაკლიზმების მოხდენა“.


„ევროპელი სოციალისტები“, – ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე, – 2020 წლის არჩევნების შედეგად „პატრიოტთა ალიანსის“ სიით შევიდნენ პარლამენტში მას შემდეგ, რაც „ალიანსის“ პარტიული სიის პირველმა ოთხეულმა და პარტიამ პარლამენტში შესვლაზე საბოლოოდ განაცხადა უარი.

ზილფიმიანი უპარტიო დეპუტატად აგრძელებს პარლამენტში საქმიანობას, თუმცა, როგორც „ნეტგაზეთს“ უთხრა, არ დაოტოვებია პოლიტიკური ჯგუფი: „თუ ეგ მოხდება, გაიგებთ მაგასაც“, – ამბობს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი