ახალი ამბები

ენმ-ის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, მათი აქტივისტი დაჭრეს

4 ნოემბერი, 2023 •
ენმ-ის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, მათი აქტივისტი დაჭრეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი „მთავარ არხთან“ აცხადებს, რომ მათი პარტიის აქტივისტი ჰუმბათ ჯალილოვი დაჭრეს.

ტელეკომპანიისთვის მიცემულ კომენტარში, რომელიც ასევე „მთავარი არხის“ მიერაა თარგმნილი, ქარიმოვი ამბობს, რომ ენმ-ის აქტივისტს თავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაესხნენ, კონფლიქტი კი 2020 წლის არჩევნებზე დაწყებული დაპირისპირების გაგრძელებაა:

„დღეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები ჩვენს აქტივისტს თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს. „ქართული ოცნება“ ამით „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერების დაშინებას ცდილობს, თუმცა ასეთი დაშინებებით ვერაფერს მიაღწევენ. დღეს მომხდარი ინციდენტი 2020 წლის არჩევნებზე მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა მაშინ ჯალილოვმა „ქართული ოცნების“ აქტივისტი გაყალბების ფაქტზე ამხილა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოყვა, რომელიც დღემდე გრძელდება. ვითხოვთ დამნაშავე მთელი სიმკაცრით დაისაჯოს,“ — ამბობს ენმ-ის მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე „მთავარი არხის“ მიხედვით.

ტელეკომპანია ასევე ესაუბრა დაშავებულის ნათესავს, რომელიც აცხადებს, რომ ჰუმბათ ჯალილოვი ფეხშია დაჭრილი. არსებული ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და პირი, რომელმაც სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

განახლება 20:00 — სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ნეტგაზეთს“ ჩვენი კითხვის საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მომხდარზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი