საზოგადოება

რა წერია რეალურად აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ რეკომენდაციებში

16 აგვისტო, 2022 • 1606
რა წერია რეალურად აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ რეკომენდაციებში

„ქართული ოცნებიდან“ წასულმა პარლამენტის დეპუტატებმა დღეს, 16 აგვისტოს, მორიგი ანტიამერიკული განცხადება გაავრცელეს, რომელიც შეეხება პარლამენტისთვის აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ წარდგენილ რეკომენდაციებს.

„ოცნებიდან“ წასულები ამტკიცებენ, რომ საელჩომ პარლამენტს არა რეკომენდაციები, არამედ „ინსტრუქციები“ წარუდგინა, რომელიც ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და მასში შეღწევის მიზანს. მმართველი პარტიის ყოფილი წევრები აშშ-ის საელჩოს ისევ სდებენ ბრალს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და „რადიკალური ოპოზიციის გაძლიერების“ მცდელობაში.

„საზოგადოებას მარტივად რომ განვუმარტოთ, ამ ინსტრუქციის გათვალისწინების პირობებში, ოპოზიცია იღებს სრულ კონტროლს მოსამართლეების არჩევასა და დანიშვნაზე. ვერც ერთი მოსამართლე ვეღარ აირჩევა ან დაინიშნება ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სისტემაში მისთვის სასურველი მოსამართლეების შეყვანას შეძლებს. რას ნიშნავს საელჩოს და ნაციონალური მოძრაობის მიერ მართული მოსამართლეები, ეს 2004-12 წლებში საზოგადოებამ საკუთარ თავზე ძალიან მძიმედ იწვნია და ამის გამეორება დაუშვებელია“, – აღნიშნულია „ოცნებიდან“ წასულების განცხადებაში.

 რა წერია რეალურად აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში?

დოკუმენტი, რომელსაც ჰქვია აკვანძო რეკომენდაციები სასამართლო რეფორმის შესახებ“, აშშ-ის საელჩომ წარუდგინა პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას და მართლმსაჯულების  სისტემის სხვა დაინტერესებულ მონაწილეებს. დოკუმენტის თანახმად, რეკომენდაციები ეყრდნობა საელჩოს  კომუნიკაციას პარლამენტთან და სხვა საკვანძო მხარეებთან. რეკომენდაციები, ასევე,  ითვალისწინებს ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო  საბჭოს (CCJE) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.

„ეს რეკომენდაციები  დეტალურია, თუმცა, არა ყოვლისმომცველი. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არის სხვა საკითხებიც,  რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს. იმედი გვაქვს, რომ ეს რეკომენდაციები ხელს  შეუწყობს პარლამენტს და მართლმსაჯულების სისტემის სხვა მონაწილეებს, ნაბიჯები  გადადგან კონსენსუსისკენ. ასევე, იმედი გვაქვს, რომ რეკომენდაციები დაეხმარება პარლამენტს  საკანონდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში, რომელთა მეშვეობითაც  გაუმჯობესდება სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და  ანგარიშვალდებულება, ასევე, გაიზრდება საზოგადოების ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ.

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს პარლამენტისა და ქართველი  ხალხის ძალისხმევას, შექმნას ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი სასამართლო“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესს. მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისთვის რეკომენდებულია ორმაგი 2/3-ის მხარდაჭერის მოდელი. საელჩო ამ მოდელს რეკომენდაციას უწევს  მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისთვისაც.

მათი რეკომენდაციით, ასევე, სავალდებულო უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ისა და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა. საელჩოს მოსაზრებით, ეს მოდელი შეამცირებს სისტემის ბოროტად გამოყენების რისკებს და ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას მოსამართლეთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებად.

აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენასა და პარლამენტის მიერ არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმუშაოს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მოსამართლეებთან, ექსპერტებთან და, ინკლუზიური პროცესის მეშვეობით, შეიმუშაოს სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, რომელიც მოიცავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

მათ შორის,საელჩოს რეკომენდაციით, კანონმდებლობამ უნდა გაითვალისწინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის წარდგენა საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ის და არამოსამართლე წევრების 2/3-ის თანხმობით. გარდა ამისა, კანონმდებლობამ უნდა გაზარდოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევისთვის საჭირო ხმების მინიმალური რაოდენობა, ამჟამინდელი უბრალო უმრავლესობიდან (76 ხმა) 90 ხმამდე, იგივე, რაც საჭიროა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნისთვის.

საელჩოს რეკომენდაციები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსაც. კერძოდ, უნდა მოხდეს პარლამენტის, პრეზიდენტისა და სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის სტანდარტიზება. საელჩო რეკომენდაციას უწევს, განხორციელდეს ცვლილებები შესაბამის კანონებში და პარლამენტის რეგლამენტში, რათა კანდიდატების შერჩევა მოხდეს პროფესიული დამსახურების საფუძველზე, ღია და გამჭვირვალე პროცესით, სხვა სასამართლო დანიშვნების პროცესში შეთავაზებული გაუმჯობესების მსგავსად.

აშშ-ის საელჩოს რეკომენდაციები შეეხება ქვემდგომ სასამართლოებსაც. მათი მოსაზრებით, კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას ღია კენჭისყრა, დანიშვნების დასაბუთება და დანიშვნისთვის საჭირო ხმების გაზრდა.

“ამჟამინდელი გადაწყვეტილებები ფორმალისტურია, არ არის ინდივიდუალიზებული და არ მისდევს საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მითითებულ სამართლებრივ ჩარჩოს, სადაც ჩამოთვლილია კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმები, როგორც შეფასების ძირითადი კომპონენტები.

საელჩო ასევე ურჩევს პარლამენტს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნები განხორციელდეს საბჭოს მოსამართლე წევრების 2/3-ისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების 2/3-ის ხმების საფუძველზე.

რეკომენდაციები ასევე შეეხება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მმართველობის სტრუქტურას და აღნიშნულია, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა შემცირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გავლენა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრების არჩევის პროცესზე.

ნეტგაზეთი გთავაზობთ აშშ-ის საელჩოს მიერ პარლამენტისთვის მიწოდებული რეკომენდაციებს სრულად.

მასალების გადაბეჭდვის წესი