ახალი ამბები

რუსეთი ზაპოროჟიის ატომური სადგურის ყირიმის ქსელზე დაერთებას ცდილობს – ენერგოატომი

10 აგვისტო, 2022 • 952
რუსეთი ზაპოროჟიის ატომური სადგურის ყირიმის ქსელზე დაერთებას ცდილობს – ენერგოატომი

უკრაინული ენერგოოპერატორის, ენერგოატომის განცხადებით, რუსეთი გეგმავს, ზაპოროჟიის ბირთვული ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ანექსირებული ყირიმის ქსელს დაუერთოს, პროცესში კი სადგურს აზიანებენ.

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. დაწესებულება მარტის დასაწყისში რუსეთის ჯარმა დაიკავა და მას შემდეგ მოსკოვის კონტროლქვეშაა.

როგორც ენერგოატომის პრეზიდენტი, პეტრო კოტინი Reuters-თან აცხადებს, რუსეთს სურდა, სადგური საკუთარ სისტემაზე დაეერთებინა, რაც ტექნიკურად რთული პროცესია და ეტაპობრივად, უკრაინული სისტემიდან გათიშვის შემთხვევაშია შესაძლებელი:

„მათი გეგმაა, დააზიანონ ზაპოროჟიiს ატომურ სადგურზე შემავალი და გამომავალი ყველა ხაზი, რათა უკრაინის ენერგოსისტემას გამოეთიშოს“, – აცხადებს კოტინი.

როგორც The Guardian წერს, მოსკოვის მიზანია, სადგური ყირიმის ქსელს დაუერთოს. გამოცემა წერს, რომ ამ მიზნით 7-დან 9 აგვისტომდე პერიოდში რუსულმა ძალებმა უკვე დააზიანეს სამი ელექტროგადამცემი ხაზი და ამჟამად მხოლოდ ერთი ქსელი აგრძელებს ფუნქციონირებას, რაც ექსპერტების თქმით, მისი გამართულად მუშაობისთვის ძალიან სახიფათოა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სადგური კავშირს დაკარგავს ბოლო უკრაინულ ელექტროსისტემის ხაზთანაც, ფუნქციონირებას გააგრძელებს დიზელზე მომუშავე გენერატორებზე, შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებულები იქნება საწვავის მარაგებსა და გენერატორების გამძლეობაზე.

ენერგოატომის ხელმძღვანელის თქმით, სადგურისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა, რუსულ სისტემაზე გადართვის მიზნით, ძალიან სახიფათო პროცესი იქნება და აღნიშნავს, რომ თუ სიტუაცია გართულდა, სადგურიდან დიდი raოდენობით რადიაციის გაჟონვა მოხდება და შესაძლოა რადიაციული ღრუბელიც კი გაჩნდეს.

გარდა რუსეთის მცდელობებისა, გადართოს ატომური ელექტროსადგური საკუთარ სისტემაზე, მის უსაფრთხოებას საომარი მოქმედებებიც უქმნის საფრთხეს. ატომური ელექტროსადგურის კომპლექსის ტერიტორია, რომელსაც მარტიდან რუსეთის ძალები აკონტროლებენ, პარასკევს დაიბომბა. მომხდარში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო სააგენტოს თქმით, ერთ-ერთი ჭურვი კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა და წყლის მიმღები დაწესებულება დააზიანა. გარდა ამისა, სამი ჭურვი უშუალოდ სადგურის ტერიტორიაზე დაეცა. შედეგად, დაზიანდა რადიაციის მონიტორინგის სამი დეტექტორი, ასევე ნაგებობა, სადაც ინახებოდა გამოყენებული ბირთვული საწვავის კონტეინერები, რომლებიც მაღალი რადიაციულობით გამოირჩევა.

ზიანის შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვებას ის ფაქტი ართულებს, რომ 5 მარტის შემდეგ სადგურს რუსული მხარე აკონტროლებს და მიუხედავად იმისა, რომ იქ ჯერ კიდევ მუშაობენ უკრაინელი მეცნიერები და პერსონალი, გარესამყაროსთან კონტაქტს ვერ ახერხებენ. რუსული მხარე ამ დრომდე ადგილზე არც საერთაშორისო ექსპერტებს უშვებს სიტუაციის შესაფასებლად.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული შეტევის გამო, რომელიც ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს შეიცავს და შეიძლება დაემუქროს საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და გარემოს უსაფრთხოებას უკრაინასა და მის ფარგლებს მიღმა“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი