ახალი ამბები

“აგვიხსნან, რა ბედი ელის ამ სიწმინდეებს” — დაპირისპირება ხელოვნების მუზეუმთან

1 ივნისი, 2022 • 1254
“აგვიხსნან, რა ბედი ელის ამ სიწმინდეებს” — დაპირისპირება ხელოვნების მუზეუმთან

პირველ ივნისს თბილისში, ხელოვნების მუზეუმთან, მოქალაქეთა ჯგუფსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მისული პირები, რომლებიც ითხოვდნენ მუზეუმში დაცული ანჩის ხატის ეკლესიისთვის დაბრუნებას, აღნიშნავდნენ, რომ შენობიდან “სიწმინდეები” გადააქვთ.

ისინი სახელმწიფოს მოუწოდებდნენ, განემარტა, როგორ გადააქვთ მუზეუმიდან რიგი ექსპონატები და რა ბედი ელის უშუალოდ ანჩის ხატს. მუზეუმთან განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქოდან გამოეხმაურნენ, კულტურის სამინისტრომ კი ექსპონატების გატანის პროცესზე განცხადება გაავრცელა.

რა მოხდა მუზეუმთან

“…როგორც ეტყობა, მუზეუმის თანამშრომლების და ვიღაცების ინიციატივით, უნდათ, ეს სიწმინდეები გადაიტანონ გვერდზე, ეროვნულ მუზეუმში.

არ აგვიხსნეს, ან რა გადააქვთ, ან სად გადააქვთ, ან როგორი მანქანით გადაიტანეს”, — დასძინა ხელოვნების მუზეუმთან მისულმა ზაზა ნანობაშვილმა, რომელმაც თავი “ანჩის ხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის” ხელმძღვანელად წარადგინა.

მისი თქმით, მუზეუმიდან ექსპონატების გადატანის პროცესი საჯარო უნდა იყოს, მეორე მხრივ კი, სახელმწიფომ ნათელი უნდა მოჰფინოს, რას პასუხობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წერილს, რომლითაც ილია მეორე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ანჩის ხატის ეკლესიაში დაბრუნებას სთხოვს.

“ვდგავართ აქ, სანამ არ გაგვცემენ პასუხს, რა ბედი ელის ამ სიწმინდეებს, არ აგვიხსნიან, რა პროექტით უნდა გადაასვენონ [ისინი] და ანჩის ხატზე პატრიარქის წერილზე პასუხს აძლევენ თუ არ აძლევენ, სანამ პასუხი არ იქნება, იქამდე აქედან არ დავიშლებით”, — განაცხადა ზაზა ნანობაშვილმა.

მუზეუმთან მომხდარი დაპირისპირების დროს პირს პოლიციის მანქანაში სვამენ. სქრინი ვიდეოდან 

დღის განმავლობაში ადგილზე ნანობაშვილის თანამოაზრეებიც მივიდნენ. მუზეუმთან მობილიზებულმა პოლიციამ მუზეუმთან შეკრებილებს შენობის შესასვლელში გაჩერების საშუალება არ მისცა, რასაც გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა, როცა მუზეუმის შესასვლელთან თეთრი მიკროავტობუსი გამოჩნდა, რომელშიც ყუთებს ათავსებდნენ.

კადრებში ჩანს, როგორ სვამენ პოლიციის მანქანაში მინიმუმ 1 პირს. შსს-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ არავინ დაუკავებიათ. მოქალაქეთა ჯგუფი მუზეუმის მიმდებარედ დაპირისპირების შემდეგაც დარჩა გარკვეული პერიოდით.

კულტურის სამინისტროს განცხადება

ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გადატანის საკითხზე კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება ადასტურებს, რომ ექსპონატების ევაკუაციის პროცესი დღეიდან იწყება და ამბობს, რომ პროცესი შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით წარიმართება.

სამინისტრო კვლავ აღნიშნავს, რომ შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია, რის გამოც მუზეუმის სრულად გამაგრებისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის მუშაობს:

“…აუცილებელ პირობად მივიჩნევთ, რომ დაგეგმილი სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, უმოკლეს ვადებში დაიწყოს შენობის დაცლა და ფონდების, მათ შორის საგანძურის, დროებითი ევაკუაცია ალტერნატიულ უსაფრთხო სივრცეში”.

უწყების თქმით, ვინაიდან სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით “სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში არსებული საეკლესიო საგანძური სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ზრუნვის საგანს” წარმოადგენს, ხელოვნების მუზეუმის საგანძურთან დაკავშირებული ყოველგვარი ქმედება “ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და მის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეთანხმებით”.

“ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს მიმდინარე პროცესებზე როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის სრულ პასუხისმგებლობას, ნდობას პროცესისადმი და ურთიერთშეთანხმებულ ქმედებებს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

მუზეუმთან მისულ მიკროავტობუსს პოლიციის თანხლებით ტვირთავდნენ. სქრინი ვიდეოდან

სამინისტროს თქმით, “უცხოელი ექსპერტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით” ბოლო რამდენიმე დღეა მიმდინარეობს მუშაობა იმ ექსპონატების პრევენციულ კონსერვაციაზე, რომელთა მდგომარეობა საჭიროებდა გადაუდებელ დახმარებას მათ ტრანსპორტირებამდე.

“აღვნიშნავთ, რომ შემუშავებულია რეკომენდაციები საგანძურის ექსპონატების შესაბამის სივრცეებში ეტაპობრივად, უსაფრთხოდ გადატანასა და განთავსებასთან დაკავშირებით. არაერთი ექსპონატი ტრანსპორტირებისათვის მზადაა, ხოლო ევაკუაციის პროცესი ეტაპობრივად უკვე დღეიდან დაიწყება.

მუზეუმის შენობის დაცლის პროცესის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ოქტომბრამდე”, — წერია განცხადებაში.

სამინისტროს სიტყვებით, საგანძურის ექსპონატებს, საპატრიარქოს წარმომადგენლების “მოსაზრების საფუძველზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ყოფილ სივრცეში გადაიტანენ, რომელიც ხელოვნების მუზეუმს გადაეცა სარგებლობაში. .

უწყების თქმით, შენობაში შესაბამისი სისტემები დამონტაჟებულია, კოლექციის გადაადგილების პროცესი კი ხორციელდება საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით, ასევე, უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს მონაწილეობით.

ცნობილია, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობას გარედან ლიფტს მიუშენებენ, რამდენიმე სართულის რეაბილიტაციისთვის კი კულტურის სამინისტრო დაახლოებით 10 მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფ შენობაში წლების განმავლობაში საქართველოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები ინახებოდა. შენობა რომ ავარიულია, ამაში კულტურის სამინისტრო წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“ნანობაშვილისთვის არავის დაუვალებია ანჩის ხატის პატრონობა”

პირველ ივნისს ხელოვნების მუზეუმთან განვითარებულ პროცესებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა.

მან გააკრიტიკა “ანჩის ხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფის” ხელმძღვანელი ზაზა ნანობაშვილი და თქვა, რომ მისთვის არავის დაუვალებია ხსენებული ხატის პატრონობა.

“ზაზა ნანობაშვილისთვის არავის დაუვალებია ანჩის ხატის პატრონობა, გადატანა ან გადმოტანა, საკუთარ თავს თავად დაავალა და სარგებლობს ამ გამოგონილი სტატუსით, აწყობს რიგ დესტრუქციებს, როგორც ანჩისხატის ტაძარში, ასევე, ქუჩებში”, — წერს დეკანოზი ფეისბუკზე.

ანჩის ხატი, როგორც გამორჩეული ექსპონატი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, სპეციალურად აღჭურვილ ოთახში, წლების განმავლობაში ინახებოდა.

წლების მანძილზე საქართველოს საპატრიარქო და მასთან დაახლოებული პირები ხატის ეკლესიისთვის გადაცემას ითხოვენ, გასული წლის 3 აგვისტოს კი საპატრიარქომ ირაკლი ღარიბაშვილს ეს  ოფიციალური წერილით სთხოვა.

აღნიშნულ წერილში, რომელზეც ილია მეორის ხელმოწერაა, ნახსენებია დეკანოზ ჯაღმაიძის კრიტიკის ობიექტი ზაზა ნანობაშვილიც, რომელმაც, როგორც ტექსტში წერია, “დიდი სამუშაოები ჩაატარა” ანჩის ხატის ეკლესიისთვის გადაცემის კუთხით.

ანჩის ხატის ეკლესიისთვის გადაცემის მომხრეებს სურთ, ის თბილისში მოქმედ ანჩის ხატის ტაძარში განთავსდეს. საპატრიარქოს წერილში ნახსენებია “ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი”, რომელიც “გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით” დამზადდა და ანჩის ხატის ტაძარში დამონტაჟდა.

ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ხატის გადატანასა და მის ეკლესიაში განთავსებას სარისკოდ მიიჩნევს.

ზოგიერთი მათგანი ფიქრობს იმასაც, რომ თუ სახელმწიფო ეკლესიის თხოვნას დათანხმდება, ანალოგიური მოთხოვნა შემდგომში სხვა ექსპონატებთან მიმართებაშიც გაჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი