ახალი ამბები

ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლოდან საჯარო ინფორმაციას გამოთხოვის შემდეგაც არ აწვდიან

23 ივლისი, 2022 •
ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლოდან საჯარო ინფორმაციას გამოთხოვის შემდეგაც არ აწვდიან

არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში საკადრო თუ სხვა სახის ცვლილებები საზოგადოებისგან ფარულად, გაუმჭვირვალე პროცესებით მიმდინარეობს. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები ინფორმაციას გამოთხოვის შედეგადაც არ ასაჯაროებენ. ამის შესახებ მან დღეს, 23 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“სასამართლო გუშაგი” ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილებული საქმეების რაოდენობის, სასამართლოებისა და ინდივიდუალური მოსამართლეების დატვირთულობის, მოსამართლეთა დანიშვნისა და სხვა ისეთი საკითხების შესახებ, რომლებსაც, მათი თქმით, სასამართლო ხელისუფლება მიმართვის გარეშეც უნდა ამუშავებდეს და ასაჯაროებდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საკითხები სრულად განეკუთვნება საჯარო ინფორმაციის კატეგორიას, სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი თავს არიდებს არაერთ ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხის გაცემას, რაც ცხადყოფს, რამდენად ჩაკეტილი და გაუმჭვირვალეა დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა”, – განმარტავს ორგანიზაცია.

“სასამართლო გუშაგი” ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რამდენიმე პრობლემას გამოყოფს:

  • იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მაქსიმალურად შეამცირა იმ ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე, რომელიც პროაქტიულად უნდა ქვეყნდებოდეს;
  •  იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლოები, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულნი არიან, საჯარო ინფორმაცია გასცენ დადგენილ ვადებში, ხშირ შემთხვევაში უარის შესახებ პასუხსაც კი აღარ აგზავნიან.
  • ამის პარალელურად, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა კომუნიკაცია საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებთან, სასამართლო სისტემის სხვადასხვა რგოლში.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი აღმოჩნდა, რომ პირი, რომელმაც საჯარო ინფორმაცია უნდა გასცეს, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის, სერგო მეთოფიშვილის შვილი ნატალია კალანდია. მან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილ მარტივ შეკითხვაზე – როგორია თბილისის სააპელაციო სასამართლოში განხილული და ნაშთად დარჩენილი საქმეების რაოდენობა – მონაცემები არ მოგვაწოდა. ასევე, ნატალია კალანდიას ორგანიზაციისთვის მონაცემები არ მიუწოდებია თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის/მოსამართლის, მიხეილ ჩინჩალაძისა და რამდენიმე სხვა მოსამართლის მიერ განხილული საქმეების რაოდენობის შესახებ.
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღესაც არ გამოუქვეყნებია და არ მოუწოდებია (მოთხოვნის მიუხედავად) ის გადაწყვეტილებები, რომლებიც 3-წლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების გადაანიშვნას შეეხება. ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება ნათელს მოჰფენდა იმ პრობლემას, რომ რამდენიმე მოსამართლისთვის ვადის გაგრძელება პროცედურების გვერდის ავლით მოხდა, ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჟამად არასრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი.

“სასამართლო გუშაგი” აღნიშნავს, რომ ბოლო დროს გაგზავნილ შეკითხვებს მხოლოდ უზენაესმა სასამართლომ, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა და რუსთავის საქალაქო სასამართლომ უპასუხეს.

“შესაბამისად, ერთი მხრივ აშკარაა, რომ დარღვეულია კანონით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები, ხოლო, მეორე მხრივ, უდიდეს სირთულეს წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირებთან დაკავშირება. სამუშაო საათებში ისეთი მნიშვნელოვანი ორგანოები, როგორებიც არიან: იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოები ოფიციალურ ვებგვერდებზე მითითებულ სატელეფონო ნომრებზე ზარს არ პასუხობენ”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი