შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „უგუნურ კონსპირაციას“ უწოდებს „ქართული ოცნებიდან“ წასული პარლამენტარების ბრალდებას სასამართლო სისტემაში „ჩარევის“ შესახებ და აცხადებს, რომ არ იცის, ეს ჯგუფი „ვის ან რას წარმოადგენს“.
„ცხადია, აშშ წლების განმავლობაში ეხმარებოდა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც მოიცავს მრავალპარტიულ პარლამენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობას. მაგრამ მე არ ვიცი, ეს ჯგუფი რას წარმოადგენს, არ ვიცი, ვის წარმოადგენს; არ ვიცი, როგორ განსხვავდებიან მმართველი გუნდისგან, რომელიც, როგორც თვითონ ამბობენ, დატოვეს“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა ჟურნალისტების კითხვების პასუხად.
მისი თქმით, მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ „ბრალდებები, რაც მათ წაუყენეს შეერთებულ შტატებს, არის უგუნური შეთქმულების თეორიები, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს“.
მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს ყველა პარტიასთან, ხვდება მოქალაქეებს, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა ძალას წარმოადგენენ, და ეხმარება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარებაში. „ამას ვაკეთებთ 30 წელზე მეტია და გავაგრძელებთ მომავალ წლებში“, – განაცხადა ელჩმა.
„ნებისმიერი ბრალდება, თითქოს ჩვენ ვართ დამნაშავე პოლარიზაციაში, არის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა და პასუხისმგებლობის გადატანა მათ მიერ, ვინც იცის, რომ პასუხისმგებელია დასავლელ პარტნიორებზე, რომელთაც 30 წელზე მეტია, საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დახმარების მეტი არაფერი გაუკეთებიათ“, – უთხრა ელჩმა ჟურნალისტებს 17 აგვისტოს.
„მნიშვნელოვანია, ქართველებმა 3-4 წლით უკან გაიხედონ და გაიხსენონ, საიდან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია, – გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები… აი, აქედან მოდის ეს ღრმა პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მის დამარცხებაში“, – განაცხადა ელჩმა.
16 აგვისტოს გავრცელებულ მორიგ ანტიამერიკულ განცხადებაში „ქართული ოცნებიდან“ გასულმა პარლამენტარებმა დაწერეს, რომ საელჩომ პარლამენტს არა რეკომენდაციები, არამედ „ინსტრუქციები“ წარუდგინა, რომელიც ემსახურება სასამართლოს „დამოუკიდებლობის ხელყოფასა და მასში შეღწევის მიზანს“.
მმართველი პარტიის ყოფილი წევრები აშშ-ის საელჩოს ისევ სდებენ ბრალს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და „რადიკალური ოპოზიციის გაძლიერების“ მცდელობაში. ელჩმა კელი დეგნანმა წერილის ამ ნაწილზეც გააკეთა საპასუხო კომენტარი და თქვა:
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის კითხვები ასეთი ტიპის კონსულტაციაზე, რაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ სხვა სამართლებრივ ექსპერტებთან“.
„ათწლეულების განმავლობაში ვმუშაობთ საქართველოსთან სასამართლო რეფორმებზე და, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ყველამ იცის, რომ მეტია გასაკეთებელი. ეს სადავო არასოდეს ყოფილა. ასე რომ, გასაკვირია, რატომ ხვდება ასეთი წინააღმდეგობა იმ საქმეს, რაზეც ყველამ დიდი ხანია იცის, რომ უნდა გაგრძელდეს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს სასამართლო, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ავტონომიური და პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე“, – თქვა ელჩმა.
ელჩის თანახმად, სწორედ „ამ საკონსულტაციო პროცესმა მოიტანა საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და მოიცავს იმ ვალდებულებებს, რასაც არაერთხელ დაეთანხმნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები მთელ პოლიტიკურ სპექტრში“.