ახალი ამბები

მოსახლეობა სოფელ კიროვკისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს – სსც

27 ივლისი, 2022 • 1035
მოსახლეობა სოფელ კიროვკისთვის სახელის გადარქმევას ითხოვს – სსც

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკის მოსახლეობის მოთხოვნას მათ სოფელში დასახლების საერთო კრების ჩატარებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, რომ განახორციელოს საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ყველა ზომა.

როგორც ორგანიზაცია იუწყება, სოფელ კიროვკის მოსახლეობა ითხოვს, რომ დასახლებას აღუდგეს გასაბჭოებამდე არსებული სახელი „მამეი“ [მამაი], მუნიციპალიტეტის მიერ შემოთავაზებული ვერსიები კი „მეგობრობა“ და „მწვანე გორაა“.

„რადიო მარნეულმა“ 20 აპრილს გაავრცელა ცნობა, რომ სოფლის მოსახლეობა სოფლისთვის ითხოვდა „მამეის“ დარქმევას, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  კიროვკის მოსახლეობამ არჩევანი ორი სახელიდან ერთ-ერთზე, “მწვანე გორასა“ და  „მეგობრობაზე“ უნდა გააკეთონ, რის შემდგომაც, ადგილობრივების ნაწილმა „მწვანე გორა“ ამჯობინა და ტრაფარეტის აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა მოითხოვა.

ორგანიზაციის თანახმად, 26 აპრილს სოფელ კიროვკის მოსახლეობამ მარნეულის მერიასა და საკრებულოს კოლექტიური წერილით მიმართა, რომლითაც მათი სოფლისთვის ახალი სახელწოდების შერჩევის პროცესში მათ ჩართვას ითხოვდნენ და თვითმმართველობას სოფლის სახელწოდებად „მამეის“ სთავაზობდნენ, რაც მათი განმარტებით, აღნიშნული სოფლის ისტორიული სახელწოდებაა, რომელიც 1949 წელს საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიცვალა, როგორც „კიროვკა“.

„აღსანიშნავია, რომ ამ პროცესის პარალელურად მოსახლეობა შეხვდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ კენან ომაროვს და სთხოვეს მხარდაჭერა ამ პროცესში. სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მერი დახმარებას შეჰპირდა. ამასთანავე, ითხოვა დამატებითი დრო. თუმცა, რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ, პლატფორმა სალამის და სხვა აქტივსტების მხარდაჭერით, მოსახლეობამ გადაწყვიტა სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით დასახლების საერთო კრების ორგანიზება.

ამ მიზნით, 7 ივლისს სოფლის საინიციატივო ჯგუფმა წერილობით მიმართა თვითმმართველ ორგანოს, რათა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტს მოსახლეობისთვის უნდა გადაეცა საჭირო დოკუმენტები დასახლების საერთო კრების ჩატარების მიზნით, სადაც სოფლის დასახელების საკითხი იქნებოდა განხილული.

აღნიშნული წერილზე პასუხად საინიციატივო ჯგუფმა მერიისგან მიიღო კითხვები, თუ რა ეტიმოლოგია აქვს სახელწოდება „მამეის“, წარმოადგენს თუ არა “მამეი” საზოგადო ან სახელმწიფო მოღვაწის სახელს? თუ რატომ უნდოდათ მათ სოფლის სახელწოდებად “მამეი”, რა დამსახურება ჰქონდა “მამეის” საქართველოს წინაშე?“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, აღნიშნული პასუხის მიღების შემდეგ, 19 ივლისს, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ მიმართეს თვითმმართველობას, რომ აღნიშნულ კითხვებშ პასუხები გაეცემა დასახლების საერთო კრების ჩატარების პროცესში, ხოლო ამ ეტაპზე მოსახლეობის მოთხოვნა იყო დასახლების საერთო კრების ჩატარება.

ორგანიზაციის თანახმად, ამ დრომდე ადგილობრივ თვითმმართველობას ამ საკითხზე რეაგირება არ მოუხდენია.

მასალების გადაბეჭდვის წესი