ახალი ამბები

როგორ მუშაობს პარლამენტი — “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიში

26 ივლისი, 2022 •
როგორ მუშაობს პარლამენტი — “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიში

საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე 766 860 ლარი დაიხარჯა, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება კი პარლამენტის 53-მა წევრმა საერთოდ არ გამოიყენა — აღნიშნულის შესახებ ნათქვამია მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშში, რომელიც “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ” მოამზადა.

ორგანიზაციის შეფასებით, მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი დაძაბული იყო პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რაც უარყოფითად აისახა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაზე.

“პარლამენტმა ვერ შეძლო, ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი;

ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში.

პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას”, — ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 21 წევრს, რომელთაგან 10 არის უმრავლესობის წარმომადგენელი:

  • სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე;

ხოლო 11 — ოპოზიციის:

  • გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე,  რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს, აქედან 1 უმრავლესობის წევრია(სუმბატ კიურეღიანი), ხოლო 11 — ზემოხსენებული ოპოზიციონერი დეპუტატები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 11 ოპოზიციონერიდან ორს — ნათელაშვილსა და ხოშტარიას — საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

ორგანიზაციამ ასევე დათვალა, რომელი დეპუტატები ლიდერობენ როგორც პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებით, ისე კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენებით. მონაცემები ასეთია:

ორგანიზაციის მონაცემებით, პარლამენტის 59 წევრს(საიდანაც 2 უმრავლესობის დეპუტატია, ხოლო დანარჩენი ოპოზიციას წარმოადგენს), საერთო ჯამში, ხელფასიდან 1105617.42 ლარი დაუკავდათ. მიზეზი, ძირითად შემთხვევებში, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენაა.

ანგარიშში მიმოხილულია საკანონმდებლო ცვლილებებიც. ორგანიზაციის მიერ პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა:

  • დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვისათვის აუცილებელ ხმათა რაოდენობების გაზრდა;
  • 2 წევრისგან შექმნილი პოლიტიკური ჯგუფისათვის ფრაქციის უფლებების მინიჭება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა;
  • საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისათვის დეკლარაციის შევსების ვალდებულების დაკისრება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” პოზიტიურად აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაზრდასა და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ზოგიერთი საკითხს მოიცავს, თუმცა მიუთითებს, რომ ხსენებული ცვლილებები დახვეწას საჭიროებს.

ორგანიზაცია ნეგატიურად აფასებს შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს:

  • ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის შეცვლა;
  • სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია;
  • საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები;
  • პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვისას პარლამენტი არ უზრუნველყოფდა სამოქალაქო საზოგადოების და ექსპერტების ჩართულობას.

“გაგრძელდა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის პრაქტიკა და კანონპროექტების განხილვის ვადის გაგრძელებამ სისტემატური ხასიათი მიიღო.

დაჩქარებული წესით პარლამენტმა 95 კანონის პროექტი მიიღო. 46 საკანონმდებლო პაკეტთან (242 კანონის პროექტი) დაკავშირებით ვადა 94-ჯერ გაგრძელდა; განხილვის ვადა ყველაზე მეტჯერ (5-ჯერ) გაუგრძელდა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს და აღსრულების კოდექსს”, — წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის თანახმად, პარლამენტის ბიუროს, ჯამში, წარედგინა 122 საკანონმდებლო წინადადება. აქედან 7 კომიტეტებმა მოიწონეს, მათ შორის, ისეთებიც, “რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელის შემშლელია და რომელთა ავტორებიც ლიბერალური ჯგუფების მიმართ რადიკალური რიტორიკით გამოირჩევიან”.

საპარლამენტო კონტროლის ნაწილში ანგარიშის ავტორები დასძენენ, რომ მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდნენ პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას: მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს, არ ესწრებოდნენ ოპოზიციური ფრაქციების მოწვევით კომიტეტის სხდომებს.

“პასუხი არ გაეცა 256 სადეპუტატო კითხვას, რომელთა უმეტესობის ავტორი ოპოზიციის წარმომადგენელი იყო; ოპოზიციურმა ფრაქციებმა ანგარიშვალდებული პირები კომიტეტის სხდომაზე 12-ჯერ დაიბარეს და მოსმენა არცერთ შემთხვევაში არ შედგა”, — აღნიშნავენ ავტორები.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის პარლამენტის შენობაში შესვლა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა:

“ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება”.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება და პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა

  • უმნიშვნელოვანესია 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების, კერძოდ, ოპოზიციის როლის გაძლიერებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება. რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო მონაწილეობა და ოპოზიციის წევრების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს;
  • ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან კონსენსუსის გზით გადაწყვეტილების მიღების წესი.

საკანონმდებლო პროცესი

  • მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტების განხილვა რეგლამენტით დადგენილ ვადაში ხორციელდებოდეს და არ ხდებოდეს კანონპროექტების განხილვის ვადის არგუმენტაციის გარეშე გაგრძელება;
  • განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივების დაჩქარებული წესით განხილვა. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტთა ჩართულობა;

საპარლამენტო კონტროლი

  • ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს;
  • აუცილებელია გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი. ნდობის ჯგუფი უნდა დაკომპლექტდეს სრულად და ოპოზიციურ ფრაქციებს უნდა მიეცეთ რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებით ნდობის ჯგუფში გაწევრიანების საშუალება;
  • თემატური მოკვლევის ჯგუფი აქტიურად უნდა ახორციელებდეს ანგარიშვალდებული პირების მიერ რეკომენდაციების შესრულების ზედამხედველობას.

პარლამენტის ანგარიშვალდებულება და ღიაობა

  • მნიშვნელოვანია, პარლამენტის შენობაში შესვლაზე დაუსაბუთებელ უარს არ ეუბნებოდნენ მოქალაქეებს. სასურველია, გადაიდგას ნაბიჯები პარლამენტში საშვების სისტემის გაუქმების მიმართულებით;
  • პარლამენტმა დროულად უნდა დააკომპლექტოს ეთიკის საბჭო;
  • საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შესახებ ინფორმაცია, კონტროლის შედეგები და მასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების სხდომებზე მიწვევის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად უნდა ქვეყნდებოდეს პარლამენტის ახალ ვებგვერდზე, რომელიც შემდგომ დახვეწას საჭიროებს.

ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი